ამინდი 27 აპრილს
14 სენატორი ირაკლი კობახიძეს - თუ კანონპროექტი მიღებული იქნება, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები
ლოიდ ოსტინი - აშშ უკრაინისთვის 6 მილიარდი დოლარის ოდენობის ყველაზე დიდ სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს
ენტონი ბლინკენი - რუსეთის ომის მხარდაჭერის შემთხვევაში აშშ ჩინეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებისთვის არის მზად
თუ ამ კანონს მიიღებენ, ფრაქცია "ქართულ ოცნებას" დავტოვებ - საკრებულოს დეპუტატი თელავიდან
ლევან ხაბეიშვილი - 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა
ნატალი საბანაძე - ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ალბათ, იქნება ყველაზე ბოლო ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება ევროკავშირმა აამუშაოს
ცესკომ საჯარო რეესტრის სააგენტოს გადაწყვეტილებამდე, "ქართული იდეის" საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურების განხილვა შეაჩერა, რომელთანაც "ალტ ინფოა" გაერთიანებული

ლელა ჯეჯელავა: უპრეცედენტო ზარალი მიადგა ისრაელის უსაფრთხოებას, ეს კი ქვეყნაში არსებული შიდა პოლარიზაციით იყო გამოწვეული

10.11.2023 | 12:33 ნახვები: 673

ახალი თაობის“ კითხვებს ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა პასუხობს.

- ქალბატონო ლელა, როგორ აფასებთ ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს? საკმაოდ რთული ვითარებაა მთელ მსოფლიოში. კიდევ ერთი ცხელი წერტილი ისრაელია. რა პროცესებთან გვაქვს საქმე და რამდენად სახიფათო სიტუაციაა?

- სახიფათო სიტუაცია ნამდვილად არის. რეალურად არავის შეუძლია წინასწარ განსაზღვროს, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. შესაძლოა, ყველაფერი დამთავრდეს ძალიან მალე, მაგრამ შეიძლება ეს იყოს გრძელვადიანი კიდევ ერთი ცხელი წერტილი, რაც, რასაკვირველია, საგრძნობლად შეცვლის ვითარებას მთელ რეგიონშიც და საერთაშორისო პოლიტიკაშიც. ჯერჯერობით, მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ეს კონფლიქტები, რომელიც ახლა არის უკრაინასა და ისრაელში, ბევრად უფრო ღრმა შინაარსის მქონეა, ვიდრე მხოლოდ პოლიტიკური კონფლიქტი, მხოლოდ რელიგიური ან რაიმე ეთნოკონფლიქტი. ეს ცივილიზაციური დაპირისპირებების გამოვლინებაა.

- ქალბატონო ლელა, რამდენად მასშტაბური შეიძლება გახდეს ეს ომი? ირანისკენ მიდის ისრების გადატანა, თუკი მართლაც გამოიკვეთა ირანის დანაშაული, რამდენად დამძიმდება სურათი და გაჩნდება ახალი კერები?

- შევეცდები, ჩემი სუბიექტური მოსაზრება ძალიან ფრთხილად გაგიზიაროთ. მე მეჩვენება, რომ ეს იყო ძალების მოსინჯვა სწორედ იმ ღერძის მიერ, რომელიც არის ჩინეთი-რუსეთი-ირანის სახით. რამდენად შეძლებდა ცივილიზებული სამყარო რეაგირებას და როგორ გაუმკლავდებოდა კიდევ ერთი ცხელი წერტილის გაჩენას, დაიხევდა თუ არა უკან და იქნებოდა თუ არა ისეთი მყისიერი რეაქცია, როგორიც იყო შეერთებული შტატებიდან და როგორიც იყო დასავლეთის სხვა ქვეყნებიდან.

- ანუ რუსეთის ინტერესიც იკვეთება ამ ყველაფერში?

- ეს არის სწორედ ამ ხაზის ინტერესი. როდესაც მე ვამბობ ცივილიზაციური დაპირისპირებაა-თქო, ახლა რუსეთი, ჩინეთი და ირანი თითქოს სრულიად სხვადასხვა კულტურებსა და ცივილიზაციებს მიეკუთვნებიან, მაგრამ ეს არის მენტალური დაპირისპირება. ადამიანის თავისუფლების გამოხატვაზე გადის ეს დაპირისპირება. დასავლური ცივილიზაციის მთავარი ღირებულება არის ადამიანის თავისუფლება, ხოლო არის ქვეყნები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ადამიანი უნდა იყოს მაქსიმალურად დათრგუნული. ეს დაპირისპირება მიდის ახლა ტოტალიტარულ რეჟიმებსა და თავისუფალ სამყაროს შორის. სწორედ აქედან გამომდინარე, ვვარაუდობ, რომ ეს იქნება ძალიან ცხელი ფაზა, ძალიან ბევრ ადგილას შეიძლება იჩინოს ახალმა კონფლიქტმა თავი, ვინაიდან ტენდენციები უკვე იკვეთება. მე უფრო ოპტიმისტურად ვუყურებ ამ ყველაფერს.

- რას იტყვით ირანზე?

- ირანს აქვს ძალიან დიდი პრობლემები ქვეყნის შიგნით. დღეს ირანის მოსახლეობაში განწყობები ისეთია, რომ მათ ნამდვილად არ სურთ, ირანი ასეთ დაპირისპირებაში იყოს ჩართული. ამიტომ თუკი ირანის ხელისუფლება გადაწყვეტს, მაინც ჩაერთოს ამ დაპირისპირებაში, მას შიგნით ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნება. ამას ძალიან კარგად აცნობიერებენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ თავს შეიკავებენ. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია არაბული სამყაროს როლი. იორდანიამ უკვე ღიად გამოაცხადა, რომ ის ამერიკას მისცემს შესაძლებლობას, ბაზირება გააკეთოს იორდანიის ტერიტორიაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში მართლაც სერიოზული მასშტაბის ნაბიჯები იდგმებოდა, რომ იტყვიან, ამ ბიბლიური კონფლიქტის დასაძლევად, მაგრამ როგორც ჩანს, არიან ძალები, რომელთა არსებობაც მხოლოდ დესტრუქციაზეა დამყარებული.

- კონკრეტულმა ძალებმა წააქეზეს და ახლა მიატოვესო. ასეთი შეფასებებიც მოვისმინეთ.

- ჯერ არ ვიცით, ვერ ვიტყვით, ბოლომდე მიატოვეს თუ არ მიატოვეს. თუმცა, თუ პრაგმატულად შევხედავთ, ჰამასი ირანისთვისაც ტვირთი იყო. ეს არ არის ჰეზბოლა. ამიტომ არ არის გამორიცხული, ჰამასი მართლაც მსხვერპლი აღმოჩნდეს ამ ყველაფრისა და ირანმა მართლაც შეიკავოს თავი უშუალოდ ჩართვისგან. მე მაინც მგონია, რომ ის თავს შეიკავებს, ბევრი მიზეზის გამო. ერთ-ერთი უპირველესი კი არის შიდა პოლიტიკური პროცესები, რომელიც ახლა ირანში მიდის. ზოგადად, იქ, სადაც საზოგადოება არის პოლარიზებული, არ არის ერთიანი მუხტი, არის ძალიან ადვილად მოწყვლადი. დღეს თუ რამეზე საუბრობენ ისრაელში ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ეს არის ის დაპირისპირება, რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში შეიქმნა გარკვეულ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით. ისეთი ძლიერი სახელმწიფოც კი, როგორიც ისრაელია, მოწყვლადი გახდა გარკვეული თვალსაზრისით და აქამდე უპრეცედენტო ზარალი განიცადა. უპრეცედენტო ზარალი მიადგა ისრაელის უსაფრთხოებას, ამის მსგავსი არ ყოფილა 50 წლის წინანდელი ქიფურის ომის შემდეგ. ეს კი გამოწვეული იყო იმ შიდა პოლარიზაციით, რომელიც ქვეყანაში არსებობდა.

- ქალბატონო ლელა, რას იტყვით ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულებასა და პასუხისმგებლობაზე ამ ყველაფერთან დაკავშირებით? კი, გასაგებია, რომ „აირზენა“ კერძო კომპანიაა, მაგრამ როდესაც საქმე შენს მოქალაქეებს, მათ უსაფრთხოებას ეხება და ხუთჯერ და ათჯერ უძვირებ სამგზავრო ბილეთს, იმის ნაცვლად, რომ სრულიად უფასოდ წამოიყვანო. რა ხდება, რა პოლიტიკაა ეს? რატომ ბედავს ამდენს თუნდაც კერძო კომპანიის მფლობელი?

- კერძო კომპანიის მფლობელმა ჩვენ გვითხრა, რომ ის ბატონი ბიძინა ივანიშვილის კერძო კომპანია და ღარიბაშვილის მეგობარია. აი, მხოლოდ ამიტომ ბედავს. რაც შეეხება წერილს, რომელიც ამ კომპანიამ გამოაქვეყნა, საზოგადოების რეაქციის პასუხად, ამბობს აბსოლუტურად ყველაფერს. ამ წერილში არის გადმოცემული ამ ხელისუფლების შიგთავსი რაც არის, რასაც წარმოადგენს. სამწუხაროდ, მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ყოველგვარი ზიგზაგების გარეშე, რომ ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება, თავისი მენტალობით არის სწორედ იმ პლატფორმის ნაწილი, რომელიც გახლავთ რუსეთი, ჩინეთი და ირანი! ნამდვილად ასეა და ეს წერილი კიდევ ერთი დადასტურება იყო იმისა, რასაც მე გეუბნებით!

- და ამ ფონზე ველოდებით კანდიდატის სტატუსს?

- მე არ ვიცი, ვინ ელოდება კანდიდატის სტატუსს. მე არ ვიცი ხელისუფლება, რომელიც ჩინეთთან სტრატეგიულ ხელშეკრულებაში, შავით თეთრზე წერს, რომ იწონებს ჩინეთის გლობალური უსაფრთხოების პროექტს, რომელიც სრულიად გამორიცხავს ევროატლანტიკურ დომინაციას, რომ მიესალმება ჩინეთის სისტემის გამოცდილებას და იქვე ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ აქტიურად ითანამშრომლებს კომუნისტურ პარტიასთან, ამის მერე რატომ ელოდება კანდიდატის სტატუსს, იქნებ ვინმემ გამაგებინოს?! ეს ხელისუფლება რომ კანდიდატის სტატუსს ელოდება, ეს არის დაცინვა ჩვენიც, ევროკავშირისაც და საერთოდ ყველასი! პაპუაშვილის წერილის შემდეგ, როდესაც მან განაცხადა, ევროკავშირმა გადმოგვცეს კეზერაშვილი, იმიტომ, რომ ის კრიტიკულ ტელევიზია „ფორმულას“ აფინანსებსო, ამის მერე, ვინმე გონიერს კიდევ სჯერა, რომ ესენი ევროკავშირის სტატუსს იმსახურებენ? ან რატომ ელოდებიან სტატუსს, მათ რა უნდა აკეთონ ევროკავშირში?! მათ აქვთ აზროვნების სრულიად სხვა წყობა! ეს მათი ბრალი კი არ არის, ასეთები არიან.

ავტორი: ნონა ცაბაძე

„ახალი თაობა“

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა