შალვა პაპუაშვილი - არ ვაპირებ, დეპუტატებს სააკაშვილთან შესვლის უფლება მივცე, რადგან კარგი შედეგია, სააკაშვილი, როგორც თავად ამტკიცებდა, განუკურნებელი დაავადებებისგანაც კი განიკურნა
თიბისის მხარდაჭერით, თბილისი ჰილსში განსხვავებული კონცეფციის აპარტამენტების მშენებლობა იწყება
In Donetsk region, 3,144 children still live in communities along frontline
UK Defense Secretary calls on Europe not to impose restrictions on trade with Ukraine
Russia’s combat losses in Ukraine up to almost 440K
War update: 60 combat clashes in Ukraine past day
Black Sea Arena- BSA.ge-ზე მხოლოდ Star Ring კატეგორიის ბილეთები იქნება ხელმისაწვდომი, TKT.ge-ზე კი ყველა კატეგორიის ბილეთის შეძენა იქნება შესაძლებელი
ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, 3 უახლესი SHUTTLE BUS ივლის

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მეფე ერეკლე მეორის ეპოქაში

11.07.2022 | 10:01 ნახვები: 1140

ქართული სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთმიმართება განსაკუთრებულად გამორჩეული და ამჟამინდელისგან ერთგვარად განსხვავებული იყო ქართული მონარქიის არსებობის პირობებში, როდესაც ერთიანი საქართველოსა და შემდეგ ქართული სამეფოების სათავეში იმყოფებოდნენ ქრისტიანული წესით ნაკურთხი მირონცხებული მეფენი.

სამწუხაროდ, ჩვენი სამშობლოს სვეგამწარებულობის მიზეზით, მე-17 საუკუნის დასაწყისიდან დადგა ჟამი, როდესაც ქრისტიანული წესით ნაკურთხი მეფე აღარ ზეობდა ქართლში. 1744 წელს კი აღმობრწყინდა სიხარული ქართველთა შორის და ქრისტიანული წესით მოხდა მეფეთა კურთხევა, ქართლის ტახტზე – თეიმურაზ მეორისა, ხოლო კახეთის ტახტზე, მისი ძის – ერეკლე მეორის, რომელიც 1744 წლიდან – კახეთის და 1762 წლიდან გარდაცვალებამდე (1798 წ.) ქართლ-კახეთის მეფე იყო.

ერეკლე მეორის ზეობის ეპოქაში, საქართველოში, ისტორიული ტრადიციის თანახმად არსებობდა ორი ავტოკეფალური საკათოლიკოსო-საპატრიარქო: ზემო ივერიისა (მცხეთის ანუ ქართლის საკათოლიკოსო ტახტი) და ქვემო ივერიის (ბიჭვინთა-გელათის ანუ აფხაზეთისა და ლიხთ-იმერეთის საკათოლიკოსო ტახტი).

ერეკლეს მეორის მეფობის პერიოდში საქართველოში მამამთავრობდნენ კათოლიკოს-პატრიარქები: მცხეთის ტახტზე – ნიკოლოზ მეათე (ხერხეულიძე), ანტონ პირველი (ბაგრატიონი), იოსები (ჯანდიერიშვილი), კვლავ ანტონ პირველი (ბაგრატიონი) და ანტონ მეორე (ბაგრატიონი), ხოლო ბიჭვინთა-გელათის ტახტზე – ბესარიონ მეორე, იოსები (ბაგრატიონი), მაქსიმე მეორე (აბაშიძე) და დასავლეთ საქართველოს საკათოლიკოსოს გამგებელი, ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოსი (წერეთელი).

კათოლიკოს-პატრიარქი ნიკოლოზ მეათე მამამთავრობდა 1742-1744 წლებში. სამწუხაროდ, ის 1744 წელს მოკლა მუსლიმყოფილმა ვინმე ტარიელ თაზიშვილმა.

1744 წელს გაიმართა საეკლესიო კრება, რომელმაც ქართლის კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია მიტროპოლიტი ანტონი (ძე ქართლის მეფისა იესესი). აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 1742 წლის იანვარში, კათოლიკოსმა დომენტი მეექვსემ თავის მემკვიდრედ დაასახელა ახალგაზრდა მიტროპოლიტი ანტონი და იმავე წელს მოწვეულმა საეკლესიო კრებამ იგი აირჩია კიდევაც კათოლიკოსად, თუმცა, თავად მან განაცხადა უარი, რომ დაეკავებინა საკათოლიკოსო ტახტი. კათოლიკოს-პატრიარქ ნიკოლოზ მეათის გარდაცვალების შემდეგ კი საეკლესიო კრების გადაწყვეტილების თანახმად, 1744 წელს საკათოლიკოსო ტახტზე აღსაყდრდა კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ პირველი. სწორედ მან მოიწვია საეკლესიო კრება, რომელმაც განაჩინა თეიმურაზ მეორის მეფედ კურთხევა ქრისტიანული წესით. აღსანიშნავია, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ პირველი და მეფე ერეკლე მეორე დაიბადნენ 1720 წლის შემოდგომაზე, ორივე გახლდნენ ბაგრატიონი და სამეფო წარმომავლობის და ორივე მათგანი აღსაყდრდა 1744 წელს, ერთი – საპატრიარქო ტახტზე, ხოლო მეორე – სამეფო ტახტზე.

საქართველოს ეკლესიაში 1748-1749 წლებში ჩატარდა საეკლესიო კრებები, რომელნიც შესაძლოა განვიხილოთ ერთ კრებად, დაწყება და გაგრძელება-დასრულება. აღნიშნულ კრებას მიზნად ჰქონდა დასახული, რომ ვინაიდან სამეფო ტახტზე აღდგა მირონცხებული მეფის ასვლა, ამიტომ იგივე მნიშვნელობისა ყოფილიყო, როგორც მეთორმეტე საუკუნის დასაწყისში მოწვეული რუის-ურბნისის საეკლესიო კრება. 1749 წლის კრებას კათოლიკოსმა ანტონ პირველმა წარუდგინა სკოლების გახსნის საკითხი. ამავე კრების გადაწყვეტილებით გაიხსნა სტამბა.

აღსანიშნავია, რომ ერეკლე მეორის მეფობის ჟამს და ანტონ პირველის პატრიარქობისას გაიხსნა თბილისისა და თელავის სასულიერო სემინარიები, პირველი – 1755 წელს, ხოლო მეორე – 1782 წელს.

ზოგადად, ჩვენი სამშობლოსა და ეკლესიის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეულია კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ პირველის პიროვნება და მოღვაწეობა, მთელი თავისი პერიპეტიებით.

ერისკაცობაში თეიმურაზ იესეს ძე ბაგრატიონი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაიბადა 1720 წელს. ის ბერად აღიკვეცა გელათის მონასტერში 1738 წელს და ეწოდა ანტონი. ერთ წელიწადში, 19 წლის ასაკში ხდება გელათის მონასტრის წინამძღვარი, ხოლო 1740 წელს, 20 წლის ასაკში, ხელდასხმული იქნა ეპისკოპოსად და დადგინდა ქუთათელ მიტროპოლიტად. 1743 წელს იგი ტოვებს ქუთაისის სამიტროპოლიტო კათედრას და დავით-გარეჯის მონასტერში მკვიდრდება… 1744 წელს 24 წლის ასაკში ის აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრდა.

კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ პირველი გახლდათ ღრმად განსწავლული პიროვნება, მამამთავარი და მეცნიერი… იგი მკვეთრად პროდასავლური საგარეო ორიენტაციის გახლდათ, რაც მიუღებელი იყო ქართლში არსებული პროირანული ორიენტაციის ქართველთა ბანაკისთვის, რომელსაც მეთაურობდა ზაქარია გაბაშვილი. ეს უკანასკნელი საკუთარ თავს თვლიდა მორწმუნე მართლმადიდებელ ქრისტეანად, თუმცა ირანული ძალების მყარ დასაყრდენად იქცა. კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ პირველი კი ევროპეიზმის გზას ადგა, რის გამოც აქტიური ურთიერთობები გააჩნდა კათოლიკე მისიონერებთან. აღნიშნული გარემოებით ისარგებლეს ქართლში არსებულმა პროირანულმა ძალებმა და კათოლიკოს-პატრიარქს კათოლიციზმის ფარულად მიღება დასწამეს. 1755 წლის 12 ან 16 დეკემბერსა და 1756 წლის 4 აპრილს მოიწვიეს საეკლესიო კრებები, რომელმაც ანტონ კათოლიკოსის მიერ თითქოს რომაულ-კათოლიკური აღმსარებლობის საკითხი განიხილა. სამწუხაროდ, ანტონ პირველი საპატრიარქო ტახტიდან დაამხეს… აღსანიშნავია, რომ კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ პირველის გადაყენების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად მეფე თეიმურაზ მეორის განზრახვა მიიჩნევა, რადგან თეიმურაზი სამეფო თვალსაზრისით მეტოქედ მიიჩნევდა ანტონ კათოლიკოსს… ქართლის საკათოლიკოსო ტახტზე აღსაყდრდა კათოლიკოს-პატრიარქი იოსები (ჯანდიერიშვილი), რომელიც დადებითი თვისებებისა და ღვაწლის მქონე მამამთავრად ხასიათდება, როგორც მოღვაწე კათოლიკოს-პატრიარქი, რომელმაც მონაზვნური ასკეტობაც არ დაუტევა.

იოსებ კათოლიკოსის მამამთავრობისას 1762 წლის 20 დეკემბერს მოწვეული იქნა საეკლესიო კრება, რომელმაც მიიღო „დადგენილება საეკლესიო კრებისა საეპისკოპოსოთა მართვის შესახებ“, რაც შეიცავს თერთმეტ მუხლს. აღნიშნული კრების დადგენილებას ხელს აწერენ მეფე ერეკლე მეორე და კათოლიკოსი იოსები.

რაც შეეხება საკათოლიკოსო საყდრიდან დამხობილ ანტონ პირველს, ის 1756 წელს რუსეთს გაემგზავრა, სადაც წმიდა სინოდის წინაშე მან დაადასტურა თავისი მართლმადიდებლური აღმსარებლობა. 1757 წლის 8 აგვისტოდან იგი ვლადიმირისა და იეროპოლის მთავარეპისკოპოსი გახდა. 1764 წელს, როდესაც მეფე თეიმურაზ მეორე უკვე გარდაცვლილი იყო, აწ ქართლ-კახეთის მეფემ, ერეკლე მეორემ სამშობლოში დააბრუნა დევნილი ანტონ პირველი… კათოლიკოს-პატრიარქი იოსები თავად გადადგა ტახტიდან ანტონ პირველის სასარგებლოდ და ახმეტაში გაემგზავრა. იოანე ბატონიშვილი იოსებ კათოლიკოსის შესახებ წერს, რომ მან კეთილად დამწყსო ეკლესია და შემდეგ დატოვა საპატრიარქო საყდარი. კათოლიკოს-პატრიარქი იოსები 1770 წელს მშვიდობით მიიცვალა.

1764 წელს მოწვეულმა საეკლესიო კრებამ კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ პირველი აღადგინა საპატრიარქო ტახტზე. ამ გადაწყვეტილების მოწინააღმდეგენიც გამოჩნდნენ, კვლავ ზაქარია გაბაშვილის მეთაურობით, თუმცა მათ ამჯერად ვერ მიაღწიეს საკუთარ საწადელს.

ანტონ კათოლიკოსის ტახტზე აღდგენის შემდგომ, 1768 წელს ერეკლე მეორისა და ანტონ პირველის ხელმოწერით გამოიცა „უწყებები“ სათაურით „ეპისკოპოსთა მიმართ, მათი უმაღლესობა და უკეთილმსახურესობა მეფე ირაკლი და მათი უწმიდესობა და უნეტარესობა პატრიარხი მეფის ძე ანტონი ესრეთ განვსაზღვრებთ, ვამცნებთ, მოვახსენებთ და უბრძანებთ ყოველთა საქართველოის მღვდელმთავართა და მწყემსთა ჭეშმარიტთა ესრეთ“, რომელიც ოცდათხუთმეტი მუხლისგან შედგება.

მეფე ერეკლესა და ანტონ კათოლიკოსის ზეობისას ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიას შორის გაფორმდა ცნობილი გეორგიევსკის ტრაქტატი, რომლის მერვე მუხლი საქართველოს ეკლესიის საკითხს შეეხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ერეკლე მეორეს სურდა, ათოლიკოსის წოდება და პატივი ყოველმხრივ ხელშეუვალი დარჩენილიყო, ტრაქტატში ჩაიწერა, რომ საქართველოს ეკლესიის მეთაური ირიცხებოდა რუსეთის ეკლესიის უწმიდესი სინოდის მერვე წევრად, რაც საეკლესიო სამართლის უხეში დარღვევაა, ვინაიდან ერთი ავტოკეფალური ეკლესიის მეთაური არცერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს სხვა ავტოკეფალური ეკლესიის სინოდის წევრი ან რაიმე ადმინისტრაციული ფორმით მასზე დამოკიდებული. სამწუხაროდ, ეს მუხლი, ისევე როგორც მთელი ტრაქტატი, მომავალში ძალზედ უარყოფითად მოუბრუნდა როგოც ჩვენს ქვეყანას, ისე საქართველოს ეკლესიას…

ანტონ პირველმა მრავალი ღვაწლი გასწია, როგორც საეკლესიო, ისე სამეცნიერო კუთხით და იგი 1788 წლის 12 მარტს აღესრულა, როგორც აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

შევნიშნავთ, რომ არავითარი საღმრთისმეტყველო-დოგმატური არგუმენტი არსებობს კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ პირველის მიერ რომაულ-კათოლიკური აღმსარებლობის მიღების შესახებ… ანტონ კათოლიკოსმა თავის მიერ დაარსებული თბილისისა და თელავის სასულიერო სემინარიებისთვის შეადგინა სასწავლო სახელმძღვანელოები, რომელთა საღვთისმეტყველო ნაწილი მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის იყო… გავრცელებული ინფორმაცია იყო მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული შეტევა ეკლესიის მეთაურის წინააღმდეგ, ნაკარნახევი პატრიარქ ანტონის ღრმა განსწავლულობისა და მისი პროდასავლური საგარეო ორიენტაციის გამო, რაც ხელს უშლიდა პროირანულ ძალებს, ქართველი ხალხისთვის ერთსულოვნად მოეხვიათ თავს ირანული სულისკვეთება!

ასევე ზემოთ აღნიშული გარემოება, რომ თავს დატეხილი უმძიმესი განსაცდელის შემდეგ, კათოლიკოს-პატრიარქყოფილი ანტონ პირველი მიემგზავრება მართლმადიდებლური აღმსარებლობის ქვეყანაში (და არა რომელიმე კათოლიკური აღმსარებლობის ქვეყანაში), სადაც ის წმიდა სინოდის წინაშე ადასტურებს თავის მართლმადიდებლობას, ხოლო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდი მას ერთ-ერთი ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად ადგენს, ამ არგუმენტითაც, ანტონ პირველი გახლდათ მართლმადიდებელი იერარქი.

აგრეთვე, ის ფაქტი, რომ ანტონ პირველი აღადგინეს საპატრიარქო ტახტზე და აღესრულა, როგორც მართლმადიდებელი მამამთავარი ჩვენი ეკლესიისა და ერის, ცხად-ჰყოფს: საქართველოს არავითარი გაკათოლიკებული კათოლიკოს-პატრიარქი ჰყავდა!

კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ პირველის გარდაცვალების შემდეგ ქართლის საკათოლიკოსო ტახტზე აღსაყდრდა კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ მეორე, რომელიც ანტონ პირველის მიერ აღზრდილი და განსწავლული იყო.

კათოლიკოსი ანტონ მეორე გახლდათ ასევე სამეფო წარმომავლობის – ერში თეიმურაზ ბაგრატიონი, ძე მეფე ერეკლე მეორისა და დარეჯან დედოფლის. იგი დაიბადა 1762 წლის 8 იანვარს, სწორედ, იმ დღეს, როდესაც რუსეთში აღესრულა მისი პაპა, მეფე თეიმურაზ მეორე.

ახალგაზრდა თეიმურაზ ბაგრატიონი აღიკვეცა მონაზვნად, მიიღო იეროდიაკვნად და მღვდელმონაზვნად ხელდასხმები. 1784 წელს პეტერბურგში შედგა მისი ეპისკოპოსად ქიროტონია. იმავე წელს მეუფე ანტონს დაუსწრებლად მიანიჭეს მიტროპოლიტის წოდება და დაადგინეს ალავერდელ მიტროპოლიტად. 1789 წლის 29 თებერვალს, 25 წლის ასაკში, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში იგი აღსაყდრდა კათოლიკოს-პატრიარქად. მოგვიანებით, ისევე, როგორც ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის, ასევე, კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ მეორის ხვედრიც ტრაგიკულად წარიმართა. 1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ, რუსეთის იმპერიის დღის წესრიგში დადგა საქართველოს უძველესი სამოციქულო ეკლესიის უძველესი ავტოკეფალიის უხეში ხელყოფის საკითხი. რუსეთის იმპერიისთვის უწმიდესი და უნეტარესი ანტონ მეორე მეტად მიუღებელ და საშიშ პერსონად აღიქმებოდა, როგორც მცხეთა-ქართლის დამოუკიდებელი საკათოლიკოსოს მეთაური და მეფის ძე… 1810 წლის 3 ნოემბერს კათოლიკოს-პატრიარქმა ანტონ მეორემ, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში უკანასკნელად აღასრულა საღმრთო ლიტურგია, გამოეთხოვა სამშობლოსა და რუსეთის იმპერატორის გაწვევით რუსეთს გაემგზავრა. 1811 წელს რუსეთის იმპერიამ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია ქართლის საკათოლიკოსო ტახტზე, გაუქმებულად გამოაცხადა. მიუხედავად მრავალგზის თხოვნისა, 1827 წელს ანტონ მეორე აღესრულა რუსეთში იმგვარად, რომ მას არც სამშობლოში დაბრუნება და არც მშობლიურ მიწაში დაკრძალვა აღირსეს…

რაც შეეხება იგივე ეპოქაში საქართველოს ეკლესიის აფხაზეთისა და ლიხთ-იმერეთის საკათოლიკოსოს, ეს პერიოდი ემთხვევა იმერეთის მეფეთა, ჯერ სოლომონ პირველის, ხოლო შემდეგ სოლომონ მეორის ზეობას.

ამ ხანის საქართველოს ეკლესიის ისტორიიდან მნიშვნელოვანია მეფე სოლომონ პირველის მიერ 1759 წელს მოწვეული საეკლესიო კრება, რომელმაც გარდა მნიშვნელოვანი სასულიერო დადგენილებებისა, მიიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, იმჟამინდელ იმერეთის სამეფოში გავრცელებული უსაშინლესი ეროვნული სენის „ტყვეთა სყიდვის“ საეკლესიო განკანონების საფუძველზე ოფიციალური აკრძალვის შესახებ.

ასევე, სოლომონ პირველის მეფობისას იმერეთში მოწვეული იქნა 1761 წლის 23 აპრილს კიდევ ერთი საეკლესიო კრება, რომელიც ხონის საეკლესიო კრების სახელით არის ცნობილი. ხსენებული ორივე კრებისას აფხაზეთისა და ლიხთ-იმერეთის საკათოლიკოსო ტახტზე იმყოფებოდა კათოლიკოს-პატრიარქი ბესარიონი.

1769-1776 წლებში დასავლეთ საქართველოს საკათოლიკოსოს მწყემსმთავრობდა კათოლიკოს-პატრიარქი იოსები (ბაგრატიონი), რომელიც იყო იმერეთის მეფის, ალექსანდრე მეხუთის ძე და იმერეთის მეფის, სოლომონ პირველის უფროსი ძმა.

1776 წლიდან აფხაზეთისა და ლიხთ-იმერეთის საკათოლიკოსო ტახტზე მამამთავრობდა კათოლიკოს-პატრიარქი მაქსიმე (აბაშიძე), რომელიც ელჩობისთვის გაემგზავრა 1792 წელს და სამ წელიწადში აღესრულა კიევში, სადაც იგი ასევე დაკრძალეს.

1792 წლიდან დასავლეთ საქართველოს საკათოლიკოსოს გამგებელი იყო ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოსი, რომელმაც 1781 წლიდან დაიკავა ქუთაისის უძველესი სამიტროპოლიტო კათედრა, ხოლო მაქსიმე კათოლიკოსის სამშობლოდან წასვლის შემდეგ იგი განაგებდა აფხაზეთის საკათოლიკოსოს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული ისტორიული დოკუმენტები მისი კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრების შესახებ, იგი თავად არასდროს იხსენიებს საკუთარ თავს პატრიარქად, არამედ ხელს აწერს, როგორც საკათოლიკოსოს გამგებელი და დღევანდელი მოცემულობით დადგენილია, რომ მისი კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრება არ მომხდარა. ქუთათელ მიტროპოლიტ დოსითეოსს (წერეთელი) აქტიურ თანადგომას უწევდა გაენათელი მიტროპოლიტი ეფთვიმე (შარვაშიძე). 1814 წელს რუსეთის იმპერიამ აფხაზეთის საკათოლიკოსოს ავტოკეფალიაც გააუქმა, რასაც საბოლოოდ 1820 წელს შეეწირნენ მიტროპოლიტები დოსითეოსი და ეფთვიმე, ისინი შეიპყრეს, ერთი გზაში შემოაკვდათ, ხოლო მეორე 1822 წელს აღესრულა რუსეთში გადასახლებაში მყოფი.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს მიერ წარმოდგენილი ეპოქიდან საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელმა ეკლესიამ ხუთი პიროვნება წმიდანებად შერაცხა: 2005 წლის 27 ივნისს – იმერეთის მეფე სოლომონ მეორე და მიტროპოლიტები დოსითეოს ქუთათელი და ეფთვიმე გაენათელი, 2011 წლის 11 ივლისს – აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ მეორე, 2016 წლის 22 დეკემბერს – იმერეთის მეფე სოლომონ პირველი.

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

 

 

 

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა