უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა დეტალურად აკვირდება ირანში განვითარებულ მოვლენებს.
მისი თქმით, სადაზვერვო სამსახურები და საგარეო საქმეთა სამინისტრო პარტნიორებთან კოორდინაციაში არიან.
„მნიშვნელოვანია, რომ ირანში ცვლილებების ეს შანსი სწორად იქნეს გამოყენებული. ირანელი ხალხი დიდი ხნის განმავლობაში მარტო იდგა რეჟიმის წინააღმდეგ და იტანდა ძალადობას“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ირანის ხელისუფლებამ „ბოლო რამდენიმე თვეში ათეულობით ათასი საკუთარი მოქალაქე მოკლა, რეგიონში ომებს უჭერდა მხარს, რუსეთს „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენ აპარატებსა და მათი წარმოების ტექნოლოგიებს აწვდიდა“.
ამასთან, როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინამ „ომის ყველაზე რთული ზამთარი“ გადალახა.
„დღეს ის დღეა, როდესაც თითოეულს შეგვიძლია, სამართლიანად ვთქვათ: ჩვენ გავიარეთ ეს ზამთარი, ყველაზე რთული. რუსებს სურდათ, ეს ზამთარი უკრაინისა და უკრაინელების გასანადგურებლად ექციათ, მაგრამ უკრაინა არ დანებდა. ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი ენერგეტიკული სისტემა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, რუსეთი ინფრასტრუქტურაზე ახალ შეტევებს ამზადებს.
„სადაზვერვო სამსახურები შესაბამის ინფორმაციას გვაწვდიან. ამიტომ გაზაფხულზეც იგივე კონცენტრაცია გვჭირდება, რაც ზამთარში გვქონდა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.