ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი და არა სავალდებულო - ეკატერინე ტიკარაძე
„არის საკვების მიღების პრეცედენტი“ - ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზე
„ოცნება“ 27 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე მასშტაბურ აქციას აანონსებს
„საწოლები აღარ გვეყოფა“ - ექიმი დამძიმებულ კოვიდვითარებაზე
თეა წულუკიანი მალთაყვის სპორტული ბაზის რეაბილიტაციას გვპირდება
„მოგვაწოდოს ინფორმაცია“ - ციხის იმიტირებულ ბუნტზე იუსტიციის მინისტრის პასუხი ნიკა გვარამიას
„მის სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე, რაზეც პასუხისმგებლობა თქვენ დაგეკისრებათ“ - კლინიკების ასოციაციის მიმართვა პრემიერს სააკაშვილის ჯანმრთელობაზე
კულტურის სამინისტრო დამოუკიდებელი სათეატრო კრიტიკის ხელშეწყობას იწყებს

ქვეყანაში კი სახელმწიფო ძალიან იშვიათად არსებობს ხოლმე

10.08.2021 | 10:19

მგონი, ერთ-ერთმა პირველმა მივიღე ინფორმაცია, რომ მიშა ჩამოვიდა: დამირეკეს, ბათუმშია, ვიდეო დადოო. ბათუმის ვიდეოებისა და დღის განმავლობაში გაკეთებული არაერთი კომენტარის მიუხედავად, იმ დაძაბულობის გათვალისწინებით, რომ ჰაერიც კი დამძიმდა, დღის ბოლოს მეგობრის ზარს ვუპასუხე და ვუთხარი, არ მჯერა-მეთქი.

საკმაოდ ემოციური და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ამავდროულად, ცივსისხლიანი ადამიანი ვარ. მოვლენებსაც, მომწონს თუ არა, ადეკვატურად აღვიქვამ - არც კარგზე მიჭირს კარგის თქმა ისევე, როგორც ცუდზე - ცუდის. არასოდეს ვაფასებ ვითარებას იმის მიხედვით რა მსურს პირადად მე.

ჰოდა, საკმაოდ პარადოქსულია - იცი, რომ აქ არის და არ გჯერა. რატომ?

***

მოდით, ავხსნი: დღეს, საქართველოში ორი პოლიტიკური ფაქტორია - ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი. დღეს კი არა, ასეა ბოლო 9 წელი და ასეა იმის მიუხედავად, რომ სახელისუფლებო გუნდი მთელი ამ ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, „დავამთავრებთ", „გაქრა რადარებიდან"... ამ გამონათქვამების მიღმა მაინც გამოსჭვივოდა შიში, რაც იმის ირიბი აღიარება იყო, რომ სააკაშვილი ფაქტორია.

ოპოზიცია არ აღიარებდა ივანიშვილის უნარებს და მის ფაქტორს მხოლოდ ფულთან აიგივებდა. ახლაც ასეა.

მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა ქვეყანა დატოვა, ბევრმა წყალმა ჩაიარა. ერთი, რასაც ვაკვირდებოდი ამ ხნის განმავლობაში, მიშას მისივე გარემოცვა - პოლიტიკური პროცესის შეცვლის მოსურნეთა დიდი ნაწილი ან იმას ასმენინებდა, რაც მისთვის იყო საამურად მოსასმენი, ან ფაქტებს უმახინჯებდა. სულ რამდენიმე ადამიანი ვიცი „ნაცმოძრაობის" ლიდერშიპში, ვინც მიშასთან დაობდა, ჩხუბობდა და ცდილობდა, რეალური სურათი დაენახვებინა.

პირადად ჩემთვის, ძალიან დამაფიქრებელი იყო 2020 წლის არჩევნები და პროცესი, როდესაც უამრავ გონიერ იდეაზე ითქვა უარი და საარჩევნო კამპანიამ ყოველგვარი ნაციონალური იდეისა თუ ამომჩევლისთვის ლოკალური პროექტების შეთავაზების გარეშე ჩაიარა. ხდებოდა გამზადებული იდეების იგნორირება და პარტიული ფული უაზრო (!) და უშედეგო ქმედებების რეალიზებაში, უფრო ჩაფლავებაში იხარჯებოდა. მაშინ, 2020 წელს, რამდენიმე ადგილას მოვისმინე - აი, მიშა რომ გამოჩნდეს, ეგზიტპოლებს როცა გამოაცხადებენ მაშინ, ან რამდენიმე საათში, წარმოგიდგენიათ, რა მოხდება?

მე წარმოვიდგინე და მინდა გითხრათ, ამაში სახარბიელო ვერაფერი დავინახე. სცენარი მარტივი იყო - დაკავება დაპირისპირებით ან დაპირისპირების გარეშე. მისი მომხრეების მიღმა - დუმილი და აგრესია - გამჟღავნებული თუ ჩუმი, ამას მნიშვნელობა არ აქვს.

მაშინ ვთქვი, მიშა თუ ჩამოვა, უნდა ჩამოვიდეს ღიად, არჩევნებამდე ერთი თვით, ან 20 დღით ადრე. ჩამოვიდეს აეროპორტში. დააკავებენ, მაგრამ შეიცვლება საარჩევნო, პოლიტიკური პროცესის პარადიგმა და არჩევნები იქნება არა მხარეთა დაპირისპირება - აქციების დარბევით, წყლის ჭავლითა და მხუთავი გაზით, არამედ, ერთგავრი ემპათიით, სტოკჰოლმის სინდრომით გაჯერებული - „რიგითი რაიანის გადასარჩენად", სადაც „რიგითი" სულაც არ არის რიგითი - ქვეყნის მესამე პრეზიდენტია, „რაიანი" კი საქართველოა და არა - მიშა.

ასე ჩამოსვლას ჰქონდა საგარეო პოლიტიკური მხარდაჭერის უპირობო გარანტიაც, მით უფრო, თუ იქნებოდა გამოფრენის წინ გაკეთებული ზეპირი განცხადება - „მე უარს ვამბობ უკრაინის მოქალაქეობაზე და ვბრუნდები ჩემს სამშობლოში, ჩემს ხალხთან". ფორმალურად, ის უკრაინის მოქალაქობას შეინარჩუნებდა და შესაბამის იმუნიტეტსაც. მესმის, ამის აღიარება ფრაზებს შორის არაერთხელ მომხდარა - ზერელედ და ზედაპირულად, მაგრამ აქვე, აუცილებელი იქნებოდა კიდევ ერთი ფრაზა - „მე ვბრუნდები ჩემს სამშობლოში თავგანწირვისთვის და ყველა იმ შეცდომის გამოსასწორებლად, რომელიც დაშვებული იქნა 2003-2012 წლებში". ღრმად ვიყავი და ვარ დარწმუნებული, რომ ეს ჩემი წარმოსახვა თუ სცენარი ბევრად სასარგებლო და ეფექტური იქნებოდა, ვიდრე - „რომ გამოჩნდეს".

***

ახლა იქ დავბრუნდეთ, რომ გავიგე და არ მჯეროდა. რატომ?

იმიტომ, რომ ათასგზის გადავხარშე ჯერ კიდევ 2020 წელს, რას ნიშნავდა „რომ გამოჩნდეს". ეს, აპრიორი, ერთის მხრივ, ჰეროიკა და რომანტიზმი იყო ქვეყნისთვის, მეორეს მხრივ კი - სისხლის სამართლის დანაშაული სახელმწიფოსთვის.

თუმცა, ჰეროიკასა და რომანტიზმსაც კი დასჭირდებოდა პროცესების კანონის ჩარჩოში მოქცევა და აქაც გზა ციხეში მიდიოდა. ან იყო სხვა გამოსავალიც - რევოლუცია და პრეზიდენტის მიერ ამ რევოლუციურ ტალღაზე მესამე პრეზიდენტის შეწყალება, თუმცა როგორ მოხდებოდა - რა სამართლებლივი ნორმებით, „რომ გამოჩნდა" იმ ს/სამართლის დანაშაულის დაფარვა-გაქარწყლება? მხოლოდ პათეთიკით და ემოციით, გმირია, ნახეთ, რა გააკეთაო?

გასაგებია, რომ ქართული მართლმსაჯულება ძალიან კი არა, უკიდურესად დისკრედიტირებულია, მაგრამ ყველაფერ ამას უნდა მოჰყოლოდა, პირველ რიგში, სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის ყველა მსჯავრდებულის გათავისუფლება. და მყისიერად - უკანა რიცხვით, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის გაუქმება. სხვა უფრო რთულ პროცედურებზე არაფერს ვამბობ, პოლიტიკურ ნებაზე დაყრდნობილ პროცედურებზე. ისე, 2003 წელს დამხობილმა პარლამენტმა გააპრავა რევოლუცია. გახსოვთ?

მესმის, რომ ამ ქვეყანაში კანონის აღსრულებასაც პოლიტიკური ნება განსაზღვრავდა და განსაზღვრავს და მისი ინტერპრეტაციებიც მოსულა. მესმის, რომ ამ ქვეყანაში მოკლას და შემოაკვდას შორის ზღვარი წაშლილია, იმის მიხედვით, თუ ვინ არის მკლველი ან ზოგადად, კანონის დამრღვევი, მაგრამ მე ხომ სოკრატესი მჯერა და არა - მიშასი ან ივანიშვილის?!

იცით, რამდენი ადამიანი ევედრებოდა სოკრატეს ციხის დატოვებას და გაქცევას? იცით, ამის რამდენი შანსი ჰქონდა? - არ ქნა! სოკრატემ თქვა, კანონი, თუნდაც უსამართლო, სოკრატეზე მაღლა დგას და ჩემს ქალაქს (სახელმწიფოს) შეურაცხყოფას არ მივაყენებო...

ის მოკლეს!

აი, პილატე რატომ ეზიზღებათ? ხელები დაიბანაო.

არა! პილატეს ხელები ნამდვილად არ დაუბანია - კანონს, ხალხს მიანდო ქრისტეს ბედი. მერე, ხალხი ბრბოდ შერაცხეს და პილატეს აჰკიდეს ქრისტეს ჯვარცმა. ეგ როგორ ხდება - როცა გვინდა, ხალხი ბრბოა და როცა გვინდა, ბრძენი? ჰო, ესეც ჩვენი სტანდარტია.

იცით, კიდევ რა მაფიქრებდა ჯერ 2020 წელს და მერე, სულ ახლახანს, მიშამ რომ თქვა, ჩამოვალო. ის, რომ ატყუებდნენ. ატყუებდნენ, რომ ათასობით ადამიანი გამოვა ქუჩაში... რომ „მე მინდა, მსურს" მას „მიჰყიდეს", როგორც სინამდვილე, ანუ სასურველი სინამდვილედ.

***

მიხეილ სააკაშვილი არაორდინალური პოლიტიკური ფიგურაა. სულაც არაა საინტერესო, ვის მოსწონს და ვის - არა. ფაქტი ფაქტად რჩება, მისგან ორდინალურ ნაბიჯებს არავინ ელოდა და ელის. შესაბამისად, ვწერდი კიდეც, რომ „მგელი მოდის"... მაგრამ, იქვე გამოვთქვი ვარაუდი, რომ მისი ჩამოსვლა დაუკავშირდებოდა ან ხელისუფლების ბედოვლათობას, ან ქუჩაში კრიტიკულ მასას, თუმცა იქვე დავწერე, რომ შესაძლებელი იყო სხვა შემთხვევის დაშვებაც.

ერთი ფრაზა უკვე გამოქვეყნებული პუბლიკაციიდან: „სააკაშვილი დარწმუნებული რომ იყოს, მის გამო ხელისუფლებისთვის თავის შემკვლელების არმია არსებობს, ამ დრომდეც დაბრუნებოდა. მისი სიტყვები - „დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი გაითავისუფლებს საკუთარ თავსაც და გამათავისუფლებს მეც. მე არ მეშინია, ჩემი ბედი გადავცე ქართველი ხალხის ხელში..." -პოლიტიკოსის სიტყვებია.

და მაინც, სააკაშვილი ჯერ არ არის მზად „ქართველი ხალხის ხელში" თავისი ბედის გადასაცემად და საკმაოდ გონიერადაც. უფრო სწორად, მზად არის, მაგრამ ელოდება. რას? - გარემოებას, ვითარებას და ამაში მართალია. ეს გარემოება და ვითარება შესაძლოა, შეიქმნას 2 ოქტომბრამდე ან 2 ოქტომბრის შემდეგ და აუცილებლად შექმნის არა ოპოზიცია, არამედ, ხელისუფლება, ანუ იმას ვგულისხმობ, რომ მხოლოდ ხელისუფლებას, თავისი ბედოვლათობით, შეუძლია, სააკაშვილი დააბრუნოს საქართველოში და ეს ბედოვლათობა არჩევნების გაყალბება, საარჩევნო პროცესისადმი ხელის შეშლა, ძალადობა და მისგან გამომდინარე მძიმე ინდივიდუალური შედეგი ან შედეგებია".

ვაღიარო, რომ შევცდი? კარგი, ვაღიარებ, თუ ეს დაგამშვიდებთ, მაგრამ უფრო პირიქით ხომ არ არის? იმ ადამიანბმა ხომ არ შეიყვანეს მიშა შეცდომაში, რომლებმაც დაუმტკიცეს, რომ თავისშემკვლელთა არმია არასებობს, ახლა კი თავად უხდება თავის შეკვლა იმიტომ, რომ არმია არ არსებობს?

იმ ადამიანებს, სოციალურ ქსელში სააკაშვილის ზნეობრივ აქტზე რომ საუბრობენ, რატომღაც თვალი ვერ მოვკარი რუსთავის ციხესთან.

და ციხესთან რა ხდება? - ციხის ადმიანისტრაცია გაათავისუფლებს თუ პოლიტიკურ ქულებს იწერენ მისი თანამებრძოლი ლიდერები, რომლებიც ამ აქციის შემდეგ სხვადასხვა კაფეში შეექცევიან გლინტვეინს, მოხიტოს თუ აპეროლ შპრიცს?

ჰო, „ჩვენი ცხოვრების საეკლესიო წესის" შეცვლას რომ აპირებდა, იმ სააკაშვილის დაკავებზე საპატარიარქოს კრინტიც არ დაუძრავს. ჯვრის მოთხოვნით კი სენტიმენტებს როგორ გააღვიძებს იქ, სადაც ჯვარი მხოლოდ აქსესუარია?!

***

დიახ, გავა დრო და ელგუჯა ცომაიასა და მიხეილ სააკაშვილზე ფილმს გადაიღებენ. სცენარი მანდაც ორია: ერთი, ტირანიის წინააღმდეგ მებრძოლი და თავდადებული პრეზიდენტი და მისი ერთგული სტალკერი და მეორე, ჩაშლილი ავანტიურა. სულაც არ აქვს მნიშვნელობა, ამ ფილმს რენე ჰარლენი გადაიღებს თუ გიორგი ოვაშვილი. მთავარია, რომელი უფრო ღირებული იქნება მხატვრული და ისტორიული მეხსიერების - თხრობის თავლსაზრისით. მრავალმილიონიანი „აგვისტოს 5 დღე" საერთოდ მოკლებულია მხატვრულ-ისტორიულ და ღირებულებით ფასეულობას. დაბალბიუჯეტიანი „ხიბულა" ყოველმხრივ ბევრად ღირებულია, თუმცა ყველაფერი გემოვნების საკითხია - დაწყებული წითელი ხალიჩიდან, დაკეტილი რუსთაველით, სმოკინგებსა და საღამოს კაბებში გამოწყობილი მსოფლიო ვარსკვლავებითა და გია ვოლსკის მიერ დაწუნებული ოვაშვილისეული მხატვრული ტრაგიზმით დასრულებული.

***

რამდენიმე კითხვა მაქვს დღეს და ახლა...

1. სად არის ასი ათასი ადამიანი, რომელიც პრეზიდეტ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნებას ითხოვდა (დააბოლეთ? ისეთი შათბეჭდილება იქმნება, რომ „ოცნების" მომხრეებმა მოაწერეს სიას ხელი და პრეზიდენტი ჩამოიტყუეს)?

2. და ეს ასი ათასი ქუჩაში რომც დადგეს... პრეზიდენტის შეწყალების საქმეზე გასამართლება კანონის კაზუსია, პიჯაკების საქმე და კაჩინსკის სასაფლაოზე მიტანილი ყვავილები - მორალურად მიუღებელი... გავაგრძელოთ, ყველამ ჩვენ ჩვენი შეხედულებით ჩამოვაწეროთ და გავუუქმოთ ყველა სასჯელი, მერე პრეზიდენტმაც რომ შეიწყალოს ყველა გასამართლებულ საქმეზე, რა ვუყოთ ოპონენტების კითხვას - საზღვრის უკანონო კვეთა არის დანაშაუალი? თუ აქ ჩიტის, ჰაერის, მოქმედების, ვითარების კონტექსტში შევხედოთ საკითხს?

3. რა უნდა გავაკეთოთ კონკრეტულად სახელმწიფოს და ქვეყნის (!) ზიანის მინიმალიზებისთვის, ვინმეს აქვს მზა რეცეპტი, ობიექტურთან მიახლოვებული? „მე მიშა მომწონს და ბიძინა მძულს" - აი, ამის მიღმა რეცეპტზე ვსაუბრობ...

4. სოკრატე მოკლეს, მაგრამ მკვდარია? ინტერპრეტაციებს არ ვიყოთ - ადამიანის სიკვდილზე არ ვსაუბრობ, არამედ, სამართალზე... სამართლიანობა კიდევ სხვა რამეა და სამართალთან კავშირი არ აქვს...

5. კიდევ მაქვს კითხვები, მაგრამ ეს ახლა საკმარისია...

***

კითხვა, რომელსაც შევეცდები თავადვე ვუპასუხო:

სააკაშვილი უნდა დარჩეს ქართულ პოლიტიკაში? - კი!

როგორ? - ამის არაერთი გზა არსებობს კანონის ჩარჩოში, რომელიც მორალურ-ზნეობრივი აქტებით იქნება გამაგრებული, თუმცა ახლა კონკრეტიკაში არ შევალ რამდენიმე მიზეზის გამო. მხოლოდ ერთს ვიტყვი: თუნდაც იმიტომ, რომ „ნაცმოძრაობის" ლიდერშიპის ნაწილი, რომელსაც სააკაშვილი ენდობა, 2012 წელს გაიყინა და გონიერებასა და აზროვნებაში ბევრად ჩამორჩება სააკაშვილის პირად მომხრეებს, რომლის ხარჯზეც არსებობს ეს პარტია და არსებობენ თავადაც.

***

ვის, ვის და, მე ნურავინ მასწავლის ციხის სიმწარეს. ციხიდან დედითვის გამოგზავნილ შვილის წერილს სრულიად პატარა იცით, როგორ ვკითხულობდი?..

ეჰ...

ეს კი 2012 წლის 19 სექტემბრის პოსტია (ჩემს „ფეიუსბუქგვერდზე" დევს):

„ციხე ის დაწესებულებაა, სადაც ყველა ჩვენთაგანისთვის დევს თითო აგური. მთავარი არაა, იყო მკვლელი, ბანდიტი, ყაჩაღი, თაღლითი და ასე შემდეგ. თუნდაც უბედური შემთხვევისგან არავინაა დაზღვეული". გაგრძელებას არ დავწერ ახლა... თუმცა ზუსტად ვიცი - ყველა ციხეში დევს ერთი აგური ჩვენთვის...

და მაინც, ციხისთვის არავინ მემეტება გამაუპატიურებლების, ყაჩაღებისა და სამშობლოს მოღალატეების გარდა... მე არ მემეტება, თორემ, აბა ჰკითხეთ თაღლითებისგან დაზარალებულ ოჯახებს, ან სულაც, ავტოსაგზაო შემთხვევის (!) შედეგად დაზარალებულებს.

სულაც არ მიმაჩნია ქილიკი იყოს სწორი ციხეში მყოფ ადამიანზე, თუნდაც მოსისხლე მტერი იყოს, მაგრამ არც ის მიმაჩნია სწორად, უკიდურესად ვლანძღოთ ადამიანები, რომლებიც მესამე პრეზიდენტის სამართლებლივ საკითხებზე ედავებიან. აქ სახელმწიფოზე არ მაქვს საუბარი - ადამიანებსა და მათ ემოციებზე.

ამ სახის დაპირისპირება ჩვენი საზოგადოების პოლარიზაციაზე კი არა, მორალურ უმწიფრობაზე მიუთითებს.

ქართველ პოლიტიკოსებს კი - განსაკუთრებით ხელისუფელებაში პატიმარ სააკაშვილის საქმიანობის, მომავალი ბედისა თუ ხვედრის ეპიტოლარულ -ანალიტიკური შეფასებებისგან თავის შეკავებას ვურჩევდი. მანდ ისიც საკმარისია, რომ რეპუტაცია შერყეული სასამართლოსადმი ნდომა ნულზე ქვემოთაა.

***

ადრეც დავწერე და გავიმეორებ, შეგიძლიათ უკიდურეს ბრიყვად ჩამთვალოთ: არასოდეს მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება, რომ სადმე და ვინმესთან გამეწია ჩემი შვილებისთვის პროტექცია. იცით, რატომ? - სხვისი, თუმდაც ჩემი მოსისხლე მტრის შვილი რომ არ დამეჩაგრა. არაერთგზის დაუჩაგრავთ თავად ისინი, მაგრამ სულ და მუდამ ერთი თხოვნა მქონდა შვილებთან - არ გაბოროტდეთ!

ჩემთვის სახელმწიფოა პირველი და არა - ქვეყანა და ყოველთვის მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ შვილი პატრიოტად კი არა, მოქალაქედ უნდა გაზარდო. შესაბამისად, მითებით და ჰეროიკით ჩემი „კვება" არ გამოვა. რა ვქნა, ასეთი ვარ და არც პარტიულ
„-ისტური" იარლიყები მოქმედებს ჩემზე.

და როდესაც თავში მოგახსენეთ, გავიგე სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება, მაგრამ არ მჯეროდა-მეთქი, ეს არდაჯერება უფრო მეტად ჩემი სურვილი იყო, თუნდაც ჩამოშლილი, მაგრამ მაინც ქართული სახელმწიფოს პატივისცემის გამოხატულების, იმ სახელმწიფოსი, რომლის მესაძირკვლე თავად სააკაშვილია. აქ სასამართლოს გვერდს ავუვლი და არც იმას დავწერ ნიშნისმოგებით, როგორც ამას ბევრი აკეთებს, ეს სასამართლოც და ციხეც სააკაშვილის შექმნილიაო.

დიახ, არ მინდოდა, აბრაგივით დაბრუნებული სააკაშვილი თუნდაც ხინკალით გაწყობილ სუფრასთან დაეკავებინათ. არამედ, მსურდა აეროპორტის მისადგომებთან მდგარი ათასობით ადამიანის აპლოდისმენტების მოსმენა, მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მყოფი მესამე პრეზიდენტი, რომელიც თუნდაც მორღვეულ და ჩამოშლილ სახელმწიფოში სამშობლოს აგრძნობიდნებდა არა მხოლოდ მის მომხრეებს, არამედ, მოწინააღმდეგეებსაც.

ჰო, სახელმწიფოში სამშობლოს - ქვეყანას. ქვეყანაში კი სახელმწიფო ძალიან იშვიათად არსებობს ხოლმე.

რა ვქნა - ეს პროცესის ჩემეული აღქმაა, შინაგანი განცდაა... სულაც არ მსურდა და მინდოდა მეხილა სააკაშვილი მიტოვებული ვით მეფე ლირი... რატომ მიტოვებული? ეჰ... გაიხედეთ გარეთ... რამდენი დგახართ დღეს და ახლა რუსთავის ციხესთან? თუმცა, ვიმეორებ: რატომ ციხესთან, ეგეც ვერ გავიგე - უბრალოდ, მოცემულობას მივყვები, რომელიც ისევ არასწორად ფორმირდა...

რა სამწუხაროა, რომ ამ არაორდინალურ ლიდერს არაორდინალური მხარდამჭერები არ ჰყავს... მესმის, რომ ამისი ნამდვილად არ გჯერათ და მაგრამ ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილს არაორდინალური ვიზავი კი ნამდვილად არგუნა ბედმა - ბიძინა ივანიშვილის სახით. მათი ბედი ერთად და ერთმანეთის პირისპირ ყოფნა კიდევ დიდხანს გაგრძელდება. რა ფორმით ეს ცალკე საკითხია...

სოკრატე? ეგ, ხომ თქვენ და მათაც პრინციპში, ფეხებზე გკიდიათ...

გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი

P.S. ეკა ბესელია და ნანა კაკაბაძე რას ამბობენ? რო რამე, პოლიტპატიმართა სიაში შეიყავნდნენ სააკაშვილს?