აშშ-ის სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების პაკეტს მხარი დაუჭირა
ამინდი 24 აპრილს
ვედანტ პატელი -მსგავსი სახის საკანონმდებლო აქტივობა ღრმად პრობლემური და შეუსაბამოა ევროკავშირისკენ მისწრაფებებთან
აქციის მონაწილე ახალგაზრდების პროტესტი რუსული კანონის მხარდამჭერ დავით კაჭარავას
მამუკა მდინარაძე - სანქციებით მუქარას თუ გაუბედავდა ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს ვინმე, ამისი წარმოდგენა შესაძლებელი იყო?
ვიოლა ფონ კრამონი - “ქართული ოცნება” რეალურად “რუსული ოცნებაა”
ანა ფოტიგა - უნდა განვიხილოთ მიზანმიმართული სანქციების შესაძლო დაწესება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
მარკეტა გრეგოროვა - მტკივნეულია იმის ყურება, როგორ უახლოვდება საქართველო სულ უფრო მეტად რუსეთს

მთავრობის ანგარიში - საქართველოს მთავრობა ინტენსიურად აგრძელებდა მუშაობას დეოკუპაციის, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით

06.05.2023 | 10:27 ნახვები: 363

საქართველოს მთავრობა ინტენსიურად აგრძელებდა მუშაობას ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის, დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის გასული წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.

დოკუმენტში საუბარია რუსეთზე. მთავრობა აღნიშნავს, რომ 2022 წელს (5 ოქტომბერს) ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ერთი რაუნდი გაიმართა, ხოლო მიმდინარე წლის 4-5 აპრილს რიგით 57-ე რაუნდი ჩატარდა, სადაც მთავარ თემებს წარმოადგენდა რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობა, მათ შორის, ოკუპირებული რეგიონებიდან რუსული ძალების გაყვანისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის საკითხები და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნება.

„საანგარიშო პერიოდში ჩატარდა ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (იპრმ) ექვსი შეხვედრა, სადაც განხილულ იქნა ყველა საკითხი, რაც დღესდღეობით მწვავედ დგას. ქართული მხარე კვლავ აქტიურად აყენებდა გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (იპრმ) უპირობოდ და ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად აღდგენის საკითხს ყველა შესაბამის დონეზე. მუდმივ რეჟიმში ხდებოდა პარტნიორი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირება რუსეთის ოკუპაციის პოლიტიკის, ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების შესახებ და უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ მდგომარეობაზე“, – აღნიშნავს მთავრობა.

ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ გრძელდება საქართველოს ინტერესების დაცვა სახელმწიფოთაშორის დავაზე − „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“, რომელიც ეხება რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციულ პრაქტიკას.

„ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში ქართული მხარის აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (I)“ და „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პროცედურები. მინისტრთა კომიტეტმა გამოსცა მკაცრი გადაწყვეტილებები/რეზოლუციები რუსეთის ფედერაციის მიმართ, სადაც ხაზგასმულია როგორც მოპასუხე სახელმწიფოს მიერ დაკისრებული კომპენსაციის გადახდის, ისე ადამიანის უფლებათა მასობრივ დარღვევებზე საფუძვლიანი, ყოვლისმომცველი, დამოუკიდებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიების ჩატარებისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული ქართველების საკუთარ სახლებში დაბრუნების უზრუნველყოფის უპირობო ვალდებულებები. 2022 წლის დეკემბერში მინისტრთა კომიტეტმა შეიმუშავა რუსეთის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების ზედამხედველობის სტრატეგია, რომელიც ქართული მხარის ინიციატივით შეიქმნა. სტრატეგიის მიზანია, რუსეთის ფედერაციისთვის ევროპის საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტის პირობებში, მინისტრთა კომიტეტმა ყველა დაინტერესებული წევრი სახელმწიფოს ჩართულობით შეიმუშაოს სტრასბურგის სასამართლოს მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების ეფექტიანი აღსრულების მექანიზმი.

საერთაშორისო თანამეგობრობას მიეწოდა ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2023 წლის 7 მარტის გადაწყვეტილების საქმეზე – „მამასახლისი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“, რომლის თანახმადაც, აფხაზეთის ტერიტორია რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლის ქვეშ 2008 წლის აგვისტოს ომამდეც იყო და რუსეთის ფედერაციას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევებზე. ასევე, 2023 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას 130 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა ომის დროს დაზარალებული 24 000-ამდე საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ. პროკურორის ოფისის აღნიშნული გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ აგვისტოს ომის ფარგლებში არ გამოკვეთილა ქართული მხარის არცერთი წარმომადგენლის პასუხისმგებლობა.

რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული უმძიმესი მდგომარეობა აქტიურად იყო დასმული და განხილული ორმხრივ ფორმატში გამართული ვიზიტებისას, ყველა დონის შეხვედრაზე, პოლიტიკური კონსულტაციებისა და მაღალი დონის ორმხრივი დიალოგების, ასევე საქართველო-ბრიტანეთის „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მერვე რაუნდის, ქართულ-გერმანულ-ფრანგული სამკუთხედის სამმხრივი კონსულტაციების ფარგლებში და ევროკავშირსა და საქართველოს შორის მიმდინარე დიალოგის ფორმატებში, როგორებიცაა: უსაფრთხოების საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის მეხუთე შეხვედრა, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის მეთხუთმეტე შეხვედრა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების საბჭოს სხდომა, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომა, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომები, საქართველო-ევროკავშირი-აშშ-ის სამმხრივი შეხვედრა. ამავე მიზნით, აქტიური მუშაობა წარიმართა საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამისი ფორმატების გამოყენებისათვის“, – აღნიშნულია ანგარიშში.

მთავრობა აქცენტს აკეთებს ჰააგის გადაწყვეტილებაზეც. დოკუმენტში ნათქვამია, რომ თითქმის შვიდწლიანი განხილვის შემდეგ ჰააგის სისხლის  სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის საქმის გამოძიება დასრულებულად გამოაცხადა.

„ინტენსიური მუშაობა გრძელდებოდა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზებისა და ინდივიდუალური ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შესაძლო შემზღუდავი ზომების დაწესების მიზნით. შესაბამისად, სიისადმი მხარდაჭერა და სანქციების დაწესების მოწოდება ასახულია მათ არაერთ დოკუმენტში. საანგარიშო პერიოდში ქართული მხარე ყველა შესაძლო დონეზე მუდმივად უსვამდა ხაზს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შემდგომი გაძლიერებისა და მანდატის სრულად განხორციელების აუცილებლობას. ინტენსიური იყო თანამშრომლობა მისიის წარმომადგენლებთან საოკუპაციო ხაზთან ვითარების ესკალაციის პრევენციის მიზნით.

ქართული მხარე აგრძელებდა ინტენსიურ ძალისხმევას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების კუთხით.

მიმდინარეობდა მუშაობა არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების, რისკების ნიველირებისა და საზღვარგარეთ საოკუპაციო რეჟიმების უკანონო კონტაქტების აღკვეთის მიმართულებით. ამ კონტექსტში გრძელდებოდა ინტენსიური თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორებსა და სხვადასხვა რეგიონის სახელმწიფოებთან“, – ნათქვამია ანგარიშში.

მთავრობის მხრიდან პარლამენტისთვის ანგარიშის წარდგენას რეგლამენტი ითვალისწინებს. პროცედურის მიხედვით, მთავრობა საკანონმდებლო ორგანოს დოკუმენტს პირველ ივნისამდე წარუდგენს. თავის მხრივ, პარლამენტი ანგარიშს საგაზაფხულო სესიის, ივნისი ბოლომდე ისმენს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა