მიხეილ სარჯველაძე - საარჩევნო რეფორმა, კანონმდებლობის დახვეწის თვალსაზრისით, წინ გადადგმული ნაბიჯია
ხატია დეკანოიძე - არ გამოვრიცხავ, რომ ამდენი თავხედური ნაბიჯის შემდეგ, ერთ დღესაც „ქართული ოცნება“ დარჩეს ერთპარტიულ პარლამენტში
სოზარ სუბარი - ძალიან მიკვირს, როცა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩები აკეთებენ ზედმეტად მკაცრ შეფასებებს სასამართლო რეფორმის მიმართ
გიგა ბოკერია - მინდა ვურჩიო ყველას, ვინც უტიფრობა გამოიჩინა, კარგად ჩახედოს მიშელის დოკუმენტს
ირაკლი კობახიძე - გუშინწინ გვარამიას სიზმრები ვიხილეთ, გუშინ - კეზერაშვილის, ოცნებობენ, რომ „ნაცმოძრაობის“ და გახარიას კოალიცია შედგეს
ანა ნაცვლიშვილი - მთავრობის ანგარიშვალდებულება პარლამენტის წინაშე არ გულისხმობს იმას, რომ ვიღაც დადგება ტრიბუნასთან, მოყვება სადღეგრძელოებს და მითებს, რა კარგად ცხოვრობს ქვეყანა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 699 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 34 104 ტესტი ჩატარდა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა

დაღლილი ქვეყანა

05.18.2021 | 12:09

ავტორი: ზურაბ ჭიაბერაშვილი

საქართველოს მოქალაქეების მცირე ნაწილი, მეც მათ შორის, COVID-19-ის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინით „სინოფარმი" (პეკინური ვარიანტი) აცრაზე დარეგისტრირდა. „სინოფარმზე" დარეგისტრირებულთა უდიდესი ნაწილი ასე ხსნის თავის გადაწყვეტილებას:

„დ ა ვ ი ღ ა ლ ე ლოდინით. რა თქმა უნდა, დასავლურ - ფაიზერ-ბიონტეკის, მოდერნას ან ოქსფორდ/ასტრაზენეკას - ვაქცინებს უფრო ვენდობი, რადგან მათი ვაქცინების უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შესახებ ჩატარებული კვლევების შესახებ ინფორმაცია საჯარო, სამეცნიერო წრეების მიერ შეფასებული, სანდო რეგულატორების (აშშ, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი, ევროკავშირის ცალკეული ქვეყნები) დადასტურებულია, მაგრამ ლოდინიც აღარ შემიძლია. დ ა ვ ი ღ ა ლ ე. რაცაა, იმით ავიცრები".

ამ „დ ა ვ ი ღ ა ლ ე ზ ე" 2017 წლის მარტის ბათუმის პროტესტი მახსენდება, როდესაც პოლიციის სისასტიკით უკმაყოფილო მოქალაქეების გამოსვლა მთელი ღამის განმავლობაში სახელმწიფო და კერძო ქონების დაზიანება-განადგურებაში გადაიზარდა. არეულობის შედეგად, 7 მანქანა დაიწვა, მათ შორის, 5 პოლიციის. ჟურნალისტების კითხვაზე, როგორ მიუშვა აქამდე სამართალდამცავმა სისტემამ საქმე, მმართველი "ოცნების" პარლამენტარმა უპასუხა: პოლიცია ელოდებოდა, როდის დ ა ი ღ ლ ე ბ ო დ ნ ე ნ პროტესტანტები.

{!!! თუ თქვენ ამ ბლოგის განახლებების გამოწერა გსურთ: დააჭირეთ ღილაკს +Follow მარჯვენა ქვედა კუთხეში და ღია გრაფაში თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი ჩაწერეთ; თქვენს ელეტრონულ ფოსტაში მიიღებთ გზავნილს, რომელში მითითებულ ბმულზე დაჭერით უნდა დაადასტუროთ, რომ გსურთ ამ ბლოგის გამოწერა; მომავალში ბლოგის განახლებისთანავე მიიღებთ გზავნის და წაიკითხავთ ახალ სტატიას.!!!}

სიტყვა „დ ა ვ ი ღ ა ლ ე თ" ფეისბუქზე ხშირად შეგხვდებოდათ იმ ორთვიანი მარათონის განმავლობაში, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის 2021 წლის 28 თებერვლის ვიზიტით დაიწყო და მისივე 19 აპრილის ვიზიტით დასრულდა. პოლიტიკოსების „სიჯიუტით" დ ა ღ ლ ი ლ ე ბ ს ხელმოსაწერი დოკუმენტის შინაარსი ნაკლებად აღელვებდათ. მათ აქტის დაფიქსირება სურდათ: კონსენსუსი შედგა!

ასევე დ ა ვ ი ღ ა ლ ე თ პარლამენტის ბოიკოტით, ლარის ვარდნით, ფასების ზრდით, პრობლემებით ჯანდაცვაში, კომენდანტის საათით და თითქმის ყველაფრით, რაც ჩვენს გარშემო ხდება. „30 წელია ერთ წრეზე ვტრიალებთ", - ესაა დ ა ღ ლ ი ლ ე ბ ი ს ყველაზე ხშირად დასმული - ჩემი აზრით, ყველაზე მავნებლური - „დიაგნოზი".

დაღლას პროგრესის და რეგრესის პოლიტიკური პერიოდების ვერგარჩევა იწვევს. დაღლას იწვევს სიზარმაცე, როცა არ ძალგვიძს, ჩვენი პროტესტი გრძელვადიან, თანმიმდევრულ ქმედებაში გარდავსახოთ. დაღლა ზედაპირულობის შედეგია: შინაარსში ჩაღრმავება გვიჭირს. დაღლა მოყვება სურვილს, ჩვენი გასაკეთებელი სხვამ გააკეთოს.

დაღლას იწვევს იმედი, რომ ხვალიდან ყველაფერი კარგად იქნება. ოღონდ ამ იმედში არ ჩანს, რა უნდა გავაკეთო მე დღეს, რომ ხვალ ყველაფერი კარგად იყოს. ამიტომ ხვალ დგება და ხელჩასაჭიდი მხოლოდ ისევ „ხვალიდან ყველაფერი კარგად იქნება" მრჩება.

ხვალ დგება და ვფიქრობთ „რაღაც იქნება".

ფაიზერი თუ არა, პეკინური სინოფარმი; პეკინური სინოფარმი თუ არა სინოვაკი; სინოვაკი თუ არა, ვუჰანური სინოფარმი; ჯანდაბას, ვუჰანური სინოფარმიც თუ არა, იყოს სპუტნიკი.

და ამას იმიტომ ვფიქრობთ, რომ დ ა ვ ი ღ ა ლ ე თ.

დ ა ვ ი ღ ა ლ ე თ.