20-22 აპრილს პაერის ტემპერატურია მოიმატებს, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
უკრაინის საჰაერო ძალები - უკრაინელებმა პირველად რუსული Ту-22М3 ბომბდამშენი გაანადგურეს
სტავროპოლში რუსული ბომბდამშენი ჩამოვარდა
იუკნევიჩიენე: ბიძინა ივანიშვილი და მისი მთავრობა საქართველოს მიუძღვის რუსეთისკენ
U.S. could deliver air defense capabilities to Ukraine within weeks once legislation passed – PM Shmyhal
At least nine injured as Russian missile hits apartment block in Dnipro
General Staff sacks Defense Forces South comms chief

სევდიანი ბლუზი მხიარულ ქალაქში

05.10.2021 | 16:41 ნახვები: 1038

ბიძინა მაყაშვილის წიგნი ბლუზის, როკის, ქანთრისა და კიდევ ბევრი რამის შესახებ
„ამჯერად ვსაუბრობ ადამიანზე, რომელიც ღმერთს შენობით მიმართავს და baby-ს ეძახის. ამ ადამიანმა განსაზღვრა თანამედროვე მუსიკის განვითარების გზები. 50 წლის განმავლობაში ჩაწერა 600-ზე მეტი სიმღერა. მისთვის ერთნაირად ხელმისაწვდომია ჯაზი, როკ-ენ-როლი, პოპი, ქანთრი და რიტმ-ენ-ბლუზი. მან დაამტკიცა, რომ მუსიკა ენაა, რომლითაც ღმერთი ადამიანებს ელაპარაკება. მოდი და ამის მერე დაიჯერე, რომ რეი ჩარლზი თბილისში ჩამოდის..."

ეს არის ფრაგმენტი ჟურნალისტისა და როკმუსიკის კრიტიკოსის, ბიძინა მაყაშვილის სტატიიდან, რომელიც 1996 წლის აგვისტოს ბოლოს, გაზეთ „7 დღეში" დაიბეჭდა. მაშინ იქ ვმუშაობდი და კარგად მახსოვს ზაფხულის ხვატში გახვეული ის შოკი და მოლოდინიც, ვიდრე შავსათვალიანი ლეგენდა „ღმერთთან მუსიკის ენაზე" საუბარს დაიწყებდა.

ძალიან დიდი დრო გავიდა მას შემდეგ... გასაგებია რომ, ვნებები და შეგრძნებები დაცხრა, თუმცა მოგონებები არ გახუნებულა. დღეს ისინი შეგვიძლია ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ დაბეჭდილ წიგნში - „ბლუზი მტკვრის პირას ანუ მხიარული მუსიკა სევდიან ეპოქაში" , ამოვიკითხოთ.

„ბიძო", ან „თავადი მაყაშვილი", როგორც ჩვენ მას რედაქციაში ვეძახდით, დღეს თავად მიყვება ამ წიგნის შექმნის შესახებ, რომლის „ჰარდ" თუ „ლაით" ისტორიებში მაინც ჩაგესმით სახიჩარი საბჭოთა წარსული. საკმარისია მხოლოდ გადაფურცლოთ, ან ადგილ-ადგილ გადაიკითხოთ წიგნი, რომ მაშინვე თვალში მოგხვდებათ ავტორის ლაღი და საფირმო შავი იუმორი; სრულიად გამორჩეული, ლაკონური და ყოველგვარ გაპრანჭულობას მოკლებული თხრობის მანერა; ლაკონური, ზუსტი და უბრალო წინადადებები, რომელიც ძალიან მსუბუქად იკითხება და რომელშიც მეოცე საუკუნის სამოციანი წლებიდან მოყოლებული,
ლამის მთელი მუსიკალური მიმდინარეობებია ჩატეული.

როგორ მოხვდი «7 დღეში" და როგორ დაიწყე როკ-მუსკის შესახებ წერა?

1992 წლის გაზაფხულზე, როცა ქვეყნის ცხელი პოლიტიკური ამბები ასე თუ დაცხრა, ჟურნალისტებმა ზვიად ქორიძემ და ხათუნა მაისაშვილმა (გაზეთ „7 დღის" დამფუძნებლები - დ.ბ.) დამიძახეს და მთხოვეს, გაზეთში მუსიკის შესახებ რუბრიკა გამეკეთებინა. ხათუნას მანამდეც ვიცნობდი და მანაც იცოდა, რომ როკი და განსაკუთრებით ბრიტანული მუსიკა მიყვარდა. თავიდან ცოტა ვყოყმანობდი, მეგონა გაზეთი „7 დღე" ამის გარეშეც კარგი იყო, მაგრამ პირველივე წერილების მერე ასე ვთქვათ, გავხურდი და თანაც მაშინ თანამედროვე მუსიკის შესახებ ცოტა რამ იწერებოდა. წამეხმარა ჟურნალები, რომლებიც მაშინ გამოდიოდა გაზეთები, რადიო, ტელევიზია. ინფორმაცია მწირი და გაფილტრული იყო, თუმცა ბრიტანულ პრესას მეგობრები მაინც მაწვდოდნენ ხოლმე...

წერის შენეული, ცოტა მსუბუქი სტილი და ბრიტანული იუმორიც ამის შედეგი ხომ არ არის?

შეიძლება, თუმცა ჩემი პატარა საიდუმლობებიც მქონდა. ზოგი სვათა შორის, ამ სტილს ვერ იგებდა და ან არ ესმოდა და მეუბნებოდა ამდენს რატო ღადაობო...არადა, მაშინ ბევრი ახალი და ჩვენი მკითხველისთვის უცნობი ინფორმაცია იწერებოდა მუსიკის შესახებ.

მახსოვს შენი წრილები ბაჩი ქიტიაშვილზე, ირაკლი ჩარკვიანზე, ლადო ბურდულზე... რამდენადაც ძნელი იყო მაშინ ინფორმაციის მოძიება, იმდენად საინტერესო და მნიშვნელოვანი წასაკითხად.

ეს მართლა ბევრ რამეს ნიშნავდა. არამხოლოდ ქართული მუსიკის შესახებ წერა (როგორებიც იყვნენ ჯგუფები - „ბლიცი", „კონტრასტი" ან „ბერმუხა"), არამედ 60-70-იანი წლების მსოფლიო მუსიკის შეხსენებაც. მაგალითად, „ბიტლზი", „როლინგ სტოუნზი", „ყვავილების თაობის" ამბიხი, როკის მნიშვნელობა და გავლენა, ბლუზისა და ჯაზის სურნელი... ასევე, 90-იანი წლების რთული და უკვე მრავალ ჟანრებად დანაწევრებული მუსიკაც შეიძლება გავიხსენოთ. ბევრი რამ, რასაც ახლა ყურადღებასაც არ ვაქცევთ, მაშინ მნიშველოვანი და ინფორმაციულად ფასეული იყო. ეს ინტერნეტის ეპოქაში გახდა ყველაფერი იოლად მისაღწევი და მოსასმენი.

„ბლუზი და როკი სამყაროში დიდი ხმაურით შემოიჭრა და მსოფლიოში არ დარჩენილა ადგილი, სადაც მას თავისებური გავლენა არ მოუხდენია. გამონაკლისი არც საბჭოთა კავშირი იყო - რკინის ფარდის მიღმა არსებულ სივრცეში როკ-მუსიკას ნამდვილი შოკის ეფექტი ჰქონდა. მუსიკას, რომელიც ყოველთვის თავისუფლებასთან ასოცირდებოდა და რომელსაც შეზღუდვით დაინტერესებული ქვეყნის ხელისუფლება ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებდა, ორმაგი ინტერესით ელტვოდნენ საბჭოთა ახაალგაზრდები, შემდგომ კი უკვე - დამოუკიდებელი ქვეყნის შვილები"...ეს ფრაგმენტიც შენი წიგნიდანაა... რამეს ხო არ დაუმატებდი?

 ჰო, სისტემის შეცვლის მერე ბევრი რამ გადავაფასეთ და ეს ბუნებრივია. ერთი რამ, რასაც დღევანდელი თაობა საბედნიეროდ ვერ გრძნობს, ესაა სწორედ აკრძალვა და შეზღუდვა, რომელიც ჩემი თაობისთვის ტრავმასავით აღიქმებოდა. ჩვენი მეხსიერება „რკინის ფარდის" გამო ბევრ რამეს გაცილებით გამახვილებულად და მგრძნობიარედ აღიქვამდა. იქნებოდა ეს როკმუსიკა თუ ენდრიუ ლოიდ ვებერის რატომღაც აკრძალული მიუზიკლები. 80-იან წლებშიც იყო იშვიათი გამონათებები: მაგალთად, ევგენი მაჭავარიანის პოპულარული სატელევიზო გადაცემა „ეს მუსიკაა", გამოდიოდა რუსული ჟურნალი „რავესნიკი", რომელშიც იბეჭდებოდა საინტრესო სტატიები თანამედრივე მუსიკაზე. თუმცა ბრიტანული პრესის ხელში ჩაგდება უკვე „პერესტრიკის" მერე, სულ სხვა რამ იყო. იქიდანაც ბევრ რამეს ვიგებდი. ცოტა გვიან, უკვე დამოუკიდებელ საქართვლოში, თბილისში გაიხსნა „ბრიტანეთის საბჭო" და ქალბატონ მაია ყიასაშვილის დამსახურებით ბრიტანულ პრესას თითქმის ყოველდღიურად ვეცნობოდი.

შენი წერის მანერა მსუბუქია, თითქოს შინაურული და უბრალოც. ამავე დროს, დახვეწილი და ინფორმაციული. თუ არის ეს ყველაფერი წიგნში შენარჩუნებული?

თითქმის ბოლომდე, ვეცადე ყოველ შემთხვევაში... წიგნში მაინც „7 დღეში" დაბეჭდილი მასალებია ძირითადად თავმოყრილი, რომელიც ქრონოლოგიური პრინციპით არის დალაგებული: 60-იანი წლებიდან მოყოლებული, მეოცე საუკუნის ბოლოდე. ეს გახსენებაცაა და ერთგვარი შეჯამებაც. არის ცოტა მემუარული, რეპორტაჟულიც. თუმცა კარგად მახსოვს ჩვენი გაზეთის მიერ პოლიტიკურ ამბებიც - ტერაქტი შევარდნაძეზე, მოქალაქეთა კავშირის დაარსება, მირიანაშვილისა და რეზო ამაშუკელის შავრაზმული სტატიები, „7 დღის" დარბევა, თუ სხვა ამბები... და ეს სოციალური თუ პოლიტიკური ფონი მაინც სულ გასდევს ჩემს ნაწერებს.

როგორ შეადრებდი დღევანდელ მედია-გარემოს და იმ დროს, როდესაც შენ წერდი?

დღეს ძალიან გაიოლდა წერა, რადგან ზოგჯერ ეპატაჟიც კი საკმარისია, რომ საკუთარი ნააზრევი საჯარო გახადო. დაწერო ბლოგები, დაწერო ონლაინ, დაწერო სოციალურ ქსელებში... რეალურად აღარც გჭირდება მედია-პლატფორმა და რომელიმე გავლენიან გაზეთში ან ჟურნალში მუშაობა. თუ ნიჭიერი ხარ, ეგრევე შეგამჩნევენ და პოპულარული გახდები. ჩვენ დროს ეს გაცილებით რთული იყო, რადგან ავტორიტეტებისა და გავლენიანი მედიის დროში ვცხოვრობდით - პოლიტიკური და სოციალური ველით დაწყებული, მუსიკით დამთავრებული.
დღეს ძალიან შეიცვალა წერის სტილი. რთულად ნააზრევსა და წერას, მარტივად წასაკითხი ამბები და ინფორმაციული უნარები ჩაენაცვლა. საკუთარი სტილის მოძებნა აღარ გჭირდება და შეგიძლია ამის გარეშეც წერო. ბევრი რამ ძალიან გამარტივებულია და ეს კარგია, თუმცა ბევრი რამ ზედაპირული გახდა და ეს ალბათ, ინტერნეტის ეპოქის გარდაუვალი სენია.

როგორ ფიქრობ, მკითხველი იოლად მოერევა შენს „მტკვრისპირა ბლუზს"?

მგონი, არ უნდა გაუჭირდეს და თანაც მუსიკაზე კითვა მაინც სასიამოვნო რამაა და არაა ტვინისთვის ძალიან რთული და მავნე.

რას იტყოდი დღეს ძალიან პოპულარულ, მოდურ ელექტრონულ მუსიკასა და მასთან დაკავშირებულ საკლუბო ცხოვრებაზე. არის ეს ახალი დროის შესატყვისი და ხარისხიანი მუსიკა?

ჩვენ ვცხოვრობთ ინფორმაციით, ათასგვარი ფორმით გამდიდრებულ და ყველა ჟანრით გადატვირთულ მუსიკალურ გარემოში. ელექტონული მუსიკაც ამ მრავალფეროვნების ნაწილია, რომელიც საკლუბო ცხოვრების განუყიფელი ნაწილი გახდა. ეს ბუნებრივი პროცესია, რადგან სამყარო დღეს გახსნილია როგორც არასდროს და ყველა სიახლე თუ მუსიკალური მოდა მალევე შემოდის. ასეა თბილისში, რომელსაც „აღმოსავლეთ ევროპის ბერლინს" უწოდებენ. ეს ძალიან კარგია, თუმცა ცოტა საფრთხილოც, რადგან ელექტრონული მუსიკა ზედმეტად მარტივი და ლამის ფუნციურია. დღეს კომპოზიტორები იოლად წერენ ასეთ მუსიკას, რომლიც კლუბებში მალევ ხდება პოპულარული. საქართვლოში არის კომპოზიტორი რომელიც ძალიან კარგ, რთულ და ღრმა მუსიკას წერს ამ ჟანრში - გოგი ძოძუაშვილი.

დღეს ნაკლებად ხარ აქტიური, არც ფესუბუკზე იძებნები. რა ხდება, აღარ გაქვს წერის სურვილი?

ამდენი რამეები რო ვიცოდე, ჩემვისაც კარგია... ჯერ ერთი, ახალ წიგნს ჩავუჯექი, რომელიც უკვე 21-საუკუნის მუსიკის შესახებაა და რომელიც „ბლუზის" ერთგვარი გაგრძელებაა, მეორეც - არ მაქვს სურვილი სიციალურ მედიაში და სმარტფონებში დრო და ენერგია დავხარჯო. უფრო უფრო ჩაღრმავებულ და მემუარულ ჟანრზე ვარ კონცენტრირებული და ამ ჟანრში ვაპირებ რამე დავწერო. თუმცა რა და როგორ, ჯერ არ ვიცი... ვიცი, რომ 21-ე საუკუნის მუსიკას ეხება და ამ ამბავში ჯერ უნდა წავივარჯიშო. ბევრი რამ ისევ პრესაში გამოქვეყნებული მასალებიდან იქნება, ან სტატიებიდან.

ავტორი:დავით ბუხრიკიძე

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა