აქციის მონაწილე ახალგაზრდების პროტესტი რუსული კანონის მხარდამჭერ დავით კაჭარავას
მამუკა მდინარაძე - სანქციებით მუქარას თუ გაუბედავდა ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს ვინმე, ამისი წარმოდგენა შესაძლებელი იყო?
ვიოლა ფონ კრამონი - “ქართული ოცნება” რეალურად “რუსული ოცნებაა”
ანა ფოტიგა - უნდა განვიხილოთ მიზანმიმართული სანქციების შესაძლო დაწესება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
მარკეტა გრეგოროვა - მტკივნეულია იმის ყურება, როგორ უახლოვდება საქართველო სულ უფრო მეტად რუსეთს
სვენ მიქსერი - საქართველო არის კანდიდატი ქვეყანა, მაგრამ თუ ის „უცხოური აგენტების“ კანონს მიიღებს, არ უნდა ელოდოს, რომ ევროკავშირის წევრობას შეძლებს
ევროკომისარი კრიზისების მართვის საკითხებში - ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, ქვეყანას ევროპული გზიდან არ გადაახვევინონ
სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვრის დემარკაცია დაიწყეს

ლევან ვასაძე პოლიტიკაში - საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უკვე აქვს საკუთარი პოლიტიკური პარტია

05.07.2021 | 15:17 ნახვები: 776

ათწლეულების განმავლობაში, პოლიტიკურ ველზე ქართული ეკლესიისა და პატრიარქის რეიტინგების ზომვამ ლოგიკური შედეგი გამოიღო და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უკვე აქვს საკუთარი პოლიტიკური პარტია, გამზადებული ელექტორატით და აკუმულირებული საპროსტესტო ენერგიით.

ლევან ვასაძის ქართულ პოლიტიკაში შემოსვლით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უკვე ღიად ერთვება პოლიტიკურ, უფრო სწორად, გეოპოლიტიკურ ბრძოლაში და როგორც ჩანს, ეს ძალაუფლებისათვის 30-წლიანი ომის ფინალური აქტი იქნება.

როგორც წესი, ბოდბელი ეპისკოპოსის პირით ცხადდება ხოლმე ყოველი დაფარული და აკი, გვითხრა რამდენიმე თვის წინ, უფრო სწორად, უთხრა მეუფე იაკობმა სრულიად ქართულ პოლიტიკურ სპექტრს: „თქვენ არაფრის თავი გაქვთ, ჩვენ გაჩვენებთ, ხალხი ვის გვერდით დადგება"... კვლავ არავინ მიიღო სერიოზულად ბოდბელის განცხადება, თითქოს არ ვიცოდით, მეფის კარზე სიმართლის თქმის უფლება ვის ჰქონდათ.

ვის გვერდით დგას დღეს ხალხი? - რიონისხეობელი მშვენიერი ახალგაზრდა ქართველი კაცის, ვარლამ გოლეთიანის, რომელიც 200 დღეა ქართული მიწის „გაყიდვის" წინააღმდეგ იბრძვის.

კიდევ, სად დგას ხალხი? - „გაყიდული" დავით გარეჯის დასაბრუნებლად.

ვინ გვეცილება რიონის ხეობას ? - „თურქები!" ეს ერთმნიშვნელოვანი პასუხია, თუმცა რუსული პასუხი, რადგან „ენკა" ნორვეგიულ-თურქული კომპანიაა.

ვინ გვეცილება დავით გარეჯს? - „აზერბაიჯანი!" ესეც ერთმნიშვნელოვანი პასუხია, თუმცა რუსული პასუხი, რადგან იქ საზღვარი აზერბაიჯანს არ გაუვლია, სხვათა შორის, ქართველმა გაავლო, რომელის მიმართაც სენტიმენტები იმათ, ვინც დღენიადაგნ გვამადლის სულიერებას და პატრიოტიოზმს, ჯერაც აქვთ!

სად არის ამ დროს ეკლესია? - ყველგან, სადაც ქართულ მიწას იცავენ. ვის გეოპოლიტიკურ ინტერესებში შედის სამხრეთ კავკასიაში თურქეთ-აზერბაიჯან-საქრთველოს სტრატეგიული კავშირის დარღვევა, განსაკუთრებით, ყარაბაღის მეორე კონფლიქტის სტატუს ქვოს შემდეგ? ცხადია, - რუსეთის.

მერე, რა, რომ რუსეთმა ამ 30 წლის განმავლობაში ჩვენი მიწის 20 პროცენტი საერთოდ უკაპიკოდ წაიღო და, პირიქით, ათასობით ქართველის სისხლით გადაგვახდევინა საფასური ჩვენი თავისუფლებისათვის. როგორ საჭირო და სავალდებულოც კი იყო „200 დღე კარვებში პროტესტი" - საზღვრისპირა რეგიონებში, ჩვენი ტერიტორიებიდან გატაცებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით, მტრისთვის ყასიდად მაინც რომ გვეჩვენებინა, რომ მათი ბედი გვაწუხებს. წერილებს კი ხშირად ვუგზავნიდით რუსეთის ბრძენ მართველს. ეგ იყო ოღონდ, რომ პასუხის ღირსად არასოდეს ჩაუთვლია ჩვენი ეკლესია!

საქართველოში ერთი საპროტესო აქციაც არ შენარჩუნებულა ისე ხანგრძლივად, როგორც ნამახვანჰესის საწინაამდეგო პროტესტი. ეს არის პროტესტი თავისი დინამიკით, რიტმით, დრამატურგიით, ძალიან საინტერესო პერსონაჟებითა და ძალიან მზარდი ენერგეტიკული მუხტით. სრულიად წარმოუდგენელია, რომ სპონტანურად შეკრებილ, გამოუცდელ ადამიანებს, მათი გულწრფელობის მიუხედავად, ეს მოეხერხებინათ. იმთავითვე ცხადი იყო, რომ ამ პროტესტის უკან ძალიან სერიოზული ორგანიზებული ძალა იდგა.

რიონის ხეობის მცველებმა რამდენჯერმე დაანონსეს აქციის თბილისში გადმოტანა, მაგრამ გადადეს არცთუ ცხადი დასაბუთების საფუძველზე.

ამჯერად აქცია თბილისში 23 მაისს არის დაანონსებული. ბუნებრივია, რომ 23-ში, დედაქალქში პროტესტის მართვის სადავეები ნამახვანელი ვარლამიდან უკვე რაინდ ვასაძის ხელში გადავა და ეს პროტესტი უკან, რიონის ხეობაში აღარ დაბრუნდება.

საკმაოდ საინტერესო იყო ლევან ვასაძის 6 მაისის განცხადება, რომ მისი პოლიტიკაში შემოსვლისათვის ბოლო წვეთი იყო შარლ მიშელის დოკუმენტი, რომლითაც ევროპამ თავისუფლება წაგვართვა. უფრო ცხადად დალაგებული ფაზლი იშვიათია პოლიტიკაში. რამდენი რამის დაბრუნებისთვის უნდა იბრძოლოს რაინდმა პოლიტიკოსმა?! - თურქებისგან რიონის ხეობის, აზერბაიჯანელებისგან დავით გარეჯის სიწმინდეების, ევროპისგან მიტაცებული თავისუფლების, ამერიკელებისაგან წართმეული ქართველობის და ოჯახის სიწმინდის, ანუ გარე მტრები გარკვეულია, მაგრამ კომბლები მათთვისაც გამოთლილია და ჭერში აწყვია, ვინც რიონის ხეობა „გაყიდა", ვინც გარეჯი „გაყიდა", ვისაც თავის ქვეყანაში ჯაღმაიძის საშვის გარეშე გადაადგილება უნდა, ვისაც „ჰარი პოტერის" წაკითხვა უნდა და, უბრალოდ, ეროტიკული ფილმის ნახვის შემდეგ, კინოდარბაზიდან ჩაფხუტის გარეშე გამოსვლა ურჩევნია.

ახლა, ძნელი სათქმელია, ფინალური აქტის შემდეგ ფარდა რომ დაეშვება, ვინ გამოვა სცენაზე აპლოდისმენტების მისაღებად, მაგრამ გული კი მწყდება - ჩვენს ეკლესიას ისე დაუდგა საქმე, რომ „აცა-ბაცა" კაცების და კომბლიანი რაინდების იმედად მიდის წინასაწარ წაგებულ ომში.

ლელა ჯეჯელავა, ანალიტიკოსი

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა