პეტრას აუსტრევიჩუსი - "ქართული ოცნების" რიგებში რაღაც ფუნდამენტურად არასწორადა, ქვეყანა ლამისაა უკან სსრკ-ში დაბრუნდეს
მამუკა ხაზარაძე - ბევრი ღალატი გვინახავს, მაგრამ პირველად ხდება, რომ დამოუკიდებელ საქართველოში, საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები ხელის მოწერით, დოკუმენტურად აფორმებენ ჩვენი ქვეყნის მომავალს რუსეთზე
შარლ მიშელი - მინდა, ნათელად ვთქვა: კანონპროექტი ევროკავშირისადმი საქართველოს მისწრაფებასთან და ტრაექტორიასთან თანხვედრაში არ არის
შსს - მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის არიდების მიზნით, პარლამენტის ტერიტორიაზე მობილიზებული არიან შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები
სხვადასხვა ონლაინ მედიის რედაქტორი სახალხო დამცველის აპარატში შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ საჩივარს შეიტანს
ლევან ხაბეიშვილი - გთავაზობთ, რომ კანონპროექტი პლებისციტზე გაიტანოთ, არჩევნებთან ერთად ან არჩევნებამდე
გიორგი ვაშაძე მდინარაძეს - ბატონო მამუკა, ამდენი ტყუილი რად გიღირთ? - ვინ დაგავალათ ასეთმა, რას აკეთებთ, რა გაქვთ ამისთანა ვალი?
ნიკა გვარამია - აქ ვიდგებით, რადგან თუ სამშობლოს ღალატის შესახებ კანონს მიიღებენ, უნდა გამოვიდნენ და დაგველაპარაკონ

მოიხსენი ეგ საყურე!!!

09.06.2020 | 19:49 ნახვები: 500

ლელა ოჩიაური

ლევან აკინის ძალიან გახმაურებული და უკვე მრავალგზის წარმატებული ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებაზე ნაცნობი სიტუაციის სხვა განზომილებაში აღმოვჩნდი. და პირდაპირ ვიტყვი, არ ველოდი. ამას წინაპირობები ჰქონდა, რასაც აღარ გავიხსენებ. რადგან უკვე დაკარგა მნიშვნელობა. გადაიფარა. გადაიფარა ბევრად უფრო დიდითა და მნიშვნელოვანით, ვიდრე - ერთი შეხედვით/ნათქვამით/შეფასებულით - ჩანდა და უფრო მასშტაბურითა და ბევრგამზომილებიანით ჩანაცვლდა, ვიდრე წარმომედგინა.
ზოგჯერ ხდება, რომ საინტერესო და მიმზიდველ ადამიანს გაიცნობ და უბრალოდ ბედნიერი ხარ. გიხარია. ეს გაცნობა გიხარია. თურმე ზოგჯერ ფილმის ნახვითაც შეიძლება იყო ბედნიერი. ამ სიტყვას - ბედნიერება - კიდევ ბევრჯერ გავიმეორებ. ბევრჯერვე გავიმეორებ სიტყვა - სიყვარულს - რადგან ამისთვის ყველანაირი საფუძველი მაქვს. და, თუ იმასაც დავუშვებთ, თუ შეიძლება, რომ ფილმი შეგიყვარდეს, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ მე დღეს, თუ დღეიდან, ამ ფილმში შეყვარებული ვარ.
ნაცნობი სიტუაციის იმდენად, რამდენადაც ეს ისტორია უახლესი ქართული ისტორიის ახალი ვარიაციაა, ქართულ კინოში აქტიური თემების, პრობლემების. ერთი გამონაკლისის გარდა. ოღონდ სულ სხვა რაკურსში, კონტექსტსა თუ თემა-პრობლემით წარმოდგენილი. ახალი სურნელით, ახალი ხედვითა და სითამამით. გიჟური სითამამითაც. სამსახიობო გუნდთან და სადადგმო ჯგუფთან ერთად. პირველ რიგში, პროდუსერ ქეთი დანელიას გამბედაობით. სითამამე და გამბედაობა კი, როგორც ვიცით, უმეტესად, ჯილდოვდება.
მშვენიერია ტრადიცია და მშვენიერია, როდესაც შეიძლება, სწორედ ტრადიციაზე გავლით, შექმნა შენი სამყარო, საკუთარი კანონები, საკუთარი „ცეკვა" და იცეკვო ისე, როგორც არავის არასდროს უცეკვია. იცეკვო მასთან ერთად, „მისთვის" და მის გარეშეც. გიყვარდეს და იყო ბედნიერი. თუნდაც ცოტა ხანს გაგრძელდეს ურთიერთობაც და ბედნიერებაც. და გიხაროდეს, რომ ახალი დღე იწყება და მას აუცილებლად ნახავ. ხმის გაგონებაც კი გახარებდეს და წამიერი, საბოლოო შეხვედრაც. იყო იმედითა და სიხარულით დამუხტული და იყო სევდიანიც, როდესაც შეყვარებული დაგტოვებს და მაინც სავსე - სიყვარულითა და სიყვარულის სიხარულით.
ცენტრში ორი ახალგაზრდა კაცის შეყვარებისა და სიყვარულის ამბავია. პირველი დანახვის, მზერის ობიექტად ქცევის, დაკვირვების, აღმოჩენის, შეყვარების, ვნების დაბადების, ურთიერთობის (თუმცა ხანმოკლე) არაჩვეულებრივი პროცესის მომსწრეებად ვიქცევით, სრულიად არაჩვეულებრივი და დაუჯერებელიც კი, გულწრფელობითა და პროფესიონალიზმით, უშუალობითა და დახვეწილი ნიუანსებით შექმნილ სამყაროში, რომლის „მთავარი გმირები" - ნაციონალური ცეკვის ანსამბლის მოცეკვავეები - ლევან გელბახიანი და ბაჩი ვალიშვილი არიან. და არანაკლები მნიშვნელობისა და ფუნქციის - ანა ჯავახიშვილი და გიორგი წერეთელი - ეს ახალგაზრდები - ასეთი თავისუფლები, ასეთი ლაღები, ასეთი ლამაზები, ასეთი ნიჭიერები - წონასწორობის ურთულეს და სახიფათო ხაზზე ბალანსირებენ, ამბის სხვა მონაწილეებთან - კახა გოგიძე, ალეკო ბეგალიშვილი, მარლენ ეგუტია, მაკა გოგიჩაიშვილი, თამარ ბუხნიკაშვილი და სხვები და სხვები - ერთად.
ასე გახსნილად და ასე თავისუფლად ამ, „დახურულ", ბევრი მიზეზით „საფრთხილო" თემაზე ქართულ კინოში დღემდე არავის უსაუბრია და მით უმეტეს, ასე „აშკარად" არ უჩვენებია. პირველი წინააღმდეგობები დაძლეულია, პირველი ნაბიჯი გადადგმული. მერე რა, რომ, წარმოშობით ქართველი რეჟისორი ლევან აკინი, ქართულ კინოს არ წარმოადგენს. ფილმი ქართულ სინამდვილეს ასახავს, ქართველი მსახიობების მონაწილეობით. ქართუ;ი ცეკვისა და მუსიკის გარემოცვაში. ამ სამყაროში პირველი კარი შეღებულია და მასში არაერთი აღმოჩენის გაკეთებაცაა შესაძლებელი. თუმცა, ეს თემა, ეს ხაზი მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულია, მაგრამ არაა ერთადერთი და მთავარი.
შეიძლება შენც ცხოვრობდე ისე, როგორც სხვები. ცეკვავდე „მეორეხარისხოვან" ანსამბლში და „მთავარ ანსამბლში" მოხვედრაზე ოცნებობდე, როგორც ყველა; დიდი ხანია გყავდეს პარტნიორი გოგონა, რომელთან კიდეც მეგობრობ და მოგწონს კიდეც; ემზადებოდე კონკურსისთვის და ვარჯიშობდე. ერთ დღეს კი შეიძლება კარი გაიღოს და დარბაზში შემოვიდეს ვიღაც - ახალი მოცეკვავე, ლამაზი და მოხდენილი, ანგელოზისსახიანი მაცდური დემონივით, რომელიც თითქოს სხვა განზომილებიდან იჭრება რეალობაში, შემდეგ ქრება, შემდეგ ბრუნდება, შემდეგ ისევ მიდის. როდესაც შეიძლება ერთმა მზერამ თუ შეხედვამ ცხოვრების ჩვეული რიტმი და დინება არიოს. ყველაფერი შეცვალოს. ყვე-ლა-ფე-რი!
ადვილი არაა ყოფნა საზოგადოებაში, რომელიც „თავისას მოითხოვს", რომელსაც არ უყვარს ისინი, რომლებიც დანარჩენებისგან განსხვავდებიან, სხვასავით არ იქცევიან, არ ფიქრობენ, არ საუბრობენ, არ გამოიყურებიან. საყურეს ატარებენ თუ ჩოხაში იმოსებიან. არ ესმის, არ უნდა დაინახოს და მიიღოს, როდესაც ვიღაც ჩარჩოების რღვევას იწყებს. საზოგადოება ქმნის პირობას, იცხოვრო ისე, როგორც „უნდა იცხოვრო", შენ კი „ასე" ცხოვრება არ შეგიძლია. საზოგადოებაში, რომელიც არაა შემწყნარებელი არა იმიტომ, რომ არ შეუძლია შემწყნარებელი და თანამდგომი იყოს, არამედ იმიტომ, რომ სხვაგვარად ვერ წარმოუდგენია. სხვაგვარად არ იცის. ასე ასწავლეს, ასე გაზარდეს, ასეთ ხაფანგში მოაქციეს და შედეგად, თავადაც ასე აგრძელებს საკუთარ თუ სხვათა ცხოვრებას.
შემდეგ, ეს ადამიანები გაიძულებენ, დაემორჩილო მათ ნებას - მოიყვანო ცოლი, გათხოვდე, იცეკვო ისე, როგორც ყველა ცეკვავს და არა ისე, როგორც გეცეკვება - რადგან ასეა საჭირო და რადგან ასეთ პირობას გიყენებენ, იძულებული ხდები, აღასრულო წეს-ჩვეულებები, რომლებსაც დანარჩენები მისდევენ და სწორად ის მიაჩნიათ, რაც მათი წარმოდგენითაა სწორი და მართალი. ან წახვიდე!..
თუმცა, აქ არ არიან მშობლები, რომლებიც „ომს" უცხადებენ შვილებს. აქ არაა ოჯახები, რომლებიც შვილებს ცხოვრებას უმახინჯებენ. აქ, სოციალური თუ სხვა მსგავსი, საზოგდოებრივი, პოლიტიკური პრობლემების მიუხედავად (რაც ყველა ოჯახშია და თითოეული პერსონაჟის ხაზში, თუნდაც ერთ რეპლიკაში, თუნდაც ერთ გამოხედვაში იჩენს თავს), ნორმალური მამები, დედები და ბებიები არიან, რომლებიც ზრუნავენ შვილებსა და შვილიშვილებზე და ისინიც სიყვარულითა და მზრუნველობით პასუხობენ მათ.
თითოეული მათგანის წარსული და აწმყო, რეალობა, რომელშიც ისინი აღმოჩნდნენ, სხვა ადამიანური თუ ფსიქოლოგიური ფაქტორების პარალელურად, სახელმწიფოში არსებული რეალობის მეტაფორულ სურათსაც აჩვენებს. უფრო ზუსტად, პირველ რიგში, ამას აჩვენებს. დღეს ამ ადამიანებს ყველაფერი წარსულში დარჩათ - ზოგს დიდება, ზოგს - ქონება, ზოგს - ბედნიერად და ერთად ყოფნის სიხარული. ყოფამ და ყოველდღიურობამ აჯობა მათ და აწმყოს საღად აღქმის უნარი და მომავლის იმედი, რწმენა წაართვა. მათაც ამ გარემოებებში, ამ სოციალურ-პოლიტიკურ პირობებში, ამ საზოგადოების ასეთ მორალურ-ზნეობრივი კანონების გარემოცვაში მოუწიათ ცხოვრების გავლა და ასეც გრძელდება.
დროის ბევრი ნიშანი, ბევრი მახასიათებელია, რომლებიც თანდათან და სხვადასხვა დეტალში იშლება. „იტალიური ეზოები" და მრავალსართულიანი კორპუსები; ძველი, ერთ დროს ფეშენებელური აგარაკები და სარემონტო სარეპეტიციო დარბაზები, ჩაბნელებული ღამის კლუბები და რესტორნები, „საშუალოსტატისტიკური" კლიენტებისთვის, ბაზრობები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ცირკის „პლეშკა" და ა.შ. და ა.შ. ყველა ადგილს თავისი ნიშან-თვისებები, მნიშვნელობა თუ „ადგილი" აქვს. ყველგან საკუთარი ცხოვრების წესი, თავისებური ურთიერთობა და მეტყველებაა.
სხვა საზოგადოებაში დაბადებული და გაზრდილი ლევან აკინი იმ კომპლექსებისგან თავისუფალია, ჩვენ რომ გვაწუხებს. ის ყვება ამბავს, რომლის მთავარი გზავნილი, მთავარი ხაზი ახალგზრდა ადამიანების დრამაა თანამედროვე საზოგადოებაში და ამ საზოგადოებისვე დრამა, რომელიც რთულ პირობებში არსებობს, აწმყოსა თუ წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე. რეჟისორი ყვება მსუბუქი, ლაღი და თავისუფალი მანერით; არაფერს ამძაფრებს და ამუქებს. ის მორალს არავის უკითხავს და არავის კიცხავს. აჩვენებს ცხოვრებას, რომელშიც არაფერია გამოგონილი და არაფერია ყალბი.
ლევან აკინი ყველაფერს - „ფილოსოფიური სიმშვიდით" უყურებს და სამყაროს, მოვლენების, პრობლემების ხედვის, მათ მიმართ დამოკიდებულების საკუთარ ვერსიას გვთავაზობს. არ წავაგებთ, თუ გავიზიარებთ.

(მასალა გამოსაქვეყნებლად მოწოდებულია ავტორის მიერ)

ყველას ნახვა
ყველას ნახვა