„10-წლიანი მოღვაწეობის მიწურულს ქვეყანაში შექმნილი ვითარება მაფიქრებინებს, რომ ამჟამინდელი როლითა და რესურსით ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტის და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების განვითარების ხელშეწყობა ნაკლებად რეალური ხდება," - ამის შესახებ უფროსი პროკურორი ზაზა დათუკიშვილი აცხადებს და თანამდებობას ტოვებს.
მისი თქმით, საქმიანობას სამოქალაქო სექტორში გააგრძელებს.
„როგორც თქვენთვის ცნობილია, მალე 10 წელი სრულდება, რაც ვმუშაობ საქართველოს პროკურატურაში უფროსი პროკურორის თანამდებობაზე. ეს იყო გამოწვევებით, სირთულეებით, სიახლეებითა და გამარჯვებებით სავსე 10 წელი. განსაკუთრებულად მინდა გამოვყო ბოლო 4 წელი, როდესაც ვიმსახურე, როგორც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პროკურორმა. ამ წლების განმავლობაში მუხლჩაუხრელად ვიბრძოდი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, როგორც მართლმსაჯულების მართლაც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ინსტიტუტის განვითარებისთვის. მეამაყება, რომ ჩემს გუნდთან ერთად უდიდესი წვლილი შევიტანე ამ სფეროში პროკურატურის როლის გაძლიერებაში. ჩვენ მიერ ჩატარებულმა ისტორიულმა პროცესებმა შეუქცევადი გახადა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განვითარება, რომელიც, ჩემი ღრმა რწმენით, დღეს არის ერთ-ერთი მიუკერძოებელი, ობიექტური და სამართლიანი მართლმსაჯულების ფორმა ჩვენს ქვეყანაში.
თუმცა, 10 წლიანი მოღვაწეობის მიწურულს ქვეყანაში შექმნილი ვითარება მაფიქრებინებს, რომ ამჟამინდელი როლითა და რესურსით ამ ინსტიტუტის და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების განვითარების ხელშეწყობა ნაკლებად რეალური ხდება.
სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე დავტოვო პროკურორის თანამდებობა, მივიღო ახალი გამოწვევა და განვაგრძო დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის მშენებლობისთვის ბრძოლა აწ უკვე სამოქალაქო სექტორიდან. მჯერა, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვნად გააძლიერებს ადვოკატთა კორპუსს და სამოქალაქო სექტორს, რაც ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების სისტემის განვითარებას. ჩემი ახალი ასპარეზის შესახებ კონკრეტულად მოგვიანებით შეგატყობინებთ, თუმცა, თამამად ვაცხადებ, რომ ეს იქნება შესაძლებლობა ვაკეთო ჩემი საყვარელი საქმე, ვემსახურო იდეას, რომლისაც მჯერა, და ჩემი ცოდნა და გამოცდილება მოვახმარო ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას"-წერს დათუკიშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე.
ზაზა დათუკიშვილი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გახმაურებულ საქმეებზე იყო პროკურორი, მათ შორის სმიტების მკვლელობის საქმეზე.