დავით ბუხრიკიძე: მოემზადეთ კულტურის გაკვეთილებისთვის

02.16.2021 | 13:26

პარლამენტში თეა წულუკიანს თითქმის კულტურის მინისტრად მოიაზრებენ

ავტორი: დავით ბუხრიკიძე

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომელიც რამდენიმე წლის წინ ვიღაცეების უცნაური ახირებით თავკომბალად იქცა, მალე ისევ გაიყოფა და დანაწევრდება. მოსალოდნელი ცვლილებების გათვალისწინებით, ისევ ცალკე უწყებად ჩამოყალიბდება კულტურის სამინისტრო, რომელსაც ქალბატონი თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე კი მიხეილ ჩხენკელი დარჩება.
როგორც ჩანს, „ქოცნების" ყველაზე სტაჟიან და ყველაზე ერთგულ სიმბოლოს, პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურის ახლანდელ თავმჯდომარეს, ქალბატონ თეა წულუკიანს კულტურის მინისტრობას უპირებენ. მართალია, ეს ჯერ კიდევ მოარული ჭორია, მაგრამ ერთობ აქტიური და არცთუ უსაფუძვლო. იმდენად რომ, ერთ მდინარეში ბევრჯერ შესულ და იქიდან გამოსულ დავით ოქიტაშვილს, რომელიც კარგა ხანია ისეთ უცნაურ ორგანიზაციას განაგებს, როგორიცაა „საქართველოს კულტურის პალატა", ეს ნამდვილდად სჯერა:
„დღეს კულტურის სამინისტროს სჭირდება ზუსტად ისეთი ადამიანი, როგორიც პრინციპული ქალბატონი თეა წულუკიანია... უმთავრესი, რაც თეამ უნდა გააკეთოს, ის არის, რომ უნდა იყოს ყველას მინისტრი და არ უნდა იყოს დაყოფა, რაც იყო წინა ხელისუფლების დროს. ეს ტენდენცია უნდა დაინგრეს. მე ვიცი წულუკიანის გეგმები. ის პრინციპულად მზად არის, რომ ყველა ადამიანს შეხვდეს და უკვე დაიწყოს ეს შეხვედრები. კულტურა ადვილი სფერო არ არის, მას ძალიან ცუდი მემკვიდრეობა ხვდება. ჩათვალეთ, კულტურის სამინისტრო არ არსებობს. დღეს მთავარია, იყო კარგი მენეჯერი და გყავდეს პროფესიონალთა გუნდი და არა დეიდაშვილი, მამიდაშვილი, პარტიის წარმომადგენელი, ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოისპოს საქართველოში".
კიდევ უფრო მნიშვნლოვანია საინფორმაციო გზავნილი და ამას მოყოლებული ფოტოც - ქალბატონ წულუკიანის ვიზიტი თითქმის მუზეუმად ქცეულ რუსთაველის თეატრში და მისი შეხვედრა სამხტვრო ხელმძვანელსა და მაესტრო კარაბას-ბარაბასათან, რობერტ სტურუასთან. რაც ჭორად ქცეულ მითს რეალობას უფრო მეტად ამსგავსებს.
და მაინც, რაში სჭირდება ისედაც მრავალტანჯულ და კრიზისულ ვითარებაში მყოფ „ოცნების" ხელისუფლებას წულუკიანის გადასროლა კულტურის ფრონტზე? მითუმეტეს, როცა ამ სფეროში მას არც გამოცდილება და კავშირები აქვს, არც კულტურის შრეებსა და კონტექტს იცნობს საფუძვლიანად. რომ არაფერი ვთქვათ, ამ სფეროში მომუშვეთა ნდობისა თუ მხარდაჭერის დეფიციტზე.
როგორც ამბობენ, მმართველ გუნდში ამ საკითხის ირგვლივ კონსულტაციები უკვე დიდი ხანია გაიმართა და საზოგადოების „არაჯანსაღი ვნებები" ქალბატონ თეა წულუკიანთან დაკავშირებით ნაკლებად აღელვებთ. ნიშანდობლივია, რომ მიხეილ ბატიაშვილს, რომელსაც 2018 წლის ივლისიდან თითქმის 2019 წლის ბოლომდე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობა ეკავა, გარკვეულწილად უკვე შეამზადებული ჰქონდა ცვლილებები სამთავრობო დონეზე... მოკლედ, უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ კულტურის სამინისტრო ისევ საკუთარ კოორდინატებს დაბრუნებოდა.
გავიხსენოთ 2019 წელს, მიხეილ ბატიაშვილის მიერ მინისტრის რანგში გაკეთებული ბოლო განცხადებაც: „ცვლილებები და პროცესი მუდმივად მიმდინარეობს და სავარაუდოდ, შეიძლება განხორციელდეს მომავალი წლიდან. ჯერ კიდევ საკმაო დროა, რომ ჩამოყალიბდეს სწორი ხედვა, კონკრეტულად როგორ მოხდება სფეროების საერთოდ გაყოფა... ბოლომდე ვერ დაგიდასტურებთ, მაგრამ ეს დრო იმისთვისაა, რომ გრძელვადიანი პოლიტიკა ჩამოყალიბდეს ისე, როგორც საქმეს წაადგება"...
როგორც აღმოჩნდა, ფრაზა „საქმეს წაადგება" ახლა უკვე დადასტურებული ამბავია და მისი აღსრულება „ოცნებამ" 2020 წლის არჩევნების შემდეგ შემოინახა. თუმცა მას „პატარა რკინის ლედის" გამინისტრების დასაბუთება თუ „გაპრავება" მაინც მოუწევს. მაგრამ რატომ წულუკიანი და არა ვთქვათ, ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძვანელი ბადრი მაისურაძე?.. რომელსაც სხვათა შორის, ჯერ კიდევ გასულ წელს „ოცებაში" კულტურის სამინისტროს ნომერ პირველ კანდიდატად მოიაზრებდნენ. ასეთი უცნაური ტრანსფორმაცია კითხვებს ნამდვილად ბადებს, თუმცა ბევრი რამე ჯერ კიდევ გასარკვევია.
2012-2014 წლებში კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მწერალი და პუბლიცისტი გურამ ოდიშარია იყო, რომელმაც 2014 წელს როგორც მინისტრმა, ბერლინში ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც 2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის „საპატიო სტუმარი" გახდა და ეს ბოლო წლების ყველაზე გამორჩეულ მოვლენად იქცა. თუმცა ქართული არტის ძველმაც და ახალმა ფრთამც კრიტიკულ მომენტში მას მაინც ზურგი აქცია.
2014 -2018 წლებში კულტურის მინისტრის თანამდებობას დათანხმდა კომპანია „ისთერნ პრომოუშენის" გენერალური მენეჯერი, ყოფილი წყალბურთელი, ჯაზით შთაგონებული და მუდამ კრეატიულად მომღიმარ-გარუჯული მიხეილ გიორგაძე. თუმცა კომერციულ მუსიკასა და ჯაზ-ფესტივალებში გაწაფულ მენეჯერს ხელისუფლებამ კულტურის დაცარიელებული და საკმაოდ შელახული ბიუჯეტი დაახვედრა. რამდენიმე წელში, ჯაზ-ფესტვალებისა და პროექტ „ჩექინ ჯორჯიას" შემდეგ კი „ოცნების" ხელისუფლება სამინისტროს არაეფექტურობსა და თანხების არარაციონალურ განკარგვაზე ალაპარაკდა.
2018 წლიდან კულტურის სამინისტრო ოპტიმიზიციის მიზეზით გაუქმდა და განათლებას, მეცნიერებას და სპორტს შეუერთდა. მივიღეთ ერთგვარი მონსტრი - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დამთავრებული, 1998-2002 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ეკონომიკური რეფორმების ცენტრის დირექტორის მოადგილე და ამავე წლებში კომპანია „ბიზნეს კონსალტინგის" დირექტორი, მიხეილ ბატიშვილი ხელმძღვანელობდა. კულტურის სფერო კი დეპარტამენტად გადაკეთდა და რეალურად ყველა თავისი ფუნქცია დაკარგა. არადა, მუდმივი რეორგანიზაციისა და ქაოსური ცვლილებების ფონზე, ვერ მეცნიერებამ მიიღო რაიმე შეღავათი, ვერც კულტურამ და ვერც სპორტმა.
საბოლოოდ, კულტურის სამინისტრო ისევ საკუთარ თავსა და ავტონომისა უბრუნდება, რომელსაც სავარაუდოდ, უკვე იუსტიციის ყოფილი მინისტრი ჩაუდგება სათავში. რატომ და რამდენ ხანს ვერავინ იტყვის, რადგან ხელისუფლებას კულტურის პოლიტიკისთვის ჯერ არ სცალია... ჯერ სხვა ამოცანები ქვს - როგორმე ოპოზიცია უნდა შეიტყუოს პარლამეტში, თეა წულუკიანის ამბიციებს კი როგორმე მოუძებნის ადგილსა და სივრცეს. ასე რომ, კულტ-მუშაკებო, მოემზდეთ ღრმა და ყოვლისმომცველი დიალოგებისთვის ქალბატონ თეასთან, ვიდრე კულტურის სტრატეგია მისთვის ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია... და ვიდრე რუსთაველის თეატრში კონსულტაციებს გადის დიდ მაესტროსთან.