In Donetsk region, 3,144 children still live in communities along frontline
UK Defense Secretary calls on Europe not to impose restrictions on trade with Ukraine
Russia’s combat losses in Ukraine up to almost 440K
War update: 60 combat clashes in Ukraine past day
Black Sea Arena- BSA.ge-ზე მხოლოდ Star Ring კატეგორიის ბილეთები იქნება ხელმისაწვდომი, TKT.ge-ზე კი ყველა კატეგორიის ბილეთის შეძენა იქნება შესაძლებელი
ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, 3 უახლესი SHUTTLE BUS ივლის
თიბისის შეხვედრები „გლობალური ფულის კვირეულის“ ფარგლებში
ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე ორი პირი დააკავეს

პოეზიის, ბიოგრაფიისა და მელანქოლიის ხილვები

01.12.2021 | 13:19 ნახვები: 1416

მალე პოპულარული ამერიკული ონლაინ-პლატორმა Netflix-ი მაყურებელს ცნობილი ქართველი სცენარისტის, დრამატურგისა და მხატვრის, რეზო გაბრიაძის ანიმაციურ ფილმს - „ჰარი-ჰარალე დედაო", შესთავაზებს.

ავტორი: დავით ბუხრიკიძე

ანიმაციური ფილმი, რომელიც 2012-2019 წლებში მოვლენად იქცა მთელს პოსტაბჭოთა სივრცეში და ევროპულ კინოფესტივალებზე, უკვე ინგლისურენოვანი მაყურებლოსთვისაც ხელმისაწვდომია. ანიმაციურ ფილმის სცენარის ავტორი და მხატვარი თავად რეზო გაბრიაძეა, რომელმაც 400-მდე გრაფიკული და ფერდი ნამუშევარი შექმნა, ხოლო რეჟისორი - მისი შვილი, რეჟისორი ლევან გაბრიაძე. ფილმის შექმნაში უდიდესი წვლილი მიუძღვის აღმასრულებელ პროდიუსერსა და პოპულარული თანამედროვე რუსული ბლოკბასტერების (მათ შორისაა კომერციულად ყველაზე წარმატებული „ღამის გუშაგის" ) ავტორსა და რეჟისორს, ტიმურ ბეკმამბეტოვს.
სწორედ პროდიუსერის ხელშეწყობითა და კარგად ორგანიზებული რეკლამის წყალობით, რეზო გაბრიაძის ანიმაციური ნამუშევარი ამერიკის კინოგაქირავებაში „Rezo"-ს სახელით უჩვენეს. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს „ჰარი-ჰარალე დედაო" (ფილმის რუსული სახელწოდებაა „Знаешь, мама,где я был?") რუსეთის სახელით „ოსაკარზე", საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების ნომინაციაში, შორტ ლისტშიც მოხვდა.უკვე 2021 წლის იანვრიდან კი Netflix-ის მაყურებელისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
ფილმში მოქმედება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ქუთაისში ხდება. მთავარი გმირი თავად რეზო გაბრიაძეა - უცანურ ფანტაზიებსა და წარმოსახვაში მცხოვრები 10 წლის ბიჭუნა, რომელიც მაყურებელს ომისშემდგომი იმერეთის ყოფას საოცარი პოეტური, აბსურდული და ირონული დეტალებით უყვება. ეს არამხოლოდ ბიოგრაფიული დეტალებით გამდიდრებული ფილმია, სადაც ბავშვური წარმოსახვა მკაცრ და დაუნდობელ რეალობას ეჯახება, არამედ ერთგვარი ლიტერატურული„ფენტეზიც", რომელშიც ავტორისთვის დამახასიათებელი თხრობის სიმსუბუქე, ფერწერული ნაივურობა, პერსონაჟების კომიკურ-სახასიათო აღწერა და გაბრიაძის საფირმო ირონიული სევდაა გაზავებული.
როგორც არ უნდა შეეცადოთ, თითქმის წარმოუდგენელია ამ ერთსაათიან ანიმაციურ-პოეტურ ფილმს ნეიტრალური დამკვირვებლის თვალით შეხედოთ. თუ მაგალითად, მოინდომებთ მეორე მსოფლიო ომის საშინელების დანახვას, ამ განზარახვას უთუოდ გაანეიტრალებს გერმანელი ტყვეების სვლა „თეთრ ხიდზე" ბავშვების ირონიული შეძახილებითა და თანხლებით. ხოლო მათი ცხოვრების აღწერა იმერელი ბებია-ბაბუის სახლში, გასაოცარ ჰუმანიზმსა და იუმორს ასხივებს. თუ ნომერ მეექვსე ბიბლიოთეკის კედლებზე სტალინისა და ლენინის პორტრეტებს განვლილი ეპოქის სისატიკით შეაფასებთ, ამაშიც მოტყუვებით... პატარა რეზოს წარმოსახვაში რევოლუციის ბელადები უხამსი ანეკდოტის პერსონაჟებს გვანან, რომლებიც თავიანთი გაფუყული სიმკაცრით შებრალებასა და სარკაზმს უფრო იწვევენ, ვიდრე გაკიცხვას.
სპექტაკლებისა თუ სცენარების მსგავსად, ეს ფილმიც გაბრიაძის მხატვრული სტილის კვინტესენციაა. ამავე დროს, მისი ერთგვარი „ამარკორდიც", სადაც ფელინის ფილმის მსგავსად, ფანტაზია და რეალობა ისე ავსებს ერთმანეთს, სიმსუბუქის ისეთ შეგრძნებას იწვევს, რომ შეუძლებელია მოსაწყენად მოგეჩვენოთ.
„ჰარი-ჰარალე დედაო" ანიმაციისა და დოკუმენტური თხრობის შერწყმის იშვიათი მაგალითია. ერთი მხრივ, ეს არის რეალური პიროვნების, მწერლის, მხატვრის ბიოგრაფია, მეორეს მხრივ, ხელით დახატული ანიმაცია, რომელიც აბსოლუტურ თავისუფლებას ანიჭებს ნებისმიერი ფანტაზიის გამოხატვას ეკრანზე.
საკმაოდ დიდი დრო ეთმობა ბავშვობის ხანას ქუთაისში და არდადეგების აღწერას ბებიის სოფელში, სადაც პატარა რეზო ცხოველებს უმეგობრდება და მოზრდილთა ურთიერთობებს მარტივად, გაცნობიერებული სიღრმის გარეშე აღიქვამს... ეს წარმოუდგენლად სასიამოვნო სანახაობაა, რადგან იოლად იჯერებთ ამბებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი აშკარად გამონაგონია. ფილმის რეჟისორი ლევან გაბრიაძე იმას აკეთებს, რაც ალბათ, საუკეთესო საჩუქარია რეზო გაბრიაძისთვის. ის თითქოს კრებს, აერთიანებს მამის გამოგონილ და რეალურ ისტორიებს და უნარჩუნებს მათ მითიურ მარადისობას.
ვისაც უშუალოდ ახსოვს გაბრიაძის მიერ შექმნილი ლეგენდარული მარიონეტების თეატრის სპექტაკლები, მათთვის ანალოგიები რეზო გაბრიაძის ფილმის სამყაროსთან იოლია და გასაგები. მარიონეტების ცნობილ თეატრში, რომელიც ძველი თბილისის მყუდრო უბანში, გასული საუკუნის 80-ინ წლებში შეიქმნა, მაყურებელს რეზო გაბრიაძემ სრულიად უჩვეულო, განსახვავებული სამყარო დაანახა - რეალობა აუცილებლად გაზავებულია ფანტაზიათან, ცხოველები ადამიანებივით იქცევიან, საგნები ფილოსოფიურ-მეტაფორულ განზომილებას იძენენ; სადაც ორ საბჭოთა ელმავალს ერთმანეთი უყვარს; სადაც ყვავს, სახელად ბორია პენსიონერი ბებია დომნა ებრალება; სადაც ჭიანჭველები და ცხენები დამანგრეველი მასშტაბის სტალინგრადის ომს აღწერენ...
რეზო გაბრიაძის ამ მოუხელთებელმა, გასაოცარმა, ოდნავ მისტიკურმა, თბილი იუმორითა და ხიბლით აღწერილმა სამყარომ ცხადია, ფილმშიც გადმოინაცვლა და ანიმაციურ სამყაროს შეერწყა. ცალკე განხილვის საგანია ფილმში ჩართული მთხრობელის დოკუმენტური კადრები, რომელიც ერთგვარად არღვევს ანიმაციური მთლიანობის სამყაროს, თუმცა აკონკრეტებს გარკვეულ კითხვებს ავტორის მიმართ, ან პირიქით ახალ, მიუღწეველ და ინტეგრალური შინაარსის კითხვებს ბადებს.
თუმცა ეს კითხვები მაშინვე ქრება, როდესაც კამერა მაგიურ სივრცესა და მანძილს ქმნის, რომელიც საშუალებას აძლევს მაყურებელს თვალი გაუსწოროს ავტორისა და მთხრობელის ოდნავ დაღლილ, დამორცხვებულ სახეს. „ჰარი-ჰარალო დედაო" ბიოგრაფიის, პოეზიისა და მელანქოლიის ისეთ შრეებს გულისხმობს, რომლებიც როგორც წესი, ცხოვრებისგან დაბრძენებულებს ახასიათებთ...
„საქართველო, ქუთაისი. ომი ახლახან დასრულდა, სიხარული ნაკლებად იყო. ნერვები ყველას დაძაბული ჰქონდა, უსახლკაროები ჯგუფებად დაძრწოდნენ. მე პარტიზანივით ვცხოვრობდი მშობლიურ ქალაქში, სადაც თავისუფლების ერთადერთი კუნძული, სადაც თავს კარგად ვგრძნობდი, N6 ბიბლიოთეკა იყო"- ასე იწყება მხატვრის, მწერლისა და რეჟისორის, რეზო გაბრიაძის ბავშვობის საოცარი ისტორია, რომელსაც ის აღწერს ფილმში; ყოველგვარი ჭკუის დარიგებისა და პათეტიკის გარეშე. ის საუბრობს თითქმის ყველაფერზე: სიყვარულზე, პატივისცემაზე, მონანიებაზე, პატიებაზე, სევდაზე, მიუწვდომელ თუ მიუღწეველ ოცნებებზე, რომელთა გარეშეც ცხოვრება არაფერს ნიშნავს.
... და კიდევ, რეზო გაბრიაძე გვიმხელს რამდენი სიღრმე და შეუმჩნეველი სილამაზეა ცხოვრებისეულ წვრილმანებში, რომლებსაც ყოველდღიურად გადავაბიჯებთ და რომლებსაც ვერასდროს ვამჩნევთ!

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა