ლევან ხაბეიშვილი - სახელმწიფოს ყველაზე დიდი შეურაცხყოფა, დამცირება და დაცინვა
მამუკა ხაზარაძე - მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ
ALDE და Liberal International - ახალი პრეზიდენტის „არჩევა“ ქართველი ხალხის სურვილებს არ ასახავს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - ყაველაშვილი ერთპარტიულად დანიშნული არალეგიტიმური პრეზიდენტია
რასა იუკნევიჩიანე - დღეს საქართველოში რეალური არჩევნები არ ყოფილა, რაც მოხდა ფარსი იყო
სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებს - მადლობა თქვენ, მადლობა ჩვენ ახალგაზრდებს
ეგრეთ წოდებულმა საარჩევნო კოლეგიამ ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია
მამუკა ხაზარაძე - არალეგიტიმური ხელისუფლების ნებისმიერი ქმედება, მათ შორის ე.წ. პრეზიდენტის დანიშვნა, კანონგარეშეა

ამერიკული სანქციების სუსხი

19.09.2024 ნახვები: 536

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და ხაზინის მიერ, საქართველოს მთავრობის წევრების და „ალტინფოსთან“ დაკავშირებული პირებისთვის სანქციების დაწესებას აფასებენ ვაშინგტონში. ამერიკელი ექსპერტები განმარტავენ, რომ სანქციების მორიგი ტალღა ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობების მკვეთრი გაუარესების ნიშანია, ის შესაძლოა ერთგვარ წინსაარჩევნო გაფრთხილებადაც აღიქმებოდეს და რომ ამ ნაბიჯით ამერიკა საქართველოს მთავრობას აფრთხილებს - საკმარისია!

სანქციების მორიგ ტალღაში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და ხაზინა ერთად არიან ჩართული. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკის საგარეო უწყება საქართველოს მთავრობის წევრებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს, ამ დროისთვის, დაახლოებით 100-მდე ოფიციალურ პირსა და მათი ოჯახის წვერებს დაუწესდათ სავიზო შეზღუდვები, თუმცა, როგორც წესი, სახელმწიფო დეპარტამენტი ამ ადამიანების ვინაობას არ ასახელებს.

ე.წ „უცხოეთის აგენტების“ კანონის შემოღების შემდეგ, ამერიკამ ნელ-ნელა დაიწყო პასუხისმგებელი პირებისთვის შემაკავებელი ზომების დაწესება. თუმცა პირველად, ბოლო რამდენიმე თვეში, საქმეში ჩაერთო ხაზინაც, რაც ფინანსურ სანქციებს გულისხმობს.

დევიდ კრამერი, ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის დირექტორი, თავად იყო სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი. ის „ამერიკის ხმასთან“ საუბარში განმარტავს, რატომაა ეს სანქციები ასე მნიშვნელოვანი.

“ხაზინა საქმეში ერთვება, როდესაც ფინანსური სანქციები წესდება. აქამდე სანქციებში მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტი იყო ჩართული და ის ვიზებს ეხებოდა, ახლა კი 4 ინდივიდუალურ პირს ფინანსური სანქციები დაუწესეს, 60-ს კი - სავიზო შეზღუდვები, ეს ამერიკის მთავრობის მიერ მიღებული ზომების მკვეთრი ესკალაციაა”.

ამერიკამ და საქართველოს სხვა დასავლელმა პარტნიორებმა „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის ინიცირებისთანავე გამოთქვეს შეშფოთება და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, რომ უკან გაეწვია ის, რადგან არსებობდა ადამიანის უფლებების დარღვევის, სამოქალაქო საზოგადოების შევიწროების საშიშროება. შეშფოთების მიზეზად სახელდებოდა ისიც, რომ კანონი ძალიან ჰგავდა რუსეთში მიღებულ ანალოგიურ საკანონმდებლო გადაწყვეტილებას.

საქართველოს მოსახლეობის ნაწილისა და დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგობის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა კანონს კენჭი უყარეს, მისი აღსრულება დაიწყეს და ამით დასავლელი პარტნიორების კრიტიკაც დაიმსახურეს. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს კრიტიკა, ახლა კონკრეტულ ნაბიჯებში ითარგმნება.

“მოდით, ნათლად ვთქვათ, რომ პასუხისმგებლობა ახლანდელ სიტუაციაზე „ქართულ ოცნებას“, მთავრობას და ბიძინა ივანიშვილს ეკისრება. მათ მიჰყავთ საქართველო არასწორი გზით, საუბრობენ გლობალური ომის პარტიაზე, ოპოზიციის აკრძალვაზე, მათ მიიღეს რუსული სტილის კანონი ენჯეობის წინააღმდეგ, ებრძვიან ლგბტქ+ თემს. ასე რომ, ამერიკა უბრალოდ ამას და ამერიკაზე, ამერიკელ სენატორებზე, კონგრესმენებზე, ამერიკის ყოფილ ელჩზე თავდასხმას პასუხობს და ამბობს, რომ საკმარისია!”,- აღნიშნავს კრამერი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.

კრამერის მსგავსად ფიქრობს დენიელ ფრიდიც. ის ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე დიპლომატია და კარგად იცნობს საქართველოს. ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ ამ სანქციების დაწესებით, ამერიკის მთავრობა ერთ კონკრეტულ პარტიას, ან პიროვნებებს კი არ სჯის, არამედ ცდლობს, რომ საკუთარი შეშფოთება აჩვენოს დემოკრატიის უკუსვლის გამო.

„ამერიკის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებას უკვე დიდი ხანია აფრთხილებს, რომ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები საქართველოს დემოკრატიაზე, მის თავისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებაზეა დაფუძნებული. ამერიკა არც მაშინ იყო კმაყოფილი, როდესაც 2007 წელს სააკაშვილი ხალხს არასწორად ექცეოდა, ასე რომ ეს პარტიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი არაა. მაგრამ როგორც ჩანს, ქართული ოცნების მთავრობა უფრო შორს წავიდა და სამოქალაქო საზოგადოებაზე წეზოლას ახდენს. ბაიდენის ადმინისტრაციამ მორიგი ნაბიჯი გადადგა და დაასახელა საქართველოს მთავრობის ის წევრები, რომლებიც ამაზე პასუხისმგებელი არიან”,- განმარტავს ფრიდი.

გამოცდილი დიპლომატი გვიხსნის, რომ ყოველი ასეთი ნაბიჯი დიდხნიანი განსჯისა და ფიქრის საგანია და ის კონრკეტული მიზნით იდგმება:

“ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რომ მათ ეს ნაბიჯი წინასარჩევნოდ გადადგეს. ისინი ცდილობენ გააფრთხილონ საქართველოს მთავრობა, რომ ამ გზაზე არ იარონ. თუმცა, არ ვიცი, უსმენს თუ არა ამას საქართველოს მთავრობა. ეს იყო ძალიან ფრთხილად გააზრებული ნაბიჯი. ბაიდენის ადმინისტრაცია, სახელმწიფო დეპარტამენტი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭო არ არიან მოტივირებული რაიმე ტიპის ემოციებით, ან ბრაზით, ან რაიმე მსგავსით. ისინი ძალიან მიზანმიმართულად და დაფიქრების შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას, როგორ მიუდგნენ ამ საკითხს”.

საქართველოს მთავრობამ ამერიკის მხრიდან სანქციების მორიგ ტალღას კრიტიკით უპასუხა. ქვეყნის პირველმა პირმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ის არ თვლის, რომ ეს კონკრეტულად სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებაა და რომ არსებობენ გარკვეული ძალები, რომლებიც სანქციებს დაწესებაზე გავლენას ახდენენ. პრემიერს არ განუმარტავს კონკრეტულად, თუ რას, ან ვის გულისხმობდა.

ექსპერტები “ამერიკის ხმას” ეუბნებიან, რომ ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით გამწვავებული ანტიდასავლური და ანტიამერიკული რიტორიკა კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც ღელავენ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე და შიშობენ, რომ ქვეყანა შესაძლოა, თავისი დემოკრატიული გზიდან მკვეთრად უხვევდეს.

“ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, მხოლოდ ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ბელარუსს შევადარებდი [ახლანდელ სიტუაციას]. მაგრამ ახლანდელი საქართველოს ლიდერები უფრო მტრულად არიან განწყობილი დასავლეთის, ევროპისა და ამერიკისადმი. ამიტომ შეშფოთებული ვარ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო და იმის გამოც, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა გააყალბონ”,- ამბობს ჩვენთან ინტერვიუში ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი.

კორტნი 30 წელზე მეტია, რაც საქართველო-ამერიკის ურთიერთობებშია ჩართული და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აკვირდება. ”ვერცერთი ჩვენგანი წარმოიდგენდა, რომ საქართველოს მთავრობა ასე მტრულად განეწყობოდა დემოკრატიისა და დასავლეთისადმი”, - ამბობს ის.

შეკითხვაზე, უნდა მიიღოს თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ ეს სანქციები, როგორც წინასაარჩევნო გაფრთხილება, ყოფილი ელჩები დადებითად გვპასუხობენ.

“გარკვეულწილად, ეს [სანქციები] არის გაფრთხილება, რომ თუ ოქტომბრის არჩევნებს გააყალბებენ, მაშინ მეტი საპასუხო ქმედებაც იქნება“,- გვეუბნება კორტნი. ხოლო დენიელ ფრიდი თვლის, რომ „არჩევნები ძალიან მნიშვნელვანი იქნება. ეს [სანქციები] კი იმის ნიშანია, რომ მართალია, ამერიკა უკრაინის ომზე, ღაზაზე, სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე, ტაივანსა და სხვა საკითხებზეა ფოკუსირებული, მაგრამ საქართველო არავის დავიწყებია”.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, თეთრი სახლი, ხაზინა, თუ სხვა სამთავრობო უწყებები სანქციებს წინასწარ არასდროს აანონსებენ, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ თუ ქვეყნის მთავრობა არჩევნებს არ ჩაატარებს თავისუფალ და სამართლიან გარემოში, მაშინ დამატებით ზომებსაც არ გამორიცხავენ.

“შესაძლოა, ამერიკის მთავრობამ ივანიშვილის სანქცირება არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის შემოინახოს, იმ შემთხვევისთვის, თუ არჩევნებთან დაკავშირებული პრობლემები იქნება, ან თუ „ქართული ოცნება“ ოპოზიციის აკრძალვას, ან ოპოზიციონერი დეპუტატების გადაყენებას გადაწყვეტს“,- ამბობს დევიდ კრამერი.

საქართველოს მთავრობაში კი აცხადებენ, რომ წინასაარჩევნოდ ყველაფერი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, რომ არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება. პარალელურად, ვაშინგტონიდან კვლავ ისმის მოწოდებები, რომ ქვეყნის მმართველი პარტიის ზოგიერთი გადაწყვეტილება და განცხადება უკვე არის წინასაარჩევნო შეშფოთების მიზეზი.

ამერიკის ხმა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა