პოდოლიაკი ცხვირს ნუ ყოფს სხვის საქმეში-დავითულიანი
ილია დარჩიაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ფინანსთა მინისტრები და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ უკრაინისთვის 19,8 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზება მოახდინეს
რუსეთის დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთის დასავლეთ საზღვრებთან სამხედრო საფრთხეების გაზრდის ნაწილია, კრემლი ადეკვატურ საპასუხო ზომებს იღებს-სერგეი შოიგუ
უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ გასცა ბრძანება, შეენარჩუნებინათ გარნიზონის სამხედროების სოცოცხლე და შეჩერებულიყო ქალაქის დაცვა
შალვა პაპუაშვილი - დამოუკიდებელი საზედამხედველო და მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობა და გამჭვირვალობა სათანადოდ უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ვიოლა ფონ კრამონმა სწორად თქვა, სააკაშვილის რეჟიმს მეც გარკვეულ წინააღმდეგობას ვუწევდიო, სიტყვა რეჟიმი სწორად გამოიყენა-

ძველი ფრანგული მატიანის ცნობები დემეტრე თავდადებულზე - „ღმერთი გრგვინავდა...“

02.02.2022 | 15:02

ქართულ საზოგადოებას აინტერესებს საკუთარი ისტორია და სიამოვნებით ეცნობა ისტორიოგრაფიულ ლიტერატურას. მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ კრიტიკულად განწყობილი ნაწილი ქართულ წყაროებს არ ენდობა. ამიტომ, საქართველოს ისტორიის უცხოენოვანი წყაროები კიდევ უფრო მეტი ინტერესით იკითხება.
ერთ-ერთ ძველ ფრანგულ მატიანეში (,,l'histoire Generale") დემეტრე თავდადებულზე ერთ საოცარ ცნობას წავაწყდი, ვფიქრობ, საკმაოდ ამაღელვებელს, რომელიც შემდეგ ისტორიულ მოვლენებზე მოგვითხრობს.
1281-წელს ჯვაროსნები, მონღოლები და ქართველები ეგვიპტელი მამლუქების წინააღმდეგ დაიძრნენ... ქართულ ლაშქარს ახალგაზრდა დემეტრე თავდადებული სარდლობდა.
ამ წლის ოქტომბერში მოხდა მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დაპირისპირება. მონღოლურ- ქართულ-ჯვაროსნული კოალიცია ეგვიპტელ მამლუქებს დაუპირისპირდა. ფლანგზე მოწინავეობა, მონღოლთა ლაშქრის სარდალს - მონქეს, დემეტრემ თხოვა (,,წესადამცა არს წინამბრძოლობა ქართველთა"). თხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა.
ეგვიპტელი მამლუქები საუკეთესო მებრძოლები იყვნენ. ხსენებულ ფრანგულ მატიანეში წერია, რომ მათ მონღოლთა და ჯვაროსანთა ნაწილები გააქციეს. დაჭრეს კოალიციური ლაშქრის მეთაური მონქეც. (les Mogols à prendre la fuite).
მაგრამ იმ ფლანგზე, სადაც ქართველები იბრძოდნენ, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა, აქ მტერი უკუიქცა (Le même changement n'arriva pas dans l'aîle droite, où combattoit cinq mille Georgiens).
როცა ქართველთა მეფემ გაიგო, რომ მთავარი ლაშქარი დამარცხდა, მან უკანდახეულ ძირითად ლაშქართან შეერთება გადაწყვიტა (il apprit la défaite de l'aile gauche ; il vouloit aller folltenir les Mogols avec la troupe...).
წყარო აგრძელებს, რომ სწორედ ამ დროს, უკვე გამარჯვებული და დაღლილი ქართველების წინააღმდეგ, თადარიგიანმა სულთანმა ქალავუნმა გამოიყვანა საუკეთესოთა შორის საუკეთესო მებრძოლები.
დაიწყო კიდევ ერთი ბრძოლა, რომელიც იმაზე სასტიკი იყო, ვიდრე პირველი, მაგრამ ბრძოლის ველზე მხოლოდ ქართველთა რაზმი იყო დარჩენილი.
გაუგონარი სისასტიკის ბრძოლა შუა ღამემდე გაგრძელდა.
მიუხედავად ქართველების გადაღლილობისა, მიუხედავად მამლუქთა ამ შენაერთის ელიტურობისა, ქართველთა მეფემ მტერი ამჯერადაც უკუაქცია (mais il fut arrêté par les Arabes, auſquels s'étoient joints les plus braves d'entre les Mamelus, ce qui l'obligea à recommencer un combat beaucoup plus ſanglant que mier, & qui dura juſqu'à la nuit , par laquelle ils furent ſeparez ſans avantag).
ქართული წყარო ამ შეტაკებაზე წერს, რომ ეს იყო ,,სასტიკი და ძლიერი ოდესვე ყოფილთა და გარდასულთა უდიდესი".
ქართველთა მეფეს რამოდენიმეჯერ მოუკლეს ცხენი, მაგრამ წინა ხაზზე ბრძოლას მაინც არ წყვეტდა.
დემეტრეს სიმამაცით შეძრწუნებულმა ქალავუნმა ვერ გაბედა გაქცეულ მონღოლებზე და ჯვაროსნებზე დადევნება, ამგვარად, დემეტრემ მათი უსაფრთხო უკანდახევაც უზრუნველყო.
...
შიკრიკმა, მონღოლთა ყაენს, მსოფლიო ისტორიის ამ ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ბრძოლის ამბავი ასე გადასცა:
ალიყანი იბრძოდა, როგორც შევარდენი, მონქე, როგორც ვერძი, ებაგანი ვეფხვს ჰგავდა, იასბუღა კამეჩს, ქართველთა მეფეზე კი მონღოლურად თქვა: თენგრი მეთუ ქაურ ქურბაჳ - ღმერთი გრგვინავდა.
დემეტრეს სამხედრო სასწაულების თვითმხილველები თავზარდაცემულები იყვნენ. მოხდენილი აღნაგობით და უმაგალითო სიმამაცით გამორჩეული ქართველთა ახალგაზრდა მეფის აღსაწერად, მათ სიტყვები არ ჰყოფნიდათ, გმირი... ლომი... მამაცი... ეს სიტყვებიც კი უფერული იყო დემეტრეს დასახასიათებლად, ამიტომ, მას პირდაპირ ღმერთს უწოდებდნენ.
ძველი სამყაროს საუკეთესო მებრძოლებად მონღოლები, მამლუქები და ჯვაროსნები მიიჩნეოდნენ. ნიშნეულია, რომ ამ ბრძოლაში ქართული ლაშქარი სამივეზე მაღლა დადგა.
ამ ლომგული სიმამაცის გამო საქართველოს მეფეები უდიდესი პატივისცემით სარგებლობდნენ.
ჯვაროსნებმა თავიანთი თვალით იხილეს ქართველთა ბრძოლის უნარიანობისაგან მოხდენილი სამხედრო სასწაული, ჩანს, სწორედ ამიტომ დაუკავშირდა საფრანგეთის მეფე ფილიპე ვალუა ახალი ჯვაროსნული ლაშქრობის მოსაწყობად სწორედ დემეტრეს ვაჟს, გიორგი ბრწყინვალეს. ამიტომვე, ეგვიპტის სულთანმა გიორგი ბრწყინვალეს ქრისტეს საფლავის კლიტე უბოძა (რასაც გერმანელი პილიგრიმი ლიუდოლფ ზუდჰეიმი ადასტურებს) - შეუფასებელი სიმდიდრე, რომელიც ევროპელებმა ჯვაროსნული ლაშქრობებითაც კი ვერ დაიბრუნეს.
ავტორი: ბექა ჭიჭინაძე, მკვლევარი
რედაქციისგან: მასალა ქვეყნდება პირველად, გამოყენების შემთხვევაში წყაროს და ავტორის მითითება (ჰიპერბმულით) აუცილებელია