ვიზალიბერალიზაციას ვერაფერი დაემუქრება - მამუკა მდინარაძე
თეონა აქუბარდია - ევროპარლამენტის რეზოლუცია კიდევ ერთხელ არის თვალსაჩინო გამოხატულება, რომ „ქართული ოცნება“ ღალატობს ქართველი ხალხის მისწრაფებას
ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილი და მისი ხელისუფლება იძულებულს ხდის ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებს უმძიმესი ნაბიჯები გადადგან
რატი იონათამიშვილი - ევროპის სირცხვილია დღევანდელი ევროპარლამენტი
გიორგი ვაშაძე - ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ, ყველა ის ნაშრომი, რომელიც ქართველ ხალხს, სხვადასხვა თაობას აქვს, წყალში იყრება
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ევროპარლამენტარებს უწევთ იმ პრობლემებთან გამკლავება, რასაც „ქართული ოცნება“ ხალხისთვის წარმოშობს
განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
იაგო ხვიჩია - კანონი, რომელიც ვიზალიბერალიზაციას გართმევს, ხელს გიშლის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყებაში, როგორც შეიძლება თავისი შინაარსით არ იყოს რუსული?

So re და სად ჩანს კულტურა?

01.26.2022 | 13:12 ნახვები: 660

„სად ჩანს კულტურა?.. ქვეყნის კულტურა ყველაზე ზუსტად ჩანს საგზაო მოძრაობასა და საჯარო ტუალეტებში", - ეს სიტყვები საქართველოს კულტურის ყოფილ მინისტრს ნიკა რურუას ეკუთვნის და თუ სწორად გავიაზრებთ, ამით ყველაფერია ნათქვამი. ანუ, ეს არის ერთგვარი საზომი - ეტალონი იმისა, შეგვიძლია თუ არა ჩვენ, ქვეყანამ თავი მოვიწონოთ... სხვა ყველაფერი ანტურაჟია, ფასადია, რომლითაც ვცდილობთ სხვები ჩვენს კულტურულობაში დავარწმუნოთ.

თუ მოცემულობად მივიღებთ ამ ორ ფაქტორს, მგონი რთული არაფერია იმაში, ჩვენი კულტურულობის, ანუ ქვეყნის კულტურის ექსპერტი იყოს მისი თითოეული მოქალაქე. რა პრობლემაა, გაიხედო ქუჩაში და ნახო როგორ მოძრაობენ ავტომანქანები, ან ქვეითად მოსიარულეები და დასვა დიაგნოზი, დადო დასკვნა. ან სულაც, ღრმად ჩაისუნთქო, ცხვირის ნესტოებს თითები მოუჭირო და ფეხის წვერებზე ხტუნვა-ხტუნვით შევარდე და გამოვარდე საჯარო ტუალეტიდან. განა ეს პრობლემაა? სულაც არა, სამაგიეროდ შინაგანი კმაყოფილება გაგიჩნდება, რომ ქვეყნის კულტურის ექსპერტი ხარ.

დასკვნასაც ადვილად დადებ - უკულტურო ქვეყანა. კი, მესმის მოსაბეზრებელი იქნება ყოველ დღე, კვირიდან კვირამდე, თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე ერთი და იმავე დასკვნის კეთება, მაგრამ ოდესმე ესეც დასრულდება. როდის ოდესმე? აი, მაშინ, როდესაც შენც არ დაარღვევ მოძრაობის წესებს და ტყვიას ტყვიაში ჩააჯენ.

ტყვია რა შუაშია? ანეკდოტია ასეთი... ერთ-ერთი ქართული კომპანიაში, ბოსების სართულის ტუალეტში შედის დამლაგებელი, მიმოიხედავს და...: „კაცმა რომ გკითხოთ, ტყვიას ტყვიაში აჯენთ, არა და, უნიტაზში ვერ ახვედრებთ უბედურებო"...

და აი, ამ უკულტურო ქვეყანას ყველა ხელისუფლების პირობებში ჰყავს კულტურის მინისტრი, მოადგილეები, დეპარტამენტის უფროსები და თუ გულწრფელები ვიქნებით როგორ ან უნდა გეცოდებოდეს ისინი მიუხედავად პიროვნული სიმპათია-ანტიპათიისა, როდესაც იმ ქვეყანაში უწევთ კულტურის მინისტრობა, სადაც საგზაო მოძრაობას არავინ იცავს და მოქალაქეთა უმეტესობა „ტყვიას ტყვიაში ვერ აჯენს"... ფსამს სადარბაზოებში, ქუჩაში, ბუჩქებში, ავტობანებზე გადაყენებული ძვირადღირებული საკუთარი ავტოსგან მოშორებით - საჯაროდ...

ამ ფონზე ჩვენ გაქვს წარმატებული ბალეტი - მათ შორის ნაციონალური, გვყავს სახელგანთქმული მომღერლები, მუსიკოსები, მხატვრები, მსახიობები, რეჟისორები, მწერლები, პოეტები, კომპოზიტორები, კრიტიკოსები და ა.შ. ერთი სიტყვით სახელგანთქმული და საამაყო ხელოვანები და კულტურის მოღვაწეები.

თუმცა, მოდით ახლა ჩვენს სიდიადეზე ნუ მალაპარაკებთ, რადგან ეს მაინც გამონაკლისია და პრობლემებს დავუთმოთ ყურადღება.

აი, ამ ქვეყანაში გვაქვს სახელმწიფო თეატრები, რომლებსაც ჩვენ, გადასახადის გადამხდელები ვინახავთ, სადაც მსახიობები საკუთარ არსებობას გვამადლიან, რეჟისორები კი საკუთარ სიდიადეს. თეატრები, სადაც არაფერი ხდება და მსახიობები ისე დაბერდნენ, რომ ანშლაგი არ იციან რა არის. თეატრები, სადაც თანამედროვე მარკეტინგის გონზე არ არიან. თეატრები, სადაც დირექტორებს არც კი სმენიათ რუსთაველის თეატრის პირველ გასტროლებზე მოსკოვში და იმ უდიდეს მარკეტინგულ ხრიკზე, თუ როგორ გაიყიდა, სამი თვით ადრე, სულ რაღაც სამ დღეში, ყველა სპექტაკლის ბილეთი.

ჩვენ გვაქვს მუზეუმები, სადაც საკუთარი ქვეყნის ისტორიის გასაცნობად, ოქროს ფონდის სანახავადაც თითქმის არავინ დადის. ჩვენ გვაქვს მუზეუმი, სადაც ყოველგვარი კულტურა ინგრევა - მათ შორის რწმენის კულტურა, ქრისტიანობის კულტურა - კარებში მოწყობილი სექტანტური (!) სამლოცველოს ნახვისას. ჩვენ, ოკუპირებულ ქვეყანას, გვაქვს ოკუპაციის მუზეუმი და ხელისუფლებას სცხვენია ამის გამო. უფრო მეტიც, ეშინია, რომ მას დამაარსებლის სახელი დაარქვას, რადგან ის სხვა პოლიტიკური რჯულის იყო.
მოდით არაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ქართველი სნობები და არა მხოლოდ, სელფებს იღებენ ჯოკონდას ფონზე, მაგრამ არასოდეს უნახავთ ფიროსმანის, გუდიაშვილის, ოცხელის, კაკაბაძის, ახვლედიანის თუ სხვა აღიარებული ქართველი მხატვრების ნახატები. ნუ, რა ვქნათ, დავიჩაგრეთ, ლეონარდო არ იყო ქართველი.

ამ უკულტურო ქვეყანაში გვაქვს კინოც, რომელიც ერის დეპრესიაში ჩაგდების საუკეთესო „დარგად" იქცა. თანამედროვე ქართული კინოს აუცილებელი რეფრენი კი „დედა მოვტყან" გახდა, ხოლო სახე - ან ნარკომანი, ან ხულიგანი, ან გარეწარი, ან ჩათლახი, ან ბოზი, ან გოთვერანი, მოკლედ მაგარი „დედა მოტ@ნული" ტიპი... კინოთეატრები რომ არ გვაქვს - განსაკუთრებით რეგიონებში ეგ არაფერი. მთავარი არ დაგვავიწყდეს, გვყავს „მაყურებელი", რომელსაც შეუძლია ფილმს პროტესტი მოუწყოს ისე, რომც არც კი ჰქონდეს ნანახი.

ჰო, ჩვენ გვაქვს გალერეები, სადაც გამოფენის პირველ ორ დღეს მხატვრის ახლობლები დადიან მხოლოდ. საგამოფენო დარბაზის ზოგიერთმა დირექტორმა არც კი იცის, რომ ფოტოხელოვნებაც არსებობს.

ჩვენ გვყავს ისეთი მომღერლებიც და კომპოზიტორებიც, რომლებმაც არ იციან რას და ვის უნდა უმღერონ. თუმცა თავიანთ არსებობას ესენიც გვამადლიან. იმაზე არც ერთი მათგანი არ ფიქრობს - რას მღერის, ან როგორ მღერის, საჭიროს მღერის თუ ფეხებზე დასაკიდებელს, ჩვენ გვავალდებულებენ ტაში დავუკრათ და ხელის გულზე ვატაროთ. აქ ყველა სარაჯიშვილზე, კრავეიშვილზე, ანჯაფარიძეზე, კოროშინაძეზე, გურგულიაზე მეტია. ამას წინათ ვუსმენდი ერთ ახალგაზრდა მომღერალს და ქართველ მომღერლებში ვერავის გამოვყოფდიო - ბევრნი არიანო და გვარს არ ამბობს არავისას. არ ამბობს, ხვდებით? რა სტილი - რის სტილი, რა გემოვნება - რის გემოვნება, ნანი ბრეგვაძე გყავს აქ, ახლა და ვერავის გამოყოფ? და მე უნდა გამოგყო, ჩვენ გამოგყოთ?

ჩვენ გვყავს ორკესტრები, რომელსაც არავინ უსმენს ვიწრო, პროფესიონალური წრის გარდა, მაგრამ საჭიროა და ვინახავთ. მაგრამ გვყავს ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო აკადემიური ორკესტრი, რომელსაც შენობა არ აქვს. რატომ? მე ვიცი რატომ! თქვენ, ხელისუფლებავ? ისე, ხელისუფლებავ, ის თუ იცით, რომ ევგენი მიქელაძეს როდესაც „დოქსოლუპო და რიკტაფელოვი" აწამებდნენ, მუსიკოსმა მიმართა მწამებლებს: „ახლა დერეფანში ლავრენტი პავლეს ძე მიდის, გადით და უთხარით რასაც აკეთებთ". გავარდა ეს ორი ბრიყვი გარეთ და მართლაც, დერეფანში ლავრენტი ბერია მიაბიჯებდა. რა იცოდიო ჰკითხეს მუსიკოსს - „მე სმენა მაქვსო", - უპასუხია ევგენი მიქელაძეს. დასაჯეს - სმენა წაართვეს, თურმე გახურებული „სპიცები" გაუყარეს მას ყურში. ჰოდა... თუნდაც ამის გამო არ შეიძლება ეს ორკესტრი შენობის გარეშე. სხვაგვარად ყველა ხელისუფლება „დოქსოპულოსა და რიკტაფელოვის" მიმდევარია და დღესაც იმავეს აკეთებს - სმენას ართმევს ევგენი მიქელაძეს.

ჩვენ გვყავს პოეტები, მწერლები, მხატვრები, კომპოზიტორები, რომლებიც წერენ, ხატავენ, ძერწავენ, ქმნიან და ძალიან კარგები არიან. ბევრი მათგანი არავის არაფერს ამადლის, არის თავისთვის. მაგრამ... ჰო, მაგრამ იშვიათი გამონაკლისის გარდა ბანაკებად დაყოფილები - ზოგი აქეთ, ზოგი იქეთ. და იცით უმეტესობა მათგანის დანაშაული (!) მათი პოლიტიკური გემოვნება კი არა, სწორედ ისაა, რაც ამ ქვეყანას უკულტუროს ხდის - დიახ, დიახ, საგზაო მოძრაობის დარღვევა და ქუჩაში ფსმა. საკუთარ ბუდუარებში შეკეტილი პოეტები, მწერლები, მხატვრები, კომპოზიტორები. საკუთარი კეთილდღეობისთვის სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკში გადანაწილებული კულტურის „მუშაკები" და ხელოვანები, რომლებიც ხალხთან საერთოდ არ ურთიერთობენ. საკუთარი პრივილეგიების მონობაში მყოფი ადამიანები.

მცირედი გამონაკლისის გარდა, პიროვნულად რატომ არ ვცემ პატივს ბევრ მათგანს, ანუ უმეტესობას? იმიტომ, რომ თითქმის არასოდეს უცხოვრიათ ხალხით და ქვეყნის ტკივილით. მუდამ პრივილეგიებისთვის იბრძოდნენ. მუდამ ჭკუის დარიგებას ცდილობდნენ. მუდამ ჩვენ გვასწავლიდნენ ღირსებას, საბრალოდ მოკვაკულები ხელისუფლებების მუხლებთან.

არ ვაპირებ ბიძინა ივანიშვილის, როგორც მეცენატის განსჯას. მით უფრო არც უმადური ვარ და შეუძლებელია არ დავინახო რა გააკეთა მან კულტურის ძეგლების გადარჩენისთვის. მაგრამ ჩემთვის არასოდეს იქნება მისაღები მორალურად, თორემ ფული თავისია და რასაც უნდა იმას უზამს, ეს სტიპენდიები თუ დახმარებები, რომელსაც იგი უხდიდა და უხდის კულტურის „მოღვაწეებს". რატომ? თუნდაც იმიტომ, რომ მაშინ, როდესაც შიოდა და შია ერს, სტკიოდა და სტკივა ქვეყანას, ხალხს, ამ ადამიანების უმეტესობას ერთი დღეც არ უცხოვრიათ ქვეყნისა და ხალხის ცხოვრებით. მუდამ პოლიტიკური რუპორები იყვნენ ან სოციალური მიცვალებულები - რა მნიშვნელობა აქვს რომელი გუნდის, თუ ფულისა და პრივილეგიების ნაცვლად დადუმებულები. ბევრი მათგანის კონფორმისტად მოხსენიება არც კი შეიძლება. კონფორმისტები მათ ბევრად, ბევრად სჯობიან. ეს დახმარებებია სწორედ იმ სიყალბის განმაპირობებელი, რომელსაც ჩვენ ქართველი ხელოვანების უმეტესობის შემოქმედებაში ვხედავთ.

***
„დაკვირვებული ვარ, რომ ნიჭი, როგორც ასეთი, ან არის კონსტანტა - ის იხარჯება ან საერთოდ ქრება, როცა ადამიანი, ვისაც რაღაცის კეთების დიდი ნიჭი ჰქონდა, პირველადი წარმატების შემდეგ უკვე ფოკუსირებას იწყებს წინა წარმატების ახალი წარმატებით გადაფარვაზე; სხვა სიტყვებით, როდესაც ადამიანი უკვე არა საკუთარ უნიკალურ სათქმელზე ან საქმეზეა კონცენტრირებული, არამედ აპლოდისმენტებზე... ამ დროს ის უკვე საკუთარი თავის ცუდ გამოერებადაც ვეღარ გვევლინება ხოლმე. ამის უამრავი მაგალითია. ამიტომაც ამბობენ, რომ პატივმოყვარეობა ნიჭიერების მტერია". ეს არის ციტატა წიგნიდან „ის, რაც გვაძლიერებს", რომელიც ნიკა რურუამ 2018 წელს მაჩუქა და ასეთი სიტყვები დააწერა - „ბატონ გოჩა მირცხულავას - პატრიოტს და თანამებრძოლს! საუკეთესო სურვილებით, ნ, რურუა". გავეხუმრე, ეს "ბატონო" რა იყო ნიკა ახლა? მომიგო: - „წიგნი ისტორიას რჩება და ბევრ რამეს ინახავს ავტორზეც და მფლობელზეც".

მოგვიანებით, ერთ-ერთი შეხვედრაზე ამ წიგნით მივედი, 94-ე გვერდი გადავშალე და ზემოთ მოყვანილი ტექსტი წავიკითხე, წიგნი დავხურე, მაგიდაზე დავდე და დაუსმელ კითხვაზე პასუხის მოლოდინში თვალები მოვჭუტე. გაეღიმა, მეგონა მსუბუქ თემებზე ვისაუბრებდითო, - სათვალე გაისწორა და... ორ საათზე მეტი დავყავით „პროსპეროში". ბოლოს რაც ვუთხარი ის იყო, რომ გული მწყდებოდა ეს საუბარი ფირზე არ აღბეჭდა არავინ. მოვა ეგ დროცო, დამპირდა და მგონი ეს იყო ერთადერთი პირობა, რომელიც ერთმანეთს ვერ შევუსრულეთ.

ვიდრე ზემოთ მოყვანილ ციტატაზე ნიკა რურუას მოსაზრებაზე ვისაუბრებ, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი რამ უნდა ვთქვა - ესეც მისი აზრია და გარკვეულ კონტექსტში, ჩემთან ერთ-ერთ ინტერვიუში აქვს ნათქვამი, რომლის მოძიება ინტერნეტში დღესაც შეიძლება: „რატომ გვიკვირს ჩვენი მდგომარეობა იმ პირობებში, როდესაც მძღოლის იძულებას, მის მიერ საკუთარი სიცოცხლის დასაცავად ღვედის გაკეთებას, უდიდესი ძალისხმევა დასჭირდა სახელმწიფოს მხრიდან და ეს ჩვენთან კულტურული რევოლუციის ერთ-ერთი გამოხატულებაა".

შეუცვლელი ადამიანები არ არსებობენ. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთა დამსახურებას, ნიჭს, შემოქმედებას სხვა ვერ გაიმეორებს, ისევე როგორც თავად ვერ შეძლებენ ზუსტად იგივე გაიმეორონ ერთი-ერთში. ვაჟას შემოქმედებაც კი ორნაწილიანია - დიდებული და კარგი. გალაკატიონის ყველა ლექსიც კი არ არის შედევრი. ახმეტელსაც და მარჯანიშვილსაც ჩაუვარდათ სპექტაკლები... და თუ სარეცელზე მიჯაჭვული დიდი მწერლის ტანჯვით სიკვდილიც დიდებულია, ისევე როგორც გალატიკონის კამარაა განუმეორებელი, მერწმუნეთ, მარაზმია სახელმწიფო თეატრის, მუზეუმის, გალერეის მუდმივი დირექტორ-ხელმძღვანელობა, თუნდაც დიდი მოღვაწეეების მხრიდან. რატომ?

დადგი სპექტაკლი, წერე წიგნი, ითამაშე როლი, ხატე, ძერწე, იკვლიე, იმღერე - მაგრამ მიხვდი, რომ მუდმივი მმართველი ვერ იქნები. ამას განსაკუთრებით უნდა ხვდებოდნენ ის ადამიანები, რომლებიც თავისუფლებას უნდა ასწავლიდნენ ერს და თავად არ იქცეოდნენ როგორც უზურპატორები. როგორ არ უნდა ესმოდეთ, რომ ხელისუფლებები უანგარონი და გულმოწყალენი არასოდეს არიან და არც სურგრძელები. ესეც რომ არ იყოს, ბუნებაში - სამყაროში მუდმივი არაფერია - ფიზიკა მაინც ხომ უნდა იცოდე გონიერმა ადამიანმა. ძალიან ძნელია სავარაუდოდ, პრივილეგიების დათმობა.

ცალკე საკითხია კულტურის სფეროებში სამეცნიერო საქმიანობა, სადაც ხელისუფლება და ნებისმიერი მენეჯერი ყველაფერს უნდა აკეთებდეს იმისთვის, რომ თითოეული კვალიფიციური კადრის ნიჭი და შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოწუროს. ზუსტად ვიცი, რომ ეს მიმართულება ჩვენთან საერთოდ დაუფასებელია.

ახლა 94-ე გვერდს დავუბრუნდები. ნიკამ ისეთი არგუმენტები მოიყვანა მაშინ, რომელზეც ნაფიქრი არ მქონდა და მივხვდი, რომ ბევრი რამ არ ვიცოდი იმ წინააღმდეგობების შესახებ, რასაც ხელისუფლებები მართვისას აწყდებიან ხოლმე. მისი მაღალი ღირსება იმაში მდგომარეობდა, რომ გულწრფელად თქვა - „შენ გგონია ესენი („ოცნება") უკეთეს დღეში არიან? ეს არის ქვეყნის პრობლემა, როდესაც ხელისუფლებებს პატივმოყვარეებად ტრანსფორმირებულ ნიჭიერებთან უწევთ ურთიერთობა და მათი დახმარებით ქვეყნის მართვა. ცალკე უბედურებაა პატივმოყვარეები ხელისუფლებაში".

ზუსტად მახსოვს რაც ვუპასუხე: „კიდევ უფრო უარესია ვითარება, როდესაც პატივმოყვარეობას ნიჭიერების აჩრდილიც არ ასულდგმულებს".

საუბრის ბოლოს კი წიგნი გამომართვა, რამდენიმე ადგილას გადაფურცლა. შემდეგ გაჩერდა და გადაშლილად გამომიწოდა: "აი, მაინც ყველაზე კარგი პასუხი, რაც შემიძლია გაგცე ჩვენს ყოფაზეც და პატივმოყვარეებზე". ეს გვერდი დღესაც ჩაკეცილია წიგნში და მოძებნა არ გამჭირვებია: „ყველაზე ცუდია, როცა ვინმეს დაუმსახურებლად ვაქებთ. ამით მის ყველა სასიცოცხლო ინსტინქტს ვადუნებთ და ამ ადამიანს პასიურ, დემოტივირებულ ტიპად ვაქცევთ. საბჭოთა რეჟიმი, რომელიც კოლაბორაციონისტებს ასე ენატრებათ, მთელ ჩვენს ერს სწორედ ამ მიზეზით „აქებდა" და „ადიდებდა" ათწლეულობით, რომ ქართველთა სასიცოცხლო ენერგია თვითკმაყოფილების ჭაობში ჩაფლულიყო და უმოქმედობა, შემგუებლობა ნორმად ქცეულიყო. შედეგი, ჯერ კიდევ, სახეზეა _ საზოგადოებრივი ირაციონალობა და ყალბი, დაუსაბუთებელი „უპირატესობის" შეგრძნება ყველას მიმართ. P. S. გამხნევებაში არ შეგეშალოთ, გამხნევება კარგია და საჭირო".

***

ჩვენ ხშირად მოგვისმენია ფრაზა - განსაკუთრებით ბოლო წლებში, როდესაც ხან ერისიონი ცეკვავდა კრემლში და ხან ცალკეული ქართველი მომღერლები იწონებდნენ თავს რუსი მაყურებლის წინაშე, რომ კულტურა სხვა რამეა და პოლიტიკა სხვა. ბუკვალურად პირველად დავეთანხმები ამ მოსაზრებას, რადგანაც სწორია.

კულტურისა და პოლიტიკის გათანაბრება შეუძლებელია.

სიმართლე კი არა, ჭეშმარიტება იმაში მდგომარეობს, რომ მთავარია კულტურა და შემდეგ მასზეა დაფუძნებული სხვა ყველაფერი - რწმენიდან დაწყებული პოლიტიკით და გნებავთ ეკონომიკით დასრულებული.

დიახ, ქვეყნის და ხალხის უკულტურობის ბრალია ქუჩაში დაგდებული სიგარეტი, ან ძაღლების ფეკალიებით გადავსებული ტროტუარები...
უკულტურობის ბრალია საჯარო სივრცეში დაბერილი ძარღვებით ღრიალი ტელეფონში, ოჯახის წევრისთვის თუ მეგობრისთვის...
დიახ, უკულტურობის დემონსტრირებაა ტროტუარზე შეყენებული ავტოები თუ ქუჩაში, სადაც მომეპრიანება იმ ადგილას გადასვლა მეორე მხარეს...
უკულტურობისა და ზნედაცემულობის ბრალია „ჩემი დედა..."
უკულტურობის ბრალია - ჩემი შვილი ყველაზე ჭკვიანია...
უკულტურობის ბრალია მახინჯი არქიტექტურა...
უკულტურობის ბრალია ყველა კუთხე-კუნჭულში ახალი ტაძარი, როდესაც ისტორიული ტაძრები ინგრევა...
უკულტურობის ბრალია გაუნათლებელი მღვდელი, მასწავლებელი, ლექტორი, ჰომოფობი მარბიელები, ჟურნალისტი, ექიმი, პოლიციელი...
უკულტურობის ბრალია პოლიტიკა რომ სარფიანი საქმეა და უკულტურობის ბრალია, რომ მიმტანობა ტეხავს...
უკულტურობის ბრალია, რომ საქართველოს ისტორიის მხოლოდ 2 ათას წელზე ვსაუბრობთ ხოლმე და ეგეც ყანწით ხელში, მიღმა კი ვერ ვიყურებით...
უკულტურობის ბრალია მშობლების პენსიას მიშტერებული ჭარმაგი შვილების არსებობა...
უკულტურობის ბრალია სუსტის დაჩაგვრა...
უკულტურობის ბრალია სხვისი ნიჭიერების დაუფასებლობა...
კიდევ რა? უკულტურობის ბრალია ერთმანეთის მოსმენა რომ არ ვიცით.... უკულტურობის ბრალია განსხვავებულის მიმღებლობა რომ არ შეგვიძლია... უკულტურობის ბრალია სამართლიანობისთვის ბრძოლის უუნარობა და შერჩევითი სამართალი...
უკულტურობის ბრალია მტრისა და მოყვრის განურჩევლობა...
უკულტურობის ბრალია პოლიტიკური ანგარიშსწორება...
ბოლო-ბოლო, უკულტურობის ბრალია საკუთარ ფეხზე დამფსმელი პოლიტიკოსების ყოლა ქვეყანაში და ყველაზე დიდი უკულტურობის ბრალია, როცა ყოველ მომდევნო პრეზიდენტს, პრემიერს, მინისტრს, გუბერნატორს, გამგებელს წინამორბედი ეჯავრება და ხელს ვერ ართმევს.
უკულტურობის ბრალია...
უკულტურობის ბრალია.... მიამატეთ, არ გაგიჭირდებათ...

რატომ გვჭირს ეს? „იმ ქვეყანაში, სადაც საუკეთესოებს - გონებით, კეთილშობილებით, წარმატებით, წესიერებით - ამორჩევით და მეთოდურად ხვრეტდნენ ათწლეულების განმავლობაში, ამაზე უფრო უარესად რომ არ ვართ, ეს არის გასაკვირი. ბოლშევიკური „სოციალური ინჟინერიის" ნაყოფს ახლა ვიმკით... „ერის წარმატებულობა / წარუმატებლობა ხშირად იმითაც იზომება, თუ რამდენად აქვს მას რაღაცის წარმოების უნარი. საქართველო, შედარებით ნორმალურ ღვინოსთან, საშუალო ხარისხის ფილმებთან, უვიც პოლიტიკოსებთან და კარგ საოპერო მომღერლებთან ერთად დღეს, ანუ აწმყოში, დიდი რაოდენობით დეპრესიას აწარმოებს. ასე რომ, თვითონ განსაჯეთ, რამდენად წარმატებული ერი ვართ დღეისთვის"... - ესეც ნიკა რურუაა.

ჰოდა დიდი რაოდენობით დეპრესიას რომ ვაწარმოებთ ესეც ჩვენი უკულტურობის ბრალია...

შესაბამისად, დიახაც, პოლიტიკა და კულტურა სხვადასხვა რამეა. კარგი პოლიტიკა და კარგი ცხოვრება მანამ არ გვექნება ვიდრე ვართ უკულტურო ქვეყანა. ვიდრე მხოლოდ ლექსად ვიტყვით: „მამულისათვის, მამულისათვის ტყვია მიზანში მოსახვედრია. თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია"...

და ვიდრე ვინმე ოთარ თაქთაქიშვილს, ვალერი ასათიანს, ნოდარ წულეისკირს, ედმუნდ კალანდაძეს, დავით მაღრაძეს, სესილი გოგიბერიძეს, გიორგი გაბაშვილს, ნიკოლოზ ვაჩეიშვილს, გრიგოლ ვაშაძეს, ნიკოლოზ რურუას, გურამ ოდიშარიას, მიხეილ გიორგაძეს, თეა წულუკიანს ბრალს დავსდებთ, რომ კულტურას ანგრევდნენ, ყურადღებას არ აქცევდნენ, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებდნენ, ჩაგრავდნენ - იქნებ ჩვენც დავსვათ კითხვა: So re და სად ჩანს კულტურა?..

ავტორი: გოჩა მირცხულავა

P.S. ჰო, So re - რატომ? ეგ მეგრულად ნიშნავს „სად არის", ინგლისურად (sore) კი - ჩაიხედეთ ლექსიკონში...

გ.მ. 

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა