რუსეთი დრონების იერიშს რვა ოლქში იგერიებდა
War update: 102 combat clashes in Ukraine on Friday
Pence: Putin will wage war on NATO if Ukraine loses
Ukraine needs deeply echeloned air defense system – Air Force spokesperson
SBU nabs Russian accomplice for spotting strikes
In Ukraine’s south, border guards hit Russian military boat
Zelensky addresses NATO-Ukraine Council: We need at least seven more Patriot systems
პარლამენტთან აქცია 19:00 საათზე დაიწყება

მათხოვართა დუმილი ანუ გამარჯობა ახალო საქართველო!

01.25.2022 | 14:06 ნახვები: 904

დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღება კონცენტრირებულია უკრაინაზე. გულგრილი და განზე მდგარი თითქმის არავინ დარჩა - თუ ვინმეს შეუძლია შეიარაღებით დახმარება - ეხმარება, თუ ვინმეს შეუძლია რუსეთზე დიპლომატიური ზეწოლის მოხდენა - ახდენს, თუ ვინმეს შეუძლია სიტყვით მხარდაჭერა- - უჭერს.

ბოლოს და ბოლოს, სხვა თუ არაფერი სოლიდარობის ნიშნით უკრაინის დროშას აფრიალებენ სხვადასხვა ხალხმრავალ ადგილებში.. არავის ეგონოს, რომ ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს - გასაჭირში მყოფ ადამიანისთვის მორალური მხარდაჭერაც კი მნიშვნელოვანია.

მაგრამ არის ერთი ქვეყანა, რომელიც ჯიუტად სდუმს. ქვეყანა, რომელსაც წესით გერმანელებზე, ინგლისელებზე და ამერიკელებზე უკეთესად უნდა ესმოდეს, რა დღეშია მოკავშირე ერი, რომელმაც არ იცის - იქნება მის ტერიტორიაზე ომი თუ შენარჩუნდება შედარებითი მშვიდობა?

ქვეყანა, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ იკავებდა უკრაინის ადგილს და რუსული აგრესიული ექსპანსიონიზმის მთავარი სამიზნე იყო. დღეს ეს ქვეყანა სდუმს. ხმას არ იღებს. არანაირი სოლიდარობის სიტყვები მაინც, ქმედებები თუ არა.

მთავარი ტელეანძის ერთი საღამო უკრაინული დროშის ფერებში განათებაც კი ვერ გაიმეტეს.

შეშინებული მათხოვარი სამოსანი, რომელსაც საკუთარი აჩრდილისაც კი ეშინია - აი, ესაა დღევანდელი საქართველო. ვეჭვობ, რომ ხვალ, რუსული ჯარი აქ რომ შემოვიდეს - არავითარი წინააღმდეგობა არ იქნება. 1921 წელს იუნკერებმა მაინც შესწირეს თავი აგრესიას - დღეს კი რუსულ ჯარს ხინკალმტყორცნთა რაზმები დახვდება უკეთეს შემთხვევაში. რაი იუნკერები, რი იუნკერები.

არავის მოუწოდებ იარაღის ხელში აღებას - ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები ადამიანებმა თავად უნდა მიიღონ, რადგანაც საუბარია სიცოცხლის დაკარგვის რისკზე, ამ საკითხში კი მრჩევლობა უადგილოა. მაგრამ ხომ შეიძლება გაბრაზება, აღშფოთება, ხომ შეიძლება ადამიანებს პროტესტის გრძნობა მაინც გაუჩნდეს?

ეს უკრაინელებს არ სჭირდებათ, ისინი ქართველი მათხოვრების გარეშეც რამეს იზამენ. ეს ჩვენ გვჭირდება. იმისთვის, რომ დავინახოთ, რომ ცოცხლები ვართ, როგორც ერი, როგორც საზოგადოება, როგორც სოციუმი, როგორც სახელმწიფო ბოლოს და ბოლოს... პროტესტის და სოლიდარობის გამოხატვას მაინც რა უდგას წინ?

მაგრამ სამწუხაროდ - არაფერი არ ხდება. ქვეყანას სძინავს. არამზადებს და არარაობებს ჩაბარებულმა ერმა წინააღმდეგობის, პროტესტის და აღშფოთების უნარი დაკარგა. ის მამოძრავებელი ძალა შემოელია, რომელიც განასხვავებს ერთმანეთისგან ძლიერ ერებს და მაჩანჩალებს.

ის, რასაც დღეს ვხედავთ - გასაკვირი არც არის. ქვეყანას მართავს ოლიგარქი. მართვას, როგორც ძალიან ცუდი ბიზნეს-მენეჯერი, რომელსაც საქმის კეთება არ შეუძლია, მაგრამ ვისაც შეუძლია, იმას არ ენდობა. მცოდნე ადამიანი ხომ დამოუკიდებელია, მას თავისი აზრი აქვს, და ის მონად ვერ გამოდგება.

ქვეყნის მართვის მეორე ეშელონშია ოლიგარქის მომსახურე პერსონალი - მისი მდივნები, დაცვის წევრები, პირადი ექიმები, მეეზოვეები და მზარეულები. ალბათ ბიძინას უნიტაზის მხეხავსაც მოუძებნეს რაიმე მაღალი პოსტი, ოღონდ ჩვენ ჯერ არ ვიცით. ისინი ამ თანამდებობებზე სწორედაც არაკომპეტენტურობის და უპრინციპობის ნიშნით ჩამოსვეს.

მონა და ლაქია - არასდროს აღშფოთდება. მორჩილებას მიჩვეული ადამიანის სულში ამბოხი არასდროს დაიბადება. შეხედეთ მათ სახეებს - ღარიბაშვილი, კობახიძე, მდინარაძე, ახალი ქოც-ვარსკლავი პაპუაშვილი.. მათგან ელით პროტესტს და ამბოხს? ვერ მოესწრებით ვერანაირ სამართლიან აღშფოთებას იმათგან, ვისი დანიშნულებაც ამ ცხოვრებაში ელარჯის გაწელვაა...

ჰო, კიდევ არ დაგავიწყდეთ - ეს ის კატეგორიაა, რომელიც დღემდე 2008 წლის ომის დაწყებაში საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებს. წარმოუდგენელი ფენომენი - ვერც ერთ ერში ვერ ნახავთ, რომ ის საკუთარ თავს ომის დაწყებაში ადანაშაულებს, თანაც მაშინ, როდესაც ომი მის ტერიტორიაზე მოხვდა.

არც ერთი ევროპელს არ მოჰყავს მაგალითად ე.წ. ტალიავინის დასკვნა ისე ხშირად, როგორც ქართველ ქოცებს... ევროპა და ამერიკა ეუბნებიან - „დაწყნარდით, ეს დასკვნა იყო პოლიტიკური შეკვეთა. ჩვენ კი ვიცით, რომ თქვენ ომი არ დაგიწყიათ"... მაგრამ არა, ქოცი ვერ ისვენებს - „რას ამბობთ ბატონებო! ომი ნამდვილად ქართულმა მხარემ დაიწყო"..

ისე, მათთვის ეს საქართველოს ომი არ იყო. ეს სააკაშვილის პირადი ომი იყო. თორემ ისინი აგერ - ღვინოს ყიდიან და ელარჯს წელავენ..

სახელმწიფოებრიობა, ღირსება, სოლიდარობა - რაო-რაო? ეს რას ნიშნავს? ასეთი სიტყვები არც კი გაგვიგია.

ქოცები პრორუსები არ არიან, ისევე, როგორც პროდასავლურები. ნებისმიერი „პრო" - კარგიც და ცუდიც, იდეურობას, მრწამს, მსოფლმხედველობას ნიშნავს. ლაქიას არ შეიძლება იდეა ჰქონდეს, ასე არ გაუზრდიათ. პრინციპები, შეხედულებები, რწმენა - ნამდვილი რწმენა და არა ტყუილად ეკლესიაში სანთლის ხელში დაჭერა - ეს მათგან ძალიან-ძალიან შორსაა.

ქოცების დუმილის მამოძრავებელი ძალა არაა პრორუსულობა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. მას ასაზრდოებს ცხოველური შიში, არარაციონალური და გადამეტებული.

2012 წელს საქართველო იყო სრულიად დამოუკიდებელი რუსეთისგან - სრული ემბარგოს პირობებში ექსპორტი მტერ-ქვეყანაში სრულიად განულდა და შესაბამისად, რუსულმა შანტაჟმა ძალა დაკარგა. ეს იყო ისტორიული მიღწევა, რომლის შენარჩუნებაც ნებისმიერი ხერხით აუცილებელი იყო.

2012-ში ხელისუფლებაში მოვიდნენ ქოცები. უპრინციპო სამოსნები, რომლებსაც რთული გზების ძიება არ უყვართ - აგერ არის რუსეთი, რომელიც ჩვენს ნაგავს ყიდულობს, ჰო და გავყიდოთ. წლების მანძილზე სისხლით და ოფლით მიღწეული შედეგი 2-3 წელიწადში გაქრა.

დღეს საქართველო ისევ კრიტიკულადაა დამოკიდებული რუსულ ბაზარზე. ამ ვითარებაში უკრაინას კი არა - დედ-მამას გაყიდიან.

ქართველები ზოგადად დიდი პრინციპულობით და ძლიერი ნებისყოფით არასდროს გამოირჩეოდნენ - სსრკ-ს 70-80-ანი წლების თერაპიის შედეგები დღემდე ჩვენში ზის. თუმცა, ქოცობამ ეს უპრინციპობა გააღრმავა და თავის ძირითად პოლიტიკურ დასაყრდენად აქცია.
მაჩანჩალა ქვეყანა კიდევ უფრო გამაჩანჩალდა. სწორედ ესაა ქვეყანაში გამეფებული აღმაშფოთებელი გულგრილობის მთავარი მიზეზი.

მათხოვარს პროტესტის გრძნობა ვერ გაუჩნდება. იმიტომ, რომ ის მათხოვარია. მისი ხვედრი - სწორედ გულგრილობა და დუმილია.

გამარჯობა ახალო საქართველო!

ავტორი: თენგიზ აბლოთია

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა