ბელგიის პრემიერ-მინისტრი - ევროკავშირის დეპუტატებს რუსული პროპაგანდის გავრცელებისთვის თანხა გადაუხადეს
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი რაფაჰში შესასვლელად ემზადება
Zelensky: We are doing everything to provide our warriors with more weapons
General Staff: Defense forces repel 29 enemy attacks in four sectors
Syrskyi, Brown discuss Ukrainian army needs for coming months
Zelensky meets with delegation of European Parliament's Renew Europe political group
Zelensky speaks with U.S. House Speaker Johnson, discusses need for continued aid
Shmyhal, Duda discuss military aid to Ukraine Shmyhal, Duda discuss military aid to Ukraine

ვარლამს+ საპატრიარქო რატომ უდრის რუსეთს - ერთუცნობიანი ენერგოგანტოლება

10.28.2021 | 14:40 ნახვები: 557

ძალიან ვიკავებდი თავს, რომ ნამახვანჰესის შეჩერებულ პროექტზე კიდევ რამდე დამეწერა, განსაკუთრებით მას შემდეგ , რაც ჩემს მიერ დასმულ ობიექტურ კითხვებს საზოგადოების ნაწილის დიდი გულისწყრომა მოჰყვა, მაგრამ ამ დღეებში თბილისის ერთ-ერთ პერიფერიულ უბანში, სადაც ვცხოვრობ, ელექტროენერგია ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ორჯერ გამეთიშა. გამიცდა 8 ლექცია, რომელიც აუცილებლად უნდა აღვადგინო, რადგან მე „თელმიკოსავით" უპასუხისმგებლოდ ვერ მოვექცევი ჩემს სტუდენტებს. ეს კი ჩემგან დამატებითი თავისუფალი დროისა და რესურსი გამონახვას უკავშირდება, რაც არცთუ იოლია. ჰოდა, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე ვზივარ და ვფიქრობ, რატომ არ მაქვს კითხვის დასმის უფლება? - მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას, მართლაც, მშვენიერი გარეგნობის ყმაწვილკაცი ვარლამ გოლეთიანი ფანატიზმამდე შეუყვარდა და დაშვებაც არ უნდა, რომ შეიძლება, ვარლამი ცდებოდეს, ან უბრალოდ , ვიღაცის ინტერესებს გაუცნობიერებლად ემსახურებოდეს? სამწუხაროა, რომ ჩვენს საზოგადოებაში უკვე ნორმად იქცა ვერბალური ძალადობა, რასაც ბულინგს უწოდებენ, მაგრამ ეს სიტყვა ძალიან არ მომწონს და ხშირად მის გამოყენებას ვერიდებში. მიაჩნიათ, რომ თუკი შენზე სიტყვიერად იძალადებენ, უბრალოდ , კითხვების დასმის სურვილი გაგიქრება და ასე, არგუმენტირებული მსჯელობისა და დისკუსიის გარეშე გამარჯვებაც სიტყვიერად მოძალადეებს დარჩებათ.

ნამახვანჰესთან დაკავშირებით ყოველთვის მხოლოდ პოლიტიკური კონტექსტი მაინტერესებდა და არასოდეს შევხებივარ თავად პროექტის და ხელშეკრულების ავკარგიანობას, რადგან ყოველთვის ვცდილობ პასუხისმგებლობა ავიღო ჩემს თითოეულს სიტყვაზე, რომელსაც საჯაროს ვხდი. გადავწყვიტე, უფრო ყურადღებით შემესწავლა ჰიდროენერგეტიკის თანამედროვე გამოწვევები და პერსპექტივები.

1900 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ერთ-ერთ ჟურნალში დაიბეჭდა სტატია, რომელიც პროგნოზირებდა სამყაროს მომავალს 100 წლის შემდეგ. ყველაზე საინტერესო ჰიდროენერგეტიკის განვითარებასთან დაკავშირებული პროგნოზი იყო. 120 წლის წინ, სტატიის ავტორები პროგნოზირებდნენ, რომ 100 წლის შემდეგ ყველა მდინარეზე იქნებოდა სპეციალური მოწყობილობა ელექტროენერგიის საწარმოებლად. ზღვებისა და ოკეანეების სანაპიროებზე გამოჩნდება მოწყობილობები, რომლებიც ტალღების ენერგიას ელექტრობად გარდაქმნიანო. მართლაც, შეიძლება ითქვას, რომ მე-20 საუკუნე ჰიდროენერგეტიკის საუკუნე იყო. საინტერესოა, რა მოლოდინები არსებობს 21-ე საუკუნესთან დაკავშირებით?

ამჟამად, ჰიდროენერგიის ყველაზე დიდი მწარმოებლები ჩინეთი, კანადა, ბრაზილია, შეერთებული შტატები და რუსეთი არიან, მაგრამ ერთ სულ მოსახლეზე ჰიდროენერგიის გამომუშავებით ისლანდია უპირობო ლიდერია. ამავე მაჩვენებლით, ნორვეგიაც ერთ-ერთი პირველია. ჰიდროენერგიის წილი 98%-ია და ეს მაშინ, როდესაც ნორვეგია ნავთობის მწარმოებელი ქვეყანაა. შვედეთსაც ძალიან მაღალი მაჩვენებელი აქვს ჰიდროელექტრო ენერგიის წარმოებაში. სპეციალისტების მოსაზრებით, თანამედროვე ეპოქის მთავარი პრობლემა ჰიდროენერგეტიკაში ისაა, რომ მოწინავე ქვეყნებს თავიანთი პოტენციალის მაქსიმუმი უკვე ათვისებული აქვთ და მასშტაბური ჰიდროენერგო პტოექტების განსახორციელებლად ნაკლები რესურსია დარჩენილი. 2 019 წლის მონაცემებით, ევროპას ჰიდრორესურსების 75%, ჩრდილოეთ ამერიკას კი 80% აქვს ათვისებული. ამის მიუხედავად, ელექტროენერგიის დეფიციტი მაინც არსებობს. ამჟამინდელი ტენდენციით , მასშტაბური ჰიდროენერგეტიკული პროექტების განხორციელება მიმდინარეობს აფრიკაში (21% მსოფლიო ჰიდრენერგეტიკული რესურსების) და აზიაში (39%).

ასეთი პოტენციალის მიუხედავად, აფრიკისა და აზიის ქვეყნების წილი მსოფლიოს ჰიდროენერგეტიკაში მინიმალურია. აფრიკის ქვეყნები - 5%, აზიის ქვეყნები - 18% და ეს მაშინ, როდესაც სამხრეთ ამერკა და ავსტრალია ერთობლივად ფლობენ მსოფლიო ჰიდრორესურსების 15%-ს და მათ მიერ წარმოებული ჰიდროელექტროენერგია საერთო ბაზრის 11%-ს იკავებს.

ცხადია, ჰიდროენერგეტიკის განვითარებას ახლავს გარკვეული რისკები, რომელიც ეკოლოგიურ ცვლილებებსა და მიგრაციის საკითხებს უკავშირდება, მაგრამ როგორც ვხედავთ, ამის გამო მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს უარი არ უთქვამთ მის განვითარებასა და მსხვილი ჰიდროენერგეტიკული პროექტების განხორციელებაზე. ძნელად წარმომიდგენია, რომ ისლანდიაში, შვედეთსა და ნორვეგიაში, რომლებიც ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტ ჰიდროელექტროენერგიას აწარმოებენ და ტერიტორიულადაც საქართველოს ბევრად არ აღემატებიან, არც წიაღისეულია, არც მითოლოგია არსებობს და არც სოფლის მეურნეობაა, რომელსაც საფრთხეს შეუქმნიდა ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობა.

იმ თაობის ადამიანი ვარ, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა, ჰუდონჰესის მშენებლობას ვაპროტესტებდი. ვაპროტესტებდი იმიტომ, რომ დავიჯერე ის, რაც მაშინდელმა ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა მითხრეს. თავად მე ნაკლებად მესმოდა, რა საფრთხეს წარმოადგენდა ამ პროექტის განხორციელება. დავიჯერე, რომ სვანეთი აღარ მექნებოდა, დაიტბორებოდა, წყალი გადარეცხავდა ჩვენს მრავალსაუკუნოვან ისტორიას და კულტურას, რომ დიდი საფრთხე ემუქრებოდათ იქ მცხოვრებ ადამიანებს. ცხადია , მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა, რომ შესაძლებელი იყო, ერთ დღეს დენი წასულიყო და კვირების განმავლობაში ნათურის ანთება არ გვღირსებოდა, რომ სახლში ნავთქურის სუნისაგან გონება დაგვებინდებოდა და თავბრუსხვევები გვექნებოდა, რომ ტყეს გავჩეხავდით გასათბობად და ეკოლოგიაზე აღარავინ ვიფიქრებდით, რომ საუკეთესო წიგნებს ადამიანები ცეცხლს შეუკეთებდნენ გასათბობად და აღარც ისტორია და კულტურა გაახსენდებოდათ . არადა, ყველაფერი ეს იყო ჩვენს ცხოვრებაში.

წავიკითხე პრემიერ-მინისტრი მრჩევლის, ბატონ ჰუდაკის სტატია, სადაც ამბობს, დიდი ჰესების მშენებლობის დრო საქართველოში დასრულდაო და ერთადერთი არგუმენტი მოჰყავს - არა ეკოლოგიური საფრთხეები, არა შესაბამისი პოტენციალის არარსებობა, არამედ ის, რომ მოსახლეობა ეწინააღმდეგებაო. ბატონი ჰუდაკი საქართველოში დროებით იმყოფება, ის წავა და ნაკლებად გაახსენდება, საქართველო ჩაბნელებული იქნება თუ განათებული, მაგრამ სანამ აქ არის, იმას ხომ მაინც ხედავს, რომ მოსახლეობა ვაქცინაციასაც ეწინააღმდეგება, საკუთარ სახლებს ფუნდამენტს და საყრდენ კედლებს აცლის და პასუხისმგებლობასაც ვერ გრძნობს. რა ვქნათ, მივუშვათ და ვითამაშოთ მათი სიცოცხლით?

ბატონ ჰუდაკს ურჩევია პრემიერისათვის, ეთქვა, მზის ენერგიის შემნახავი ბატარეების წარმოება დავიწყოთ, ადამიანებს დავასაქმებთ, მსოფლიოში დიდი მოთხოვნააო. კითხვა მიჩნდება და რომ ჩამქოლონ, მაინც დავსვამ: მზის და ქარის ენერგიების გამომუშავებული ელექტროენერგია დღეს მხოლოდ 8-10 %. თუ ასეთი პერსპექტიულია, რატომ ერთიანდება ევროპის 10 წამყვანი ქვეყანა ატომური ენერგიის სფეროში სათანამშრომლოდ, ტექნოლოგიები არ ჰყოფნით მზის ენერგიის ბატარეების შესაქმნელად? რატომ მიიჩნევენ აუცილებლად, რომ ატომური ენერგიის სფეროში თანამშრომლობით წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის ენერგეტიკულ ექსპანსიას? თან, რაც მთავარია, ჯერ უნდა ვისწავლოთ, აკადემია შეგვიქმნან და შესაბამისი უნარები გამოვიმუშაოთ. სანამ ჩვენ ამ უნარებში ევროპულ ტესტს ჩავაბარებთ, მანამდე რას ვშვრებით, ამაზე ბატონ ჰუდაკის წერილში პასუხი არ არის. სამაგიეროდ, სხვა პასუხი გვაქვს: ვარლამ გოლეთიანი+ საპატრიარქო+პრემიერი ღარიბაშვილი=რუსეთს. ეს ის დიდი სიყვარულია, ილიჩის ნათურაზე მეტად რომ გაანათებს საქართველოს. ბატონი ჰუდაკი ამ ფორმულაში ვერსად ჩავსვი, მაგრამ იმედია, თვითონ იპოვის ადგილს.

ლელა ჯეჯელავა, ანალიტიკოსი

CNews.ge

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა