ვედანტ პატელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - მსგავს კანონებს იყენებენ კრემლი და სხვა რეპრესიული მთავრობები
კელი დეგნანი - საქართველო ავტორიტარიზმისკენ მიყავთ იმ ძალებს, რომლებსაც ძალაუფლების შენარჩუნების ეგზისტენციალური საჭიროება აქვთ
ირაკლი კუპრაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
პრეზიდენტი - გვაქვს პერსპექტივა, წლის ბოლოს დავიწყოთ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები და სწორედ ამას ებრძვის დღეს ეს კანონი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით
Zelensky: Ukrainian defense industry will produce ten Bohdana howitzers this month
Syrskyi and Umerov get acquainted with new models of weapons, equipment produced in Ukraine
British Intelligence analyzes activity of Russian Black Sea Fleet after replacement of commander

ხუდონიდან ნამახვანამდე - „გულანთებული პატრიოტების“ იდიოტური თამაშები

10.27.2021 | 11:52 ნახვები: 384

ისინი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ბაზარზე ისე ოპერირებენ, როგორც „იდეალისტი პატრიოტები,“ თუმცა თუკი მათ ნაბიჯებსა და ნარატივებს კარგად გავიაზრებთ, მივხდებით, რომ „იდეალისტი პატრიოტები“ კი არა, „სასარგებლო იდიოტები“ არიან, ანუ მათ სარგებლობა ჩრდილოელი აგრესიული მეზობლისთვის მოაქვთ. ახლა, ღიად და სახალხოდ კრემლს „ბაბიას“ არ ეძახიან, მაგრამ ყველაფერი ის, რასაც ეს ე.წ. „იდეალისტი პატრიოტები“ აკეთებენ, ჩრდილოელ დათვს სასათბურე პირობებს უქმნის, რომ საქართველოში საკუთარი ჰიბრიდული ომის მიზნები ძალიან უმტკივნეულოდ შეასრულოს.

ყველაფერი ეს კი ახლა, ანუ იგივე „ნამახვანჰესის“ ისტერიით კი არა, გაცილებით ადრე, გასული საუკუნის 80-იანი წლების მეორე დეკადაში, ესე იგი, მაშინ დაიწყო, როცა საბჭოთა კავშირი სულს ღაფავდა. სწორედ ამ დროს მოძმე რესპუბლიკებში, კონკრეტულად, საქართველოში ეროვნული მოძრაობა გააქტიურდა. ამ მოძრაობის წარმომადგენლების, ანუ როგორც მაშინ ამბობდნენ, არაფორმალების მთავარი სალაპარაკო სამი თემა იყო - ეკოლოგიური პრობლემები, ტრანსკავკასიური რკინიგზის მშენებლობა და დავით გარეჯის საკითხი.

დავით გარეჯი გასაგებია - ისტორიული წარსული ყველაზე არაპატრიოტშიც კი პატრიოტულ ემოციებს თუნდაც წუთიერად მაინც აღძრავს, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან, ჩნდება მარტივი კითხვა - ეროვნულ მოძრაობა და მასში ჩართული ადამიანები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას ითხოვდნენ, რატომ აპროტესტებდნენ ხუდონჰსესის მშენებლობას? ნუთუ, არ იცოდნენ, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა სწორედ ენერგეტიკულ და შესაბამისად, ეკონომიკურ დამოუკიდებლობაზე გადის?

თუ არ იცოდნენ, „ვაია“ და თუ იცოდნენ, მხოლოდ „ვაი“ კი არა, „უიცაა“, რადგან ცოდნის შემთხვევაში გამოდის, რომ ეს „იდეალისტი პატრიოტები“ რუსეთის, ანუ იმ სახელმწიფოს წისქვილზე მიზანმიმართულად ასხამდნენ წყალს, რომელი სახელმწიფოსგანაც ითხოვდნენ, ხელები შორს საქართველოსგან, ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართო.

ისე, მართალია, ხუდონჰესის ბატალური მოვლენებიდან სამი ათეული წელი გავიდა და იმ ეპოპეის ზოგიერთი „ფეისი“ (მაგალითად, პარლამენტისა და „მწვანეთა მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ასევე, ყოფილი პრემიერი ზურაბ ჟვანია, რომელიც ცნობადი სწორედ ამ ამბებით გახდა, ანუ ხუდონი მისთვის ერთგვარი პოლიტიკური კაპიტალი იყო) ცოცხალიც აღარაა, მაგრამ 30 წლის მერეც, სამწუხაროდ, არაფერი შეცვლილა - იგივე აქტიორები იგივე საბაბით, ანუ ბუნება განადგურდებაო, ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ.

სხვათა შორის, შემთხვევითი, ალბათ, არც ის უნდა იყოს, რომ 80-იანი წლების მსგავსად, ახლაც „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო კამპანია და დავით გარეჯის თემის გააქტიურება ერთმანეთს დაემთხვა. ესე იგი, ვიღაც ძალიან შეეცადა, რომ პატრიოტული ემოციებს დუღილის ტემპერატურისთვის მიეღწია.

რაც შეეხება იგივე აქტიორებს, ავიღოთ, მაგალითად, მწერალი ნაირა გელაშვილი, რომელიც ამჟამად „კავკასიურ სახლს“ ხელმძღვანელობს, 30 წლის წინაც ჰესების წინააღმდეგ ისეთივე ხმალამოღებული ილაშქრებდა, როგორც ახლა ებრძვის „ნამახვანჰესს“, თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ქალბატონი გელაშვილი მაშინ საკუთარი სახელით ოპერირებდა, ახლა კი „სასარგებლო იდიოტის“ როლს მთელი მისი ორგანიზაცია - „კავკასიური სახლი“ ასრულებს.

კერძოდ, ამ ას-ოს სახელით გულისამაჩუყებელ განცხადებებს, ვთქვათ, ვინმე სოფო სოხაძე აკეთებს, რომელიც გარემოს დაცვით, სხვათა შორის, მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ქვეყანაში ჰესების მშენებლობა დაიწყო და გაჩნდა პერსპექტივა, რომ მილიონობით ინვესტიცია ჩვენს ეკონომიკას ადუღებამდე თუ არ მიიყვანდა, ცოტა ამოასუნთქებდა მაინც, მაგრამ რად გინდათ? - სოხაძეებმა, გელაშვილებმა და სხვებმა, ანუ კოლექტიურმა ვარლამებმა და გოლეთიანებმა იმდენი ქნეს, იმდენი, რომ „ენკა“ გააქციეს და გამარჯვების ყიჟინაც დასცეს, მაგრამ მოდით, აბა, ამ „სასარგებლო იდიოტებს“ ვკითხოთ, რა უხარიათ და რას ზეიმობენ?

შეგვიძლია, დავნაძლევდეთ, რომ ამ კითხვაზე პასუხს რომელიმე რიგითი კი არა, თავად ისეთი ვეტერანი „ანტიჰესელიც“ კი ვერ გასცემს, როგორიც მწერალი ნაირა გელაშვილია. კი ბატონო, ქალბატონ გელაშვილს ექნება არგუმენტი, დედაბუნება გადავარჩინეთო, მაგრამ თუ საქმეს კარგად ჩავუღრმავდებით, აღმოვაჩენთ, რომ გარემოსდამცველების ყველა ან თითქმის ყველა განცხადება არგუმენტებსა თუ მტკიცებულებებს კი არა, ჩვეულებრივ ჭორებს ეყრდნობა და ამას, სხვათა შორის, სუს-დან გამოჟონილი ფაილებიც ადასტურებს.

ვინ არის, მაგალითად, იმ ჭორის ავტორი, რომ „ნამახვნჰესის“ აშენების შემთხვევაში, რიონის ხეობა დაიტბორებოდა? - ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს, მაგრამ ნარატივი ძალიან ჰგავს რუსეთის სპეცსამსახურების მუშაობის სტილს.

ცხადია, არ ვამტკიცებთ, რომ ჰესის მშენებლობის ყველა მოწინააღმდეგე ჩრდილოეთთანაა კავშირში, მაგრამ ცეცხლი, მოგეხსენებათ, უკვამლოდ არასოდეს ჩნდება, თანაც იგივე სუს-ის კრებსების მიხედვით, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა საუბრებში არცთუ იშვიათად მახვილი „გე-რე-“-ზე კეთდება, კერძოდ, სოხაძეები თუ სხვები ახსენებენ ვინმე კაცს, რომელსაც „გე-რე-“-თან, მინიმუმ, შემხებლობა აქვს.

მოკლედ, კვანძი თითქოს შეკრულია, მაგრამ მოდით, ისევ 30 წლის წინანდელ და ახლანდელ მოვლენებს შორის ლინკები ვნახოთ. მთავარი ლინკი კი, როგორც საარქივო მასალები მოწმობს, ისევ მწერალი ნაირა გელაშვილია.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ქალბატონი გელაშვილი ერთადერთი მწერალი არ ყოფილა, რომელმაც მეცნიერების წინააღმდეგ გალაშქრება დაიწყო, ანუ ამ კამპანიაში 20-მდე კალმოსანი იყო ჩართული და ამას მოწმობს 1988 წლის 22 ნოემბერს, გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტში“ გამოქვეყნებული მწერალ ნაირა გელაშვილის წერილი - „საშიში რეციდივი“, რომელსაც ხელს ნოდარ წულეისკირი და სხვა მწერლებიც აწერენ. წერილში საქართველოს მწერალთა კავშირსა და ტელევიზიაში ტრანსკავკასიური რკინიგზის მავნებლური პროექტის ტენდენციურ განხილვაზე იყო საუბარი.

მოგვიანებით, კერძოდ, 1989 წელს, გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტში“ ნაირა გელაშვილი სამ ნაწილად აქვეყნებს წერილს - „ტექნოკრატია, ეკოლოგია, პოეზია“, რომელშიც ნათქვამია:

„მთელი მსოფლიო რახანია შეძრა ეკოლოგიურმა მოძრაობამ, რომლის ამოსავალი დებულებაა: არ შეიძლება ბუნების დაპყრობა! ბუნებისადმი აგრესია აღსასრულის საწინდარია! ხოლო მდინარე ენგურს უკანასკნელ ხანებამდე „ამშვენებდა“ წარწერა: „Ингури, мы покорим тебя!“ („ენგურო, ჩვენ დაგიპყრობთ შენ!“). აი, ამაზე წამოიძახებ სწორედ გალაკტიონის სიტყვებს: “არსებობს ქვეყნად დაგვიანება, მაგრამ ამდენ ხნით? მაგრამ ასეთი?“, - გალაკტიონის სიტყვებით კითხულობს ავტორი და შემდეგ იმაზე ცხარობს, რომ მთავრობა არ ფიქრობს უარი თქვას ამგვარ უგუნურ მიდგომაზე, „თითქოს ენგურჰესი და ჟინვალჰესი - ეს საქართველოს თავზე დაკიდებული ორი გიგანტური „დამოკლეს მახვილი“ - არ იყოს საკმარისი, თითქოს მათ მიერ გამოწვეული მსხვერპლი - ბუნების გადაგვარება, წყალში ჩაძირული ტყეები, სავარგულები, ისტორიული ადგილები და ძეგლები, ადამიანთა ფსიქიკაში წარმოქმნილი პანიკური დაძაბულობა და სხვა უარყოფითი ცვლილებები არა გვქონდეს უბედურებად ქცეული, ისევ წარბშეუხრელად გვატეხენ თავს ახალ-ახალ „გიგანტებს“: ტრანსკავკასიის რკინიგზას, ხუდონჰესს, ნამოხვანიჰესს, მინაძის წყალსაცავს, და კიდევ ვინ მოთვლის რამდენ გრანდიოზულ ტექნიკურ ნაგებობას! მათი ნება რომ ყოფილიყო და ყველა მათი საოცნებო პროექტი განხორციელებულიყო - საქართველოს უდიდესი ნაწილი წყლის ფსკერზე ან რკინა-ბეტონის ქვეშ ამოყოფდა თავს: „პროგრესის“ სახელით!“

ვერფერს იტყვით, ერთი შეხედვით, მართლაც, შესაშური პატრიოტული და გარემოსდამცველური პათოსია, მაგრამ რატომ არაფერია აქვე ნათქვამი თუნდაც ეკონომიკურ წინსვლაზე ან ქვეყნის ენერგოდამოუკდებლობაზე? ავტორს ამ თემებზე საუბარი გამორჩა თუ შეგნებულად „დაასეივა“? - ალბათ, უფრო მეორე...

როგორც აღვნიშნეთ, მწერალი გელაშვილი „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციებში მაინცდამაინც არ აქტიურობდა, მაგრამ მისი 30 წლის წინანდელი წერილის პათოსით ვარლამ გოლეთიანის დედა, მარიტა მუსელიანი საუბრობდა, ანუ ამ შემთხვევაში, აქტიორები შეიცვალნენ - მეტი დრამატიზმისთვის უჩინარმა რეჟისორმა სცენაზე ქართველი დედა გამოიყვანა. ასევე, თუ თავის დროზე ხუდონს ცხონებული ზურაბ ჟვანია და იგივე გია ბარამიძე აპროტესტებდნენ, ამჯერად ამ „როლზე“ ისეთი ადამიანი „დაამტკიცეს“ ვარლამ გოლეთიანის სახით, რომელიც „პრადვინუტი“ საზოგადოების ნაწილისთვის ჯორჯ სნოუს ასოციაციას აჩენდა, მორწმუნე მრევლისთვის კი ვარლამი ლამის განსხეულებული ქრისტე იყო.

მოკლედ, როგორც კარგად დადგმულ სპექტაკლშია ხოლმე, „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო შოუშიც ყველა დეტალი და ნიუანსი ზედმიწევნით გათვალეს - სამშობლოსთვის მებრძოლი ვარლამი; დედა, რომელიც მომავალი თაობისთვის თავს სწირავს; „ჯო“-ს, „ჯო“-ს მძახებლები და რეალურად გულანთებული ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად სჯეროდათ და ალბათ, ახლაც სჯერათ, რომ თურქები რიონს გვართმევდნენ და თუ ქუჩაში არ გამოვიდოდნენ, მხოლოდ რიონს კი არა, ქართველობასაც დავკარგავდით.

ისე, ისიც კარგად გათვლილი დეტალი გახლდათ, რომ რიონის ხეობის ე.წ. მცველები გაიძახოდნენ, ჰესს თურქები აშენებენო, არადა, „ენკა“ თურქული კი არა, ნორვეგიულ-თურქული კომპანიაა, თუმცა ნორვეგია, როგორც იტყვიან, წამლადაც არავის უხსენებია და ესეც გასაგებია - გოლეთიანებს მტკიცება რომ დაეწყოთ ნორვეგია ქართველობას გვართმევსო, ხალხი სიცილისგან პატარა ტბორს დააყენებდა!

ამასთან, ისიც ჩვეულებრივი ჭორი და კონსპირაცია იყო, თეა გოდოლაძე და სხვა ანტიჰესელები რომ ჭორაობდნენ, თურქები ფულს ათეთრებენო.

ერთ სიტყვით, ყველაფერი ეს, ხუდონის მსგავსად, ემოციებზე იყო გათვლილი, თუმცა გონივრული ეჭვი, რომ „იდეალისტი პატრიოტები“ მერკანტილური ინტერესებისგან არ იყვნენ დაცლილნი, რა თქმა უნდა, არსებობს.

ასე იყო თუ ისე, „სასარგებლო იდიოტების“ მიზანმა საშუალება გაამართლა და ზუსტად ისე მოხდა, როგორც 30 წლის წინ - თუ მაშინ ხუდონის მშენებლობა გაჩერდა, ამჯერად ქვეყანა ენკა-მ დატოვა და შესაბამისად, „ნამახვანჰესის“ საკითხიც ღიად არის დარჩენილი.

სხვათა შორის, სცენარი იმ კუთხითაც ერთ-ერთში განმეორდა, რომ არც მაშინ და არც ახლა სპეციალისტებისთვის არავის მოუსმენია. არადა, ჯერ კიდევ ხუდონის დროს ამტკიცებდნენ ენერგეტიკოსები და სხვა პროფესიის ადამიანები, რომ ხუდონის გაჩერება, უპირველესად, ქვეყნისთვის იყო ცუდი.

„მთელ მსოფლიოში მწვანეთა მოძრაობას საწყის ეტაპზე რადიკალიზმი და პოპულიზმი ახასიათებდა და, ბუნებრივია, საქართველოს მწვანეებიც ვერ ასცდნენ ამ სენს, თუმცა ისინი უფრო შორს წავიდნენ და თავიანთი ხელწერა შანტაჟის ელემენტებით შეავსეს... რითაც აუნაზღაურებელი ზარალი მიაყენეს ეკონომიკასა და საზოგადოებას“, - ვკითხულობთ 1993 წლის 22 ივლისის „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებულ საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, პროფესორ მიხეილ ღოღობერიძის სტატიაში - „რა ღირს საქართველო?“

და მართლაც, რა ღირს საქართველო, ან უფრო სწორად, რაზე გადის ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველოს გზა - „სასარგებლო იდიოტობამდე“ დასულ ვარლამიზმზე თუ პროფესიონალების დასაბუთებულ გათვლებსა და იმ ინვესტიციებზე, რომლებზეც უარს ჭორების გამო ვამბობთ?! ისე, ცნობისთვის: „ნამახვანჰესის“ ჩაშლით ქვეყანამ 800 მილიონამდე ინვესტიცია დაკარგა. წარმოიდგინეთ, ეს რამხელა თანხაა იმ სახელმწიფოსთვის, სადაც თითქმის მილიონი ადამიანი შიმშილით სიკვდილს თავს სოციალური შემწეობით აღწევს!

გეგა სილაგავა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა