იტალიაში ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
გერმანიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 20-მდე ადამიანი დაშავდა
რუსი აქტივისტი, რომელიც უკრაინის მხარდამჭერ პროექტზე მუშაობს, საქართველოში არ შემოუშვეს
ბელგიის პრემიერ-მინისტრი - ევროკავშირის დეპუტატებს რუსული პროპაგანდის გავრცელებისთვის თანხა გადაუხადეს
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი რაფაჰში შესასვლელად ემზადება
Zelensky: We are doing everything to provide our warriors with more weapons
General Staff: Defense forces repel 29 enemy attacks in four sectors
Syrskyi, Brown discuss Ukrainian army needs for coming months

„ახლა სხვა დროა“

06.02.2023 | 01:08 ნახვები: 1207

გამოჩენილი ქართველი მწერლისა და დრამატურგის, დავით კლდიაშვილის  მოთხრობა - „სამანიშვილის დედინაცვალი“ არა ერთი თეატრისა და კინორეჟისორის შთაგონების წყარო გამხდარა. 1926 წელს კოტე მარჯანიშვილმა გადაიღო უხმო ფილმი ამავე  მოთხრობის მიხედვით, 1978 წელს კი ელდარ შენგელაიამ ხმოვანი კინოსურათი. დავით კლდიაშვილის სასცენო ისტორიაში გამორჩეული ადგილი რობერტ სტურუასა და თემურ ჩხეიძის   სპექტაკლმა დაიმკვიდრა.

2019 წლის 21 თებერვალს თავისუფალი თეატრის სცენაზე შედგა გიორგი (გოგი) მარგველაშვილის  სპექტაკლის პრემიერა - „სამანიშვილის დედი(ს)ნაცვალი“. „ს“ ასოს ჩამატება უკვე მიგვანიშნებს იმაზე, რომ კლდიაშვილისეული ტექსტი „თავისუფალის” სცენაზე ახლებურად აჟღერდა.

ინსცენირების ავტორია ალექსანდრე  ქოქრაშვილი. მართალია სპექტაკლში მსახიობები საუბრობენ თანამედროვე სამეტყველო ენით, მაგრამ აქა-იქ ყურში საცემია კლდიაშვილისეული იმერიზმები. მაგ.: ჯაბა კილაძის კირილე წარმოთქვამს - „რაფერ გადავირიე, იცი?!“.

ქართველი ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი დავით კლდიაშვილის ნაწარმოებზე „სამანიშვილის დედინაცვლი“ ამბობს, რომ მიუხედავად ამხელა ტრაგიზმისა ნაწარმოებში, აბსოლუტურად არ არის გამოყენებული ტრაგიკული ნოტები, თუ დავეყრდნობით არსებულ მოსაზრებას  შეიძლება ვთქვათ, ნაწარმოებისგან განსხვავებით რეჟისორმა გიორგი მარგველაშვილმა სპექტაკლის ჟანრი განსაზღვრა, როგორც დრამატული ამბის ქრონიკა.

გიორგი მარგველაშვილის „სამანიშვილის დედი(ს)ნაცვალში“ ჭარბადაა ნატურალისტური თეატრის პრინციპები. მოქმედება მიმდინარეობს XXI საუკუნის საქართველოში, შესაბამისად,  როგორც ზემოთ აღვნიშნე, სამეტყველო ენა თანამედროვეა.

სცენაზე წარმოდგენილი გარემო მინიმალისტურია. თეო კუხიანიძის სცენისა და კოსტიუმის მხატვრობაში  ძირითადად ფიგურირებს შავი და თეთრი, რაც ინისა და იანის ასოციაციას იწვევს. ამით მხატვარი მიგვანიშნებს იმაზე, რომ ჩვენი სამყარო წარმოუდგენელია ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ძალის გარეშე.  ნატურალიზმის ნიშნები იკვეთება სამსახიობო შესრულებაში, რომელიც რეალისტური, პათეტიკას მოკლებულია და განტვირთულია გრძელი მონოლოგებისგან, რაც მოთხრობის სიუჟეტიდან გამომდინარეობს.

თავად კლდიაშვილის ტექსტი ნატურალისტურია, რადგან მიკროსკოპული სიზუსტით ასახავს XlX საუკუნის ქართველ, კერძოდ კი იმერელ გაღარიბებულ აზნაურთა ყოფა-ცხოვრებას.

გიორგი მარგველაშვილის შემოქმედებას ახასიათებს ნატურალისტური თეატრის ნიშნები, ამის თვალსაჩინო მაგალითია: გრიბოედოვის თეატრში დადგმული სპექტაკლები - ალექსანდრ ვამპილოვის „უფროსი ვაჟი“ (2014 წ.) და ინგმარ ვილკვიშტის „ჰელვერის ღამე“ ( 2022 წ.).

აპოლონ კუბლაშვილის ბეკინა სამანიშვილი მაგიდაზე ისეა დასვენებული, როგორც გარდაცვლილი ადამიანი. ასეთი შესავლით რეჟისორი წინასწარ გვამზადებს პერსონაჟის ტრაგიკული სიკვდილისთვის.

აღნიშნული მაგიდა სუფრის ფუნქციასაც ასრულებს, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ ეს ნივთი ჭირისა და ლხინის ერთგვარ მეტაფორას წარმოადგენს.

ავანსცენაზე არსებულ მბრუნავ მაგიდაზე საფერფლესა და შანდალთან ერთად ღვთისმშობლის ხატია, რომელთანაც მსახიობები ხშირად იწერენ პირჯვარს და კითხულობენ ლოცვებს, მაგრამ როდესაც „არაქრისტიანულ” საქმეებს აკეთებენ (მაგ.: ყავაზე მკითხაობენ) ხატს მაყურებლისკენ აბრუნებენ. რეჟისორის მხრიდან არსებული გადაწყვეტა ვფიქრობ, სარკასტული დამოკიდებულებაა ფარისეველი, „ღრმად მორწმუნე მართლმადიდებლების“ მიმართ.ქეთა ლორთქიფანიძის - ელენეს გარდა, ყველა პერსონაჟი სანთელს არა სასანთლეში, არამედ საფერფლეში არჭობს. ყოველივე მეტყველებს იმაზე, რომ მათ შორის,  ზნეობა მხოლოდ დედი(ს)ნაცვალს გააჩნია.

ანი ალადაშვილის - მელანოსა და ლაშა გურგენიძის - პლატონის მკითხაობის სცენა  თვალსაჩინო მაგალითია იმასა, რომ ადამიანთა გარკვეული ნაწილი, სიღარიბის ფონზე იმდენად დეგრადირდება, უარყოფს/ივიწყებს ღმერთს  და ამჯობინებს  მკითხაობითა  ცრურწმენებით ცხოვრებას. აღნიშნულმა სცენამ ასოციაციურად მიმიყვანა დავით კლდიაშვილის პიესასთან - „უბედურება“, სადაც პერსონაჟები „გადალოცვის“ რიტუალის შიშით მხეცებს ემსგავსებიან.

ზემოთ როგორც აღვნიშნე, სპექტაკლში მოქმედება მიმდინარეობს თანამედროვე სამყაროში, შესაბამისად, პლატონი  და ივანე გვერდევანიძე ერთმანეთს არა ცხენზე ამხედრებულნი, არამედ „მაკდონალდსში“ ხვდებიან. გიორგი ჯიქიას - ივანე ამაყი, თანამედროვე  საქმიანი ადვოკატია, რომელიც სმარტფონით ეკონტაქტება  თავის კლიენტებს.

მარიამ ჯოლოგუას შავებში გამოწყობილი თავდაჯერებული  დარიკო დედის სიკვდილს გლოვობს. მამაზე სწორედ იმის გამოა გაბრაზებული, რომ მან   გარდაცვლილი ცოლი  დაივიწყა და ახლის შერთვა გადაწყვიტა.

პლატონის წყენა მერკანტილური ხასიათისაა. ლაშა გურგენიძეს  პლატონი  უნიათო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, ცოლის  დავალებების მორჩილი შემსრულებელია. მსახიობი თავისი პერსონაჟის „შინაგან დემონებს“ სპექტაკლის ბოლოსკენ აშიშვლებს,  როცა დედი(ს)ნაცვლის ორსულობას შეიტყობს, ამ უკანასკნელსა და თავის ცოლს უწმაწური სიტყვებით ამკობს, შემდეგ კი ფიზიკური ძალადობის სურვილი უჩნდება. პლატონის აგრესიულობა პიკს აღწევს მაშინ, როდესაც  იგებს, რომ ძმა (კონკურენტი მემკვიდრეობაში) ეყოლა. ჯაბა კილაძის კირილე მას თოფს აძლევს, რათა „ტრადიციისამებრ“ ჰაერში გაისროლოს, მაგრამ ტყვია  ბეკინას ხვდება და ის კვდება. ამ გადაწყვეტით რეჟისორი თითქოს ბეკინას ხანგრძლივი ტანჯვისგან „იცავს”.

პლატონი სიღარიბის ფონზე მხეცად იქცევა. ლევან ბერძენიშვილი პლატონის პერსონაჟზე ამბობს, - „იცის, რომ არასწორად იქცევა, უბრალოდ ვერ ერევა ნებას“. არსებული მოსაზრება განსაკუთრებულად კარგად იკვეთება სპექტაკლში, როცა ბეკინას პანაშვიდის მიზანსცენაში, დაკავებული  პლატონი მოდის ბადრაგის თანხლებით და ხატთან   ლოცვას იწყებს. ამის შემხედვარე ქეთა ლორთქიფანიძის ელენე  ამბობს  - -„პლატონს საიქიოსი არ ეშინია, ხომ?“, რაზეც  შაკო მირიანაშვილის არისტო პასუხობს -„საიქიო აღარ არსებობს მამიდულია, შეიძლება ადრე იყო , სადღაც, მაგრამ ახლა სხვა დროა, სხვა დროა“.

შაკო მირიანაშვილის არისტო ქვაშავიძე, როგორც ამ ნაწარმოების/სპექტაკლის  არაერთი  პერსონაჟი,  საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს. მისთვის არ არსებობს ისეთი გრძნობა, როგორიცაა სიყვარული, ამ ადამიანისთვის მამიდამისის გათხოვება  კომერციასთანაა ასოცირებული, ყოველივე განსაკუთრებულად ჩანს მაშინ, როდესაც ელენეს ბეკინას პანაშვიდზე  ეტყვის იმას, რომ ახალი საქმრო მოუძებნა: „თუ დამიჯერებ, გადაგარჩენ, ერთი ქვრივი კაცია, შვილი არ ყავს…  ქონება აქვს და შვილიანი ქალი უნდა… კაი ამბავში მიმყავხარ… შენ რა გენაღვლება, დადის თუ არა, აჭმევ, გამოუცვლი,  დაელაპარაკები, შენც კარგად იქნები, მეც კარგად ვიქნები“. გამოდის, რომ მოდერნიზებული არისტო ქვაშავიშე  ერთგვარ „სუტინიორად“ გვევლინება.

 

ჯაბა კილაძეს წარმოდგენას მაჟორულ ჟღერადობას  ანიჭებს. იგი  დარიკოს ერთგვარი ანტიპოდია, რადგან  სიხარულით ეგებება  ბეკინას სურვილს და ცოლს ხარხარით  ეუბნება, - „ამდენი გლოვიარობა გაგონილა?!“.  კილაძის კირილე, მოქეიფე, მხიარული მამაკაცია, ხოლო ალკოჰოლის  დალევისას   მეტამორფოზას  განიცდის და ჩხუბისთავად გვევლინება (რაც კლდიაშვილის ტექსტიდანვე გამომდინარეობს). სხვათა შორის დებოშის ატეხვის გამო, რეჟისორი კირილესა და პლატონს  პოლიციის განყოფილებაში „ათავსებს“.

აღნიშნულ დადგმაში სალომე ჭულუხაძის - სალომე მიმინოშვილი გავლენიან ქალბატონად გვევლინება, რომელთანაც არატრადიციული ქართული სუფრა, არამედ ალაფურშეტია. საინტერესოა სცენა, სადაც კირილეს ჩილიმს მოუტანენ  და ჯაბა კილაძე ამბობს, - „არ მინდა ღვინო, აი ეს ევროპა მინდა მე“. ევროპისა და ჩილიმის კავშირი ცოტა გაუგებარია, მაგრამ  მე პირადად ეს ატრიბუტი აღვიქვი, როგორც საქართველოში არაბული (მუსლიმური) კულტურის გავრცელება-განვითარების მეტაფორა.

აპოლონ კუბლაშვილის ბეკინა არა ხნიერი, როგორც ძირითადად მიღებულია, არამედ შუა ხნის  აროგანტული მამაკაცია, რომელიც  პლატონს  ირონიული ინტონაციით ეუბნება, - „თქვენისთანა ახალგაზრდებს ათს ერთად ვაჯობებ ჯანით, სიმთელით და სიმტკიცით… ცოლი მომყავს და მორჩა ამაზე საუბარი!“. იგი პატიოსანი მამაკაცი და  მოსიყვარულე მეუღლეა, რაც ჩანს  იმ სცენაში, სადაც ძაძებში მოსილი   ელენე  სამანიშვილების სახლში შესვლისთანავე დალაგებას იწყებს  ხოლო ბეკინა შავ თავსაფარს ახდის  და საოჯახო საქმეს აშორებს. ელენეს ყოფილი ქმრებისაგან განსხვავებით, ბეკინასათვის ქალი არ არის მოსამსახურე ამასთანავე, ბეკინა იცავს თავის ცოლს მაშინ, როდესაც პლატონი მასზე ფიზიკურ ძალადობას გადაწყვეტს.

ქეთა ლორთქიფანიძის დედი(ს)ნაცვალი დაჩაგრული, განადგურებული ორნაქმარევი (აწ უკვე სამნაქმარევი) ქვრივი ქალბატონია, რომელიც არა სიყვარულსა და მზრუნველობას, არამედ მონურ ყოფასაა მიჩვეული. ბეკინაზე დაქორწინებისას და ქორწილის შემდეგ იგი არა შავ ძაძებში, არამედ თეთრ მოხდენილ კაბაში გვევლინება, სახე გაბრწყინებული აქვს, მაგრამ ვაი რომ ეს ბედნიერება უკიდურესად მოკლე აღმოჩნდება…

მკითხველსა და მაყურებელს გაუჩნდება ერთი  ლოგიკური კითხვა - „რატომ ეყოლა შვილი ბეკინასა და ელენეს“, პასუხი  შეიძლება ბანალური, მაგრამ მარტივია - იმიტომ, რომ მათ ერთმანეთი უყვარდათ.

საბოლოო ჯამში მინდა ვთქვა, რომ „სამანიშვილის დედი(ს)ნაცვალი“, როგორც კლდიაშვილის მოთხრობა, სიღარიბის ფონზე მორალურად დეგრადირებულ ადამიანებზეა. შემოქმედებითმა ჯგუფმა კლასიკური ტექსტი ახლებურად ააჟღერა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ლეგენდარული მოთხრობა  იყო, არის და ყოველთვის იქნება აქტუალური.

 

ავტორი:ანასტასია ჩერნეცოვა

https://www.theatrelife.ge/axlasxvadroa

ყველას ნახვა
ყველას ნახვა