ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენს მეომრებს მეტი იარაღი მივცეთ
Ukraine war update: 59 combat clashes on front lines
IAEA experts record sounds of outgoing artillery fire at ZNPP
Frozen Russian assets worth $300B: Ukraine’s reconstruction costs much higher
Moscow no longer hiding military cooperation with N. Korea at USNC - Kuleba
Kremlin tying West to terrorist attacks to generate domestic support for war in Ukraine – ISW
British company developing EW-resistant drones for Ukrainian Armed Forces
ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი პირის ძებნა-შველის ოპერაცია მიმდინარეობს

ელდარ შენგელაიას 90 წელი შეუსრულდა

01.26.2023 | 13:32 ნახვები: 497

ცნობილ ქართველ კინორეჟისორს ელდარ შენგელაიას 90 წელი შეუსრულდა. ქვემოთ გთავაზობთ ხელოვნებათმცოდნე დავით ბუხრიკიძის მიერ ჟურნალისთვის „გაიცანი საქართველო“ მომზადებულ პუბლიკაციას ელდარ შენგელაიაზე, რომელიც სამი წლის წინ გამოქვეყნდა.

 

ელდარ შენგელაიას „გამოფენა“  - „ჭა“ თბილისის ძველ უბანში

 

ქართველმა კინოკლასიკოსმა, 87 წლის ელდარ შენგელაიამ ახლახან მუშაობა დაასრულა ახალ მოკლემეტრაჟიან ფილმზე, სახელწოდებით „ჭა“, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით გადაიღო. გასულ წელს სწორედ ამ ფილმის სცენარმა გაიმარჯვა ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში. ფილმის დახურული ჩვენება იანვრის ბოლოს ეროვნული არქივის ახალ კინოდარბაზში გაიმართა, რომლის რეკონსტრუქციაც რამდენიმე თვის წინ დასრულდა და რომელიც საინტერესო კინოპრემიერებს მასპინძლობს.

 

ფილმი „ჭა“ ცნობილი მწერლის, რეზო ჭეიშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვითაა გადაღებული. ელდარ შენგელაიასა და რეზო ჭეიშვილის შემოქმედებითი დუეტი კინოს მოყვარულთათვის კარგად არის ცნობილი. ფილმები - „სამანიშვილის დედინაცვალი” (1978) და „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“ (1983) რეჟისორმა სწორედ მისი სცენარების მიხედვით გადაიღო!

 

და აი, ახალი, 20 წუთიანი, შავ-თეთრი ფილმი, რომელშიც მწერლის დახვეწილი ირონია და რეჟისორის თანამედროვე, სოციალური და  აბსურდული გზავნილები ისევ ერთმანეთს გადაეჯაჭვა, ამჯერად ძველი თბილისის ერთ-ერთ უბანში, სადაც მუშები ჭას თხრიან და სადაც წყალი ამოხეთქავს. თუმცა მილების შეერთებას თუ ერთმანეთთან დაკავშირებას ვერავინ ახერხებს...

 

-       ბატონო ელდარ, რატომ ისევ აბსურდული სიუჟეტი და რატომ რეზო ჭეიშვილის ეს მოთხრობა?

-       იმიტომ, რომ რეზო ფანტასტიკური, მე ვიტყოდი, შეუბრალებელი სიზუსტის მწერალია. რაღაცნაირი რბილი ირონიითა და იუმორით აკვირდება  ჩვენს გარემოს, მოვლენებს. გარდა ამისა, ნამდვილად ჰუმანისტია. მუდამ თანაუგრძნობს საკუთარი ხელით შექმნილ  აბსურდში მოფუსფუსე ადამიანებს. ყოველთვის ძალიან მსიამოვნებდა მასთან მუშაობა. ახლაც მისი მოთხრობის მიხედვით გადავიღეთ ფილმი; სულ რაღაც, 10-12 დღეში.

-       რამდენადაც ვიცი, ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმი ტრილოგიის პირველი ნაწილია და კიდევ აპირებთ გადაღებას...

-       დიახ, პირველია და თუ ფულს მოვიძიებთ, კიდევ ორ მოკლემეტრაჟიან ფილმს გადავიღებ, რომლებიც სადღაც მაისში  უნდა გამოვიდეს ეკრანზე. რაც მთავარია, სამივე ფილმში მსახიობი პაატა მოისწრაფიშვილი ითამაშებს, რომელიც იდეურად და ესთეტიკურად გააერთიანებს კიდეც ამ ტრილოგიას.

-       სამივე ფილმში მთავარი გმირი სწორედ პაატა მოისწრაფიშვილი იქნება?

-       მინდა, რომ ამით რეზო ჭეიშვილის მოთხრობების მიხედვით თავისებური „მცირემეტრაჟიანი ტრილოგია“ შევქმნა. პაატა ყველა ფილმში უნდა იყოს, თუმცა არ ვიცი, ეგებ სხვა გმირებიც გამოჩნდნენ. პაატას თავადაც ყოველთვის უნდოდა ჩემთან მუშაობა...

 

პაატა მოისწრაფიშვილის გარდა, ფილმში მონაწილეობენ: ნინელი ჭანკვეტაძე, ვასიკო ოდიშვილი, დათო დვალიშვილი, გიორგი გურგულია.

ფილმის სიუჟეტი ძველი თბილისის ერთ ქუჩაზე ვითარდება. მეზობლები უკიდურესად შეწუხებული არიან ქუჩის მუდმივი გადათხრით და ეზოში გამორბიან, რათა მუშები გააჩერონ. თუმცა მუშებს დავალებული აქვთ, რომ ჭა აუცილებლად გათხარონ.

მსახიობ ნინელი ჭანკვეტაძის თქმით, „გადაღება და მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო იყო. ბატონ ელდართან წინა ფილმზეც ვიმუშავე (იგულისხმება ფილმი „სავარძელი“) და მომავალშიც ვაპირებ. ცხადია, თუ ბატონი ელდარი მოისურვებს ჩემთან თანამშრომლობას. ცოტა აბეზარ,  აქტიურ და ყველაფრის „მცოდნე“ ქალს ვთამაშობ. ასეთებს ხშირად ნახავთ ქუჩაშიც და ტელეეკრანზეც. ყოველთვის ხმამაღლა რომ ლაპარაკობენ და ყველა საკითხში რომ ერევიან“...

ტრილოგიის მომდევნო ფილმის გადაღებას რეჟისორი 2020 წლის გაზაფხულზე გეგმავს. კინოს მოყვარულებმა, ალბათ, იციან, რომ გასული წელს, მაისში, კანის კინოფესტივალის სპეციალურ სექციაში ელდარ შენგელაიას ერთ-ერთი პირველი ფილმი „თეთრი ქარავანი“ დიდი წარმატებით უჩვენეს. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა