ამ ბრძოლის სიმძიმე, კიდევ წინაა - "პუბლიკა" აკა მორჩილაძის წერილს აქვეყნებს
"ალეკო ჩემთან ერთადაა! თავს ნორმალურად გრძნობს" - ლევან იოსელიანი
კახა კალაძე - სპორტსმენების, ფეხბურთელების, მსახიობებისა და სხვადასხვა დარგის წარმომადგენლების მიმართ უდიდესი ბულინგი ხორციელდება - ფაშისტები არიან
ლევან ხაბეიშვილი - ვაჟა სირაძემ მითხრა, მარტო წამოხვალ კობახიძესთან სალაპარაკოდო? წავედი და შუა გზაში გადაიფიქრა
შსს - მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობრივი მოწოდებები
პრეზიდენტი - პროვოკაციის და დაძაბვის დრო არაა!
შსს - მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულია ორი პირი, ერთ-ერთი დაკავებული პირისგან ამოღებულია ცივი იარაღი
ნიკა გვარამია - უნდა შევიდეთ ან ჩამოვიდეს, კობახიძეს უნდა შევხვდეთ და დაველაპარაკოთ

ქართული პოლიტიკური ქაოსი - დილემა ევროპისთვის და შანსი

11.25.2022 | 11:14 ნახვები: 683

მსოფლიოს ბედი ევროპაში წყდებოდა მუდამ. რაც არ უნდა მომხდარიყო დედამიწის ნებისმიერ წერტილში, კრიზისი მხოლოდ მას შემდეგ თუ ხდებოდა გლობალური, როდესაც რყევათა ტალღა ევროპამდე მიაღწევდა და უსაფრთხოების არსებით რისკებს ქმნიდა.

ზუსტად ამგვარი ვითარებაა უკრაინის წინააღმდეგ პუტინის მართლა აღვირახსნილი და მხეცური (უფრო დაზუსტებით, მართლა პირუტყვული) აგრესიის შედეგად.

დიდხანს ითმინა ევროპამ! ჩვენდა სამწუხაროდ, 2008 წელს, საქართველოც კი “მოუთმინა” კრემლის ცხოველს.....ისეთი შთაბეჭდილება შექმნა, თითქოს დაიჯერა მისი დემაგოგია “მცირერიცხოვანი ოსი ხალხის წინააღმდეგ საქართველოს აგრესიის შესახებ”; სინამდვილეში უბრალოდ “გაუტარა; მაგრამ ის, რაც ახლა ხდება “მოსათმენი” კი არ არის, არამედ ისტორიული “სილის გამწვნელი” და მართლა საშიში: არაფერი ისე არ მოქმედებს ევროპელზე, როგორც მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვა, რასაც ახლა პუტინი სჩადის - უმოწყალოდ ბომბავს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მილიონობით ადამიანს ტოვებს ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე, საავადმყოფოებში ქირურგიული ოპერაციები ვერ ტარდება, ბავშვები იხოცებიან.....

მშვიდობიანი ცივილიზაცია მუდამ ექსტრაპოლირებს ანუ “საკუთარ თავზე იღებს” მოქმედი მტრის ნებისმიერ აქციას: ევროპული (!) ქალაქების დაბომბვა, ენერგიისა და სასმელი წყლის გარეშე დატოვება......ეს უკვე “წითელი ხაზია”, რომელიც ჯერ არ ნიშნავს ევროპული “ფარის” (NATO-ს) უშუალოდ ჩართვას ომში, მაგრამ ევროპა საბოლოოდ დარწმუნდა: თუ რუსეთი დარჩება ისეთი, როგორიც არის, მით უარეს, თუ პუტინმა გაიმარჯვა ამ ომში, შეცვალა უკრაინაში ხელისუფლება და თუნდაც მხოლოდ უკრაინას უკარნახა “დამარცხებულის პირობები”, მაშინ მსოფლიო წესრიგი აღუდგენლად დაინგრევა და აღსრულდება შპენგლერის წინასწარმეტყველება “ევროპის მზის ჩასვენების” შესახებ.

ამიტომაც, ახლა ჩვენ თვალს ვადევნებთ ახალი მსოფლიო წესრიგის დაბადებას, რომელშიც რუსეთი არ ჩანს! იქ მისი ადგილი არ არის. ყოველ შემთხვევაში ამ რეჟიმით (არა მხოლოდ “ამ ხელისუფლებით”, არამედ “ამ რეჟიმით” - მედვედევი პუტინზე უარესია) და ამ სახელმწიფო-დერჟავული კონცეპტით.

შესაბამისად, ის, რაც დღეს ხდება ევროპაში და მის განუყოფელ ნაწილში, უკრაინაში, ყველაზე მძლავრი გეოპოლიტიკური მიწისძვრაა ევროპაში (შესაბამისად მთელს მსოფლიოში) მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

ზოგს ჰგონია, რომ “გარდაუვალია “იალტა-3”. ეს არა მხოლოდ ანტიდასავლური ცილისწამება, არამედ მეტისმეტი გამარტივებაა: “იალტა-1” იყო სტალინის, რუზველტის და ჩერჩილის შეთანხმება ევროპის გაყოფის და გერმანიის სამომავლო ბედის შესახებ; “იალტა -2”-ით გადაწყდა პოსტსაბჭოური სივრცის ბედი, აღმოსავლეთ ევროპის გამოყოფა დერჟავადან, სამაგიეროდ კი, ბირთვული იარაღის კონცენტრირება მოსკოვის ხელში: უკრაინისა და ყაზახეთისათვის ამ იარაღის ჩამორთმევით.

სწორედ “იალტა-2”- ის შედეგია, რომ პუტინის რუსეთმა ორმოც მილიონიან უკრაინაზე თავდასხმა გაბედა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს სჩადის.

გვიახლოვდება არა “იალტა-3”, არამედ ახალი “ატლანტიკური ქარტია”, რომელიც რუზველტმა და ჩერჩილმა გააფორმეს ჯერ კიდევ პირველ იალტამდე! მასში რუსული რეჟიმის ადგილი აღარ იქნება ისევე, როგორც ნაცისტური გერმანიის ადგილი არ იყო და ვერც იქნებოდა “იალტებში”.

 

რაში ჩაიკარგა საქართველო?

 

წვრილმან ჭინჭყლსა და მეასეხარისხოვან თემათა “ბიჭ-ბუჭურ გარჩევებში”! ასევე (უკვე) ისტორიულ ლანდებად ქცეულ პერსონაჟთა დევნაში; ჯიბრში, კინკლაობაში, მიხდომ-მოხდომაში; სრულ იდეურ თუ ღირებულებით ქაოსში, როდესაც ევროპელები, ვინც ამ ქვეყანას არა მხოლოდ ინტერესით, არამედ საუკუნოვანი პროფესიული გამოცდილებით აკვირდება, განცვიფრებით იჩეჩს მხრებს: რა ღირებულებებისთვის იბრძვის ეს ხალხი? რა ერთობლივი ან თუნდაც კომპრომისული “პროექტი” თუ ხედვა გააჩნიათ ქვეყნის განვითარებისა? ხელისუფლება-ხელისუფლებად, მაგრამ ალტერნატივა ვინ არის? და არა მხოლოდ “ვინ არის”, არამედ “რა არის?”

ან/და ეს ქაოსური კონგლომერატი, მან რომც დაამარცხოს “ოცნება”, რას გააკეთებს სხვაგვარად, გარდა იმისა, რომ იდეური შეუთავსებლობის პირობებში თვით ევროპა აღმოჩნდება საქართველოს მიმართ კიდევ უფრო გაურკვეველ და უხერხულ მდგომარეობაში? სად არის გარანტია, რომ ის ქიმერული “კოალიცია” უმალვე არ გადაეშვება (ერთმანეთის ჯიბრით და ერთმანეთის ჯინაზე) ომსა და უბედურებაში? “ომში” ყველა-ყველას წინააღმდეგ?” სად იქნება აქ ევროპის ადგილი - ნუთუ მხოლოდ ყველაფერზე პასუხისმგებელთა სამარცხვინო ბოძთან? სადაც ისტორიულად იმათი ადგილია, ვინც ელემენტარული ვერ გათვალა, კატასტროფული შეცდომა დაუშვა და ასეთ ქვეყანასთან “ევროასოცირება” გააფორმა?

ქვეყანაში, რომელშიც ყველა ახალი ხელისუფლება წინას იჭერს და ყველა “რევოლუცია “არის საწყისი წერტილი შემდგომი რევოლუცია -გადატრიალებისთვის მზადებისა?

საქართველო პატარა ქვეყანაა და მშვიდობიანი განვითარებისთვის საყრდენი სჭირდება. ოღონდ ამ საყრდენს (ევროპას, დასავლეთს) ესაჭიროება იცოდეს, რას ეხმარება და ვის ეხმარება - რაში ხარჯავს რესურსებს, რას სურს მიაღწიოს?

სტაბილური დემოკრატია შექმნას თუ მორიგი “ბანანის რესპუბლიკის” ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი? უდიდესი ფული ჩადოს “ევრაზიულ ხიდში” და მერე აღმოჩნდეს, თურმე ამ ხიდს...... რუსეთისთვის აშენებდა? იმ რუსეთისთვის, რომლის ადგილს მომავალში ვეღარ ხედავდა?

 

პოლიტიკურ კარუსელზე

 

ქოცები-ნაცები-ფანჩატური-სამეული-ოთხეული-შვიდეული...... “ყოფილები”, “ახლები” “ძველ-ახლები”და “ახალ-ძველები”, გამძრომ/გამომძრომები, ცხრა მთავრობის მაისურები და ქვედაბოლოები, “მემარცხენე მემარჯვენეები” და “მემარჯვენე მემარცხენეები”, მედროვეები, უდროვეები, ფანატიკოსები, გიჟები, ყმები.....ესაა დღეს ქართული პოლიტიკური სპექტრი. თან როდის? (ვიმეორებ) საკაცობრიო ისტორიის III ათასწლეულის დასაწყისში, როდესაც ევროპა ახალი “ვესტფალისა” და “ვენისთვის” ემზადება, ანუ ახალი წესრიგის დასამყარებლად, რამაც დედამიწის მდგომარეობა და მომავალი უნდა განსაზღვროს ახალ ათასწლეულში.

იგივე ხდება მეორე მხარეს...... ანუ, სინამდვილეში, ე.წ. “მმართველი პარტია-ოცნება” იმავე კარუსელის ნაწილია: არა პროგრამა, არა ღირებულებები, არა ვექტორი, არა ორიენტაცია...არაფერი ძალაუფლების დაკარგვის შიშისა და ინტრიგების, მათ შორის შიდა ინტრიგების გარდა: არანაირი ხედვა, არანაირი პერსპექტივა, პერსონიფიცირებულ ქიმერაზე “ჩამოკიდება” და კლანებს შორის ფარული ომი გავლენებისთვის “სამეფო კარზე”.

ზოგადად, პოლიტიკური ძალის შეფასებისას ექსპერტებს აქვთ ერთი ურყევი და უტყუარი კრიტერიუმი: ამ “ლანდშაფტზე”, ასეთ “სპექტრში”, ვის აქვს ზრდის პოტენციალი? ანუ არა ის, თუ ვინ გამოირჩევა “აქ და ახლავე”, არამედ ვის აქვს რესურსი, რათა გაიზარდოს, გამოირჩეს, სხვათაგან განსხვავებული იყოს, ხედვა ჰქონდეს, ეს ხედვა ამომრჩეველს სწორი სახით მიაწოდოს, ანუ გასაგებად აქციოს ყველა სოციალური ფენის წარმომადგენლისთვის; მაშასადამე ჰქონდეს კონკრეტული სამომავლო პროგრამა: “რა”, “როდის” და, რაც მთავარია “როგორ”.

შესაბამისად, გააჩნია თუ არა რესურსი, რათა მიზიდულობის ცენტრად იქცეს და განსხვავებული რეალობა შექმნას, - როცა ქვეყანა ამ გაუჩერებელი კარუსელის ცქერისა და “ყელში ამოსული” პოლიტიკანების ნაცვლად, ახალ ძალაში იგრძნობს ყველაზე მნიშვნელოვან ღირსებას - “არსებითობას”!

სანამ საქართველოში “ძველის” ალტერნატივად აღიქმება “ყოფილი” - ეს ხელისუფლება არ შეიცვლება! ქართველ პოლიტიკოსთა და პოლიტიკურ ჯგუფთა აბსოლუტურ უმრავლესობას ამის გაგება კი არა, ამასთან შეგუება არ სურს! იმიტომ, რომ თვითონაც “ძველები” არიან და თუ “ყოფილებს” არ შეეწეპებიან, კუთვნილ ადგილს თავადაც დაკარგავენ: ურჩევნიათ იყონ ოპოზიციაში, რათა საერთოდ არ გაქრნენ იმ სიტუაციაში, როდესაც განახლების და განვითარების შანსი არა აქვთ.

და აქაც მარტივი მარკერი დაგვეხმარება: ვის ჰქონდა კონკრეტული, კოდიფიცირებული, პუნქტუალური, მკაფიოდ ჩამოყალიბებული პროგრამა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე? არა წყლის ნაყვა, არა დემაგოგია, არა პოპულიზმი, არა ცარიელი “მესიჯ-ბოქსი”, არამედ ნამდვილი “ხედვა” და ჩამოყალიბებული, “გაწერილი” პროგრამა?

ობიექტურობა მოითხოვს ვაღიაროთ: მხოლოდ მამუკა ხაზარაძეს - “მარშალის გეგმის” სახით, რაც დღეს განვითარდა ინიციატივაში ქართული სახელმწიფოს “ღერძულა საყრდენთა” მოსაძიებლად ფართო საზოგადოებრივი მსჯელობის შესახებ. არა აქვს მნიშვნელობა, არის თუ არა ეს იდეა “მესამე ძალის” შემოქმედი. მთავარია, რომ მას ახასიათებს ნამდვილი სიახლე და რეალური რისკით გაკეთილშობილებული გამბედაობა/პასუხისმგებლობა გახდეს პირველი. 

ავტორი: გიორგი ფალავანდიშვილი

ნეიშენ ჯორჯია

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა