სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - მოსამართლეები პოლიტიკური ზეწოლის მიმართ დაუცველები იყვნენ, როდესაც წყვეტდნენ საქმეებს, რომლებიც პოლიტიკურად მგრძნობიარე თემებს ან პირებს ეხებოდა
War update: 86 combat clashes in past day, 18 Ukrainian airstrikes targeting enemy forces
U.S. in contact with Ukraine on content of upcoming aid package - Pentagon
Next package of U.S. aid to be larger than usual - media
Air defense forces destroy all air targets attacking Kyiv overnight Tue
Russia attacks Kharkiv television infrastructure facility with Kh-59 missile
Ukraine’s top security official points to hypercentralization as Russia’s weakness
Ukraine's special operations forces destroy Russia's Giatsint-S gun on southern axis

ხაზარაძე და ორი ზვიგენის თეორია

11.09.2022 | 20:52 ნახვები: 666

საქართველოში მუდმივად საუბრობენ ორ თემაზე - ეროვნულ იდეოლოგიაზე და ოპოზიციის გაერთიანებაზე. 30 წელია არსებობს დამოუკიდებელი ქართული პოლიტიკა და ამ ორი საკითხის გადაწყვეტა ვერანაირად ვერ მოხერხდა. იცვლებიან პოლიტიკოსები, პარტიები და მათი ლიდერების სახელები, მაგრამ არანაირი წინსვლა არ ფიქსირდება.

რატომ, რაშია საქმე? რატომ გახდა ეს ორი, ერთი შეხედვით მარტივი და ბუნებრივი თემა ასეთი დაუძლეველი ციხე-სიმაგრე?

იმიტომ, რომ საკითხების ასე დაყენება  - საფუძველში არასწორია. ორივე ეს თეზისი - ღრმად პოსტსაბჭოურია და მეტყველებს ქვეყანაში დაბალ პოლიტიკურ კულტურაზე, მათ შორის თავად პარტიებს და ლიდერებს შორის.

პირველი საკითხია ეროვნული იდეოლოგია, რომლის გარეშეც საწყის ეტაპზე სახელმწიფოს აშენება შეუძლებელი თუ არა, ძალიან რთულია. ეს შემდეგ, როდესაც ეკონომიკა ამუშავდება და ქვეყანა მოწესრიგდება, შესაძლებელია ყოველგვარი მაღალი იდეების და ფასეულობების გარეშე არსებობა  - მაგალითად, როგორც ცხოვრობს ჰოლანდია, თავისი სიამოვნებისთვის.

მაგრამ გარდამავალი ეტაპი მოითხოვს საზოგადოებრივ კონსოლიდაციას,  ეს კი იდეის გარეშე შეუძლებელია.

ერთი შეხედვით, სწორი მიდგომაა - მოდით, ჩამოვაყალიბოთ ეროვნული იდეოლოგია, დასხდნენ ჭკვიანი ადამიანები და ჩამოწერონ რა გვინდა და რისთვის ვიბრძვით. მაგრამ ეს  - მხოლოდ ერთი შეხედვით.

სინამდვილეში, ეს თეზისი ღრმად საბჭოური ან პოსტსაბჭოურია.

თანამედროვე მსოფლიოში შეუძლებელია იდეოლოგიის „ჩამოყალიბება“, დაწერა, ან ხელოვნურად შექმნა. თუ ვინმეს წარმოუდგენია, რომ შეგროვდება ათი ჭკვიანი ადამიანი, იმსჯელებს ამ საკითხზე, დაწერს მრავალგვერდიან პროგრამას სახელად „რა გვინდა და სად მივდივართ?“ და ეს იქნება ეროვნული იდეოლოგია - ეს მცდარი აზრია.

იდეოლოგია მოდის ქვემოდან, ხალხის მასიდან და ხშირ შემთხვევაში ის სულაც არ არის კარგი და დადებითი - მაგალითად, 70-80-ან წლებში ჭეშმარიტი ქართული ეროვნული იდეოლოგია იყო „ქურდული გაგება“. ის არც არავის დაუწერია, არც ბრძენკაცთა საბჭოს უმსჯელია მასზე და არც ქაღალდზე დაწერილა. მაგრამ მისი ერთგული იყო მოსახლეობის 80%.

დღეს საქართველოში ეროვნული იდეოლოგია არ არსებობს არა იმიტომ, რომ ვერ მოიძებნა ვინმე, ვინც კარგად იცის წერა, არამედ იმიტომ რომ თავად ქართველ ხალხში არ არსებობს ძირითად საკითხებში ერთიანი აზრი. ასეთი ერთიანი აზრის ჩამოყალიბებას სჭირდება ხანგძლივი მენტალური ევოლუცია და არა ქაღალდზე დაბეჭდილი ფასეულობათა ჩამონათვალი.

შეგიძლიათ დაწეროთ უნაკლო კონცეფცია, სადაც ჩაიწერება „ეროვნული იდეოლოგიის“ ყველა პუნქტი, შეგიძლიათ შექმნათ „იდეალური ქართველის კოდექსი“, თუმცა, ეს არაფერს შეცვლის. ისევე როგორც თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ 100 სრულყოფილი პოლიტიკური და ეკონომიკური პროგრამა, მაგრამ როგორც კი შეუდგებით საქმეს, აღმოჩნდება რომ საჭიროა 101-ე.

მეორე საკითხი, რომელიც ასევე არ კარგავს აქტუალურობას ბოლო 30 წელი - არის „ოპოზიციის გაერთიანება“.

ესეც სრულიად მახინჯი, პოსტსაბჭოთა მოვლენაა - „მრავალპარტიულობა“ აქცენტით „მრავალზე“, და არა „პარტიულობაზე“.

30 წელია გვესმის ერთი და იგივე ტექსტები -„ოპოზიციური პარტიები უნდა გაერთიანდნენ“, „რაც მეტი იქნება პარტია - მით უკეთესი“, „უნდა ჩამოყალიბდეს კოალიცია“ და ა.შ.

შემდეგ ათობით პარტია დიდი ზარ-ზეიმით ერთიანდება, დადის ქუჩა-ქუჩა 20-30 ლიდერის თამადობით, ყოველკვირეულად გროვდება, დიდხანს ათანხმებს ქმედებათა გეგმას, ინაწილებს ცოცხალი დათვის ტყავს, ბოლოს კი ისევ იშლება.

შემდეგ ისევ მიდის გოდება „ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს“ და ბოდიალი ერთსა და  იგივე წრეზე თავიდან იწყება.

30 წელია რაც ამ აბსურდს ვუყურებთ და ვერ ვხდებით იმას, რასაც დიდი ხნის წინ მიხვდა ევროპა და ამერიკა - ბევრი პარტია - ისევე ცუდია, როგორც ცოტა.

ქართული ლოზუნგი „რაც მეტი იქნება პარტია - მით უკეთესი“ - არის ისტორიული შეცდომა. ბევრი პარტია ნიშნავს ქაოსს და არა დემოკრატიას, ქაოსი კი ყოველთვის შობს დიქტატურას.

ჩვენს ირგვლივ შექმნილ ვითარებაში ერთად-ერთი რეალური გამოსავალია არა დაწვრილება, არამედ გამსხვილება. „შუა უნდა გაიკრიფოს“ - დიახაც, შუა უნდა გაიკრიფოს. პარლამენტი სადაც 7 პარტიაა და არც ერთს არ გააჩნია უმრავლესობა - აუცილებლად დაიშლება და ამას ჩვენ გაცილებით განვითარებულ ქვეყნებშიც ვხედავთ, რომ არაფერი ვთქვათ საქართველოზე.

ყველაზე დემოკრატიულ და განვითარებულ ქვეყნებში ძალიან ცოტა პარტიაა - როგორც წესი, ორი ძირითადი მოთამაშე და მას დამატებული კიდევ სულ რამდენიმე (ერთიო ან ორი) ქმედითი, შედარებით მცირე პარტია, რომელიც შედის კოალიციაში ერთ-ერთ მსხვილ პარტიასთან.

შტატებში კი, მოგეხსენებათ, საერთოდ ორპარტიული სისტემაა, თუმცა, ამან ამერიკულ დემოკრატიას ვერაფერი დააკლო.

დიდ მმართველ პარტიას აჯობებს მხოლოდ ასეთივე დიდი ოპოზიციური პარტია. არავითარი ალიანსი, კოალიცია, „გაერთიანებული ოპოზიცია“ - მხოლოდ და მხოლოდ ერთი, მაქსიმუმ 2 ძლიერი ალტერნატივა.

მმართველი პარტია - ზვიგენია, რომელსაც დაამარცხებს მხოლოდ მეორე ზვიგენი და არა 20 კალმახი.

ამ დღეებში იდეოლოგიის ჩამოყალიბების და ოპოზიციის გაერთიანების იდეით გამოვიდა „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე.

ჩემი რჩევა იქნება - ნუ შეეცდებით 30-წლიანი მცდარი მარშრუტით კიდევ ერთხელ მოძრაობას - არავითარი გაერთიანება, არავითარი „შეთანხმება ოპოზიციურ ლიდერებს შორის“.

გსურთ შეცვალოთ ქვეყანაში არსებული სიტუაცია? მაშინ იმუშავეთ იმაზე, რომ გახდეთ მსხვილი, ძლიერი ოპოზიციური პარტია, ყოველგვარი წვრილ-წვრილი ერთკაციანი მოკავშირეების გარეშე.

იდეოლოგიურ კონტექსტში კი, აჩვენეთ ადამიანებს წარმატება, რომელსაც მერე უკვე თავად დაგიკვეთავენ. სხვათა შორის ეს აქცენტი მიმართვაში, მაგრამ არასაკმარისად.

დღეს ამისთვის საუკეთესო დროა - ქვეყნის უმსხვილეს ოპოზიციურ პარტიას თვითმკვლელობა აქვს გამოცხადებული.

გინდათ შეცვალოთ სიტუაცია, ბატონო მამუკა? მაშინ ნუ შეეცდებით კალმახების შემოერთებას  - გახდით ზვიგენი, რომელიც შეჭამს მეორე ზვიგენს.

სხვა არანაირი გზა არ არსებობს.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

"ვერსია"

ყველას ნახვა
ყველას ნახვა